ესპანური სპორტული გამოცემა "მარკა" ონლაინ გამოკითხვას აწარმოებს, რომლის მიზანიც გულშემატკივართა ვერსიით "ფურია როხას" იდეალური სასტარტო 11-ეულის დადგენაა. "მარკა" მკითხველს 4-4-2 ტაქტიკური განლაგებით გუნდის შერჩევას სთავაზობს სამხრეთ აფრიკაში მყოფი 23 ფეხბურთელიდან. შედეგები არცთუ მოულოდნელია, რადგან ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის ბირთვის უკვე კარგა ხნის ჩამოყალიბებულია. გუშინდელი დღისთვის გამოკითხვაში მონაწილეობა 65 ათასამდე გულშემატკივარმა ინება.
მეკარეთა შორის იკერ კასილიასმა უკონკურენტოდ იმარჯვა, მან ხმების 85,3%-ით მოიგო. ასე რომ, "იდეალური ლა როხას" კარში "რეალის" კიპერი "ჩადგა". სხვათა შორის, ესპანეთის ნაკრების ახალწვეულმა ვიქტორ ვალდესმა მეორე ადგილისთვის ბრძოლა
7 მცველიდან, 3-ს რომ დაბევებული ჰქონდა ადგილი ძირითადში ისედაც ცხადი იყო, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ესპანეთის ნაკრების ყველაზე პოპულარული მცველი "ბარსელონას" ახალგაზრდა სტოპერი ჟერარდ პიკეა - 23,6%. შემდეგ მოდიან სერხიო რამოსი (23,2%) და კარლეს პუიოლი (22,6%). მარცხენა მცველის ვაკანტური პოზიცია მაინც ხოან კაპდევილამ შეავსო, რომელიც ნაკრებში ყველაზე სუსტ რგოლად ითვლება - 16,2%. სასტარტო შემადგენლობის მიღმა დარჩნენ: ალვარო არბელოა (8,6%), რაულ ალბიოლი (4,7%) და კარლოს მარჩენა (1,1%).
ესპანეთის ნაკრების საუკეთესო მხარე მისი შუახაზია, უმაღლესი დონის ნახევარმცველებით "დახუნძLლული". ამის მიუხედავად, გულშემატკივარმა იოლად გამოარჩია სამეული: ჩავი (24,6%), ანდრეს ინიესტა (23,7%) და ჩაბი ალონსო (19,7%) ფაქტობრივად უკონკურენციოდ არიან. ბოლო, მეოთხე ვაკანტური ადგილი მაინც სესკ ფაბრეგასმა (12,3%) შეავსო, რომელმაც 3 პროცენტით გაუსწრო მეხუთე ადგილზე გასულ სერხიო ბუსკეტსს (9,2%). გვაკვირვებს ხესუს ნავასის მცირე მონაგარი (7,9%), ის ხომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ესპანეთში, თუმცა გულშემატკივარი სიმპატიის მიუხედავად, ობიექტური დარჩა. ძალიან ცოტა ხმები მიიღეს: ხავი მარტინესმა (1,5%) და ხუან მატამ (1%).
"მარკამ" თავდამსხმელთა 2 ადგილზე ხუთი კანდიდატურა შესთავაზა, მათ შორის დავიდ სილვაც, რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ "სუფთა" ფორვარდია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, რომ "ფურია როხას" გულშემატკივრები დავიდ ვილიასა და ფერნანდო ტორესის წყვილს ულაპარაკოდ ამჯობინებენ. "ელ გუახემ" ხმების 46,9% მიიღო, "ელ ნინიომ" - 32%. სილვა მესამე ადგილზე დარჩა 15%-ით (რაც იდეალურ გუნდსმიღმა დარჩენილთა შორის ყველაზე მაღალი შედეგია). სხვები: პედრო (5%), ლორენტე (1,1%). არის შანსი, რომ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ სწორედ ეს გუნდი ვიხილოთ.
მაშ ასე, ესეც იდეალური "როხა": კასილიასი - ს. რამოსი, პიკე, პუიოლი, კაპდევილა - ფაბრეგასი, ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა - ვილია, ტორესი.