ფოთის ”კოლხეთი” - ყველასთვის ანგარიშგასაწევი

AutoSharing Option
"კოლხეთის" მიზანი თავიდანვე ნათელი და მკაფიოდ ჩამოყალიბებული იყო - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება. სეზონი ფოთელებმა მძლავრად დაიწყეს - რუსთავიდან და ზესტაფონიდან შინ თითო-თითო ქულა წაიღეს და არც ამის შემდეგ ყოფილან იოლად დასაძლევები, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში დაიდეს ბინა.

ამის მიუხედავად, "კოლხეთი" მაინც ინარჩუნებს არათუ უმაღლეს ლიგაში დარჩენის, არამედ უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსს.

შავიზღვისპირელებს მიზნის მიღწევის არცთუ ურიგო პერსპექტივა უმაღლესი ლიგის ოთხი უარესი და პირველი ლიგის ოთხი საუკეთესო კლუბისგან შემდგარ გათამაშებაშიც ექნებათ, თუმცა უნდა
ვივარაუდოთ, რომ "კოლხეთი" ზე-8-ში მოსახვედრად ბოლო ტურებამდე იბრძოლებს.

შანსი არსებობს
"კოლხეთის" სახით საქართველოს ჩემპიონატს ჰყავს მებრძოლი გუნდი, რომელიც იოლად არავის ნებდება. გადახედეთ სტატისტიკას - სეზონის პირველ ნახევარში ფოთელებმა მხოლოდ ორი მატჩი წააგეს დიდი ანგარიშით, სამაგიეროდ, თავადაც საკმაოდ ბევრი მეტოქე გაამწარეს და რამდენიმე სენსაციაც შემოგვთავაზეს.

კოლხებმა ყველაზე შთამბეჭდავად "მეტალურგთან" ითამაშეს, რომელსაც ფოთში 3:1 აჯობეს. ფოთელთა აქტივში უნდა ჩაიწეროს ზემოთ ნახსენები ორი საგარეო ფრე, ასევე თბილისში "დინამოსთან" მიღწეული 1:1 და უშუალო კონკურენტებთან მოპოვებული ქულები.

უიმედოდ "კოლხეთმა" მხოლოდ ორი მატჩი წააგო - შინ "დინამოსთან" 0:3, სტუმრად "ტორპედოსთან" 1:4.

მთავარი მწვრთნელის შეცვლის პროცესი უმტკივნეულოდ განხორციელდა - გამოცდილი სოსო ფილიას ადგილი მისმა ყოფილმა თანაშემწე დავით მახარაძემ დაიკავა. ამავე პერიოდში მოხდა გელა სანაიასთან დაკავშირებული გახმაურებული ამბავი, რომელიც ბევრად უფრო უსიამოვნო და მძიმე რამ იყო, ვიდრე, უბრალოდ, გაუგებრობა.

მეკარეები
"კოლხეთს" გამოკვეთილი პირველი ნომერი არ ჰყოლია - 27 წლის ლადო ნადირაშვილი და 28 წლის მინდია ბობღიაშვილი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და თანაბარი რაოდენობის მატჩებიც მოუგროვდათ. ბობღიაშვილი "სიონს" დაუბრუნდა და, თუ ძლიერი კონკურენტი არ მიუყვანეს, გუნდის ძირითად შემადგენლობაში ნადირაშვილი მყარად დამკვიდრდება

მცველები
"კოლხეთის" დაცვის უდავო ლიდერი 30 წლის ალექსანდრე ინწკირველი იყო, რომელიც გუნდის კაპიტანიც გახლდათ. მის გარდა, ძირითად შემადგენლობაში უმეტესად ხვდებოდნენ 28 წლის პავლე დათუნაიშვილი, 31 წლის ლევან შავგულიძე და 22 წლის პაატა ცხვიტარია.

ნახევარმცველები
ნახევარდაცვაში შედარებით დიდი კონკურენცია იყო, შუა ხაზისა და გუნდის უდავო ლიდერი კი 20 წლის ლაშა გვალიაა, რომელიც ბევრს მიაღწევს, ამ ტემპით თუ გააგრძელა პროგრესირება. "კოლხეთის" ნახევარდაცვაში უმეტესად ვხედავდით 28 წლის ლაშა ქებაძეს, 29 წლის ლევან მდივნიშვილს, 21 წლის გიორგი ლემონჯავას, 26 წლის ვაჟა ლომაშვილსა და 23 წლის გიორგი ცხადაიას.

თავდამსხმელები
"კოლხეთის" საუკეთესო ბომბარდირი 23 წლის დავით ციცხვაიაა, რომელმაც განსაკუთრებით შედეგიანად ბოლო ტურები ჩაატარა და თავი საინტერესო თავდამსხმელად დაგვამახსოვრა. ხშირად იგი ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის ფუნქციებს ასრულებდა, რასაც მაღალ დონეზე ახერხებდა. ფოთელთა სხვა თავდამსხმელები განსაკუთრებული შედეგიანობით ვერ გამოირჩეოდნენ.

კოლხეთის ყველა მატჩი პირველ ეტაპზე
I ტური მეტალურგი-კოლხეთი 0:0
II ტური ზესტაფონი-კოლხეთი 1:1
III ტური ბაია-კოლხეთი 2:0
IV ტური კოლხეთი-დილა 0:1
V ტური გაგრა-კოლხეთი 1:2
VI ტური კოლხეთი-დინამო 0:3
VII ტური სპარტაკი-კოლხეთი 1:1
VIII ტური კოლხეთი-მერანი 0:1
IX ტური ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:1
X ტური კოლხეთი-სიონი 2:1
XI ტური ტორპედო-კოლხეთი 4:1
XII ტური კოლხეთი-მეტალურგი 3:1
XIII ტური კოლხეთი-ზესტაფონი 0:2
XIV ტური კოლხეთი-ბაია 0:0
XVI ტური კოლხეთი-გაგრა 2:3
XVII ტური დინამო-კოლხეთი 1:1
XV ტური დილა-კოლხეთი 0:0
XVIII ტური კოლხეთი-სპარტაკი 1:0

მწვრთნელები: I-XIII ტურები - სოსო ფილია, XIV-XVIII ტურები - დავით მახარაძე
მეკარეები: ლადო ნადირაშვილი - 9, მინდია ბობღიაშვილი - 9;
მცველები: ალექსანდრე ინწკირველი - 17 (1), ლევან შავგულიძე - 17, პავლე დათუნაიშვილი - 14 (1), პაატა ცხვიტარია - 12 (3), გიორგი კილასონია - 8, ბორის გელაჭეიშვილი - 2;
ნახევარმცველები: ლაშა ქებაძე - 18 (1), ლაშა გვალია - 17 (1), ლევან მდივნიშვილი - 17, ვაჟა ლომაშვილი - 15, გიორგი ცხადაია - 14, გიორგი ლემონჯავა - 13, ომარ გოგონაია - 11 (1), დავით მეგრელიშვილი - 6 (1), ლევან თედიაშვილი - 3;
თავდამსხმელები: დავით ციცხვაია - 17 (5), მანუჩარ წიქარიშვილი - 12, ზამირ ჯანაშია - 9 (1), ლევან გულუა - 8, ირაკლი მოისწრაფიშვილი - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული