”ვიტ ჯორჯიამ” პირველი სპარინგი სტუ-სთან მოიგო

AutoSharing Option
გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო მატჩი გამართა. ზურაბ ბერიძის გუნდმა "მცხეთა პარკზე" სტუ-ს უმასპინძლა და 5:2 დაამარცხა.

პირველი ტაიმი "ვიტ ჯორჯიამ" ბესიკ ჩიმაკაძის დუბლით 2:0 მოიგო. მეორე ნახევარში თავი ნიკა ჯოლოხავამ და შოთა დავლაშელიძემ გამოიჩინეს, რასაც სტუდენტებმა ორი გოლით უპასუხეს. ანგარიშს საბოლოო სახე გიორგი ვაშაკიძის მიერ 87-ე წუთზე გატანილმა გოლმა მისცა.

"ვიტ ჯორჯია" პირველ ტაიმში: ძაძამია, ხურცილავა, გოგიაშვილი, ადამაძე, ღანიაშვილი, ვასაძე, კასრაძე, ჯაყელი, ზაქრაძე, კორიფაძე, ჩიმაკაძე.
მეორე ტაიმში: რეჭია, გეთიაშვილი, კალანდია, ზაქრაძე, ჯავაშვილი, დავლაშელიძე, ჭრელაშვილი, ვაშაკიძე, ჯუღელი, ჯოლოხავა,
კუხალეიშვილი.

19 იანვარს "ვიტ ჯორჯია" "ზოოვეტს" უმასპინძლებს, 21 იანვრიდან კი "ბენდელას თასის" გათამაშებაში ჩაერთვება, სადაც მისი პირველი მეტოქეები გორის "დილა" და სოხუმის "აეტი" იქნებიან. ეს შეხვედრებიც მცხეთაში ჩატარდება.

ამის შემდეგ ვეტერინარები თურქულ შეკრებაზე გაემგზავრებიან, სადაც სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ. იქაური მეტოქეების ვინაობა ჯერ არ დადგენილა, თუმცა, როგორც შევიტყვეთ, ერთ-ერთი სავარაუდო სპარინგ-პარტნიორი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობაა.

* * *
გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა 22 წლის მეკარე ნიკა დაუშვილს. მისი დამატება ვეტერინარებს გასულ ზაფხულსაც სურდათ, მაგრამ მაშინ "სპარტაკმა" დაუშვილის დათმობა არ ისურვა, ამჯერად კი კლუბებმა შეთანხმებას დაუბრკოლებლად მიაღწიეს.

198 სანტიმეტრი სიმაღლის დაუშვილი თბილისის "ოლიმპიკის" აღზრდილია. მიმდინარე ჩემპიონატში იგი მუდმივად ხვდებოდა "სპარტაკის" 18-კაციან განაცხადში, თუმცა თამაშმა არ მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული