იმ ფაქტსაც უნდა შევეგუოთ, მეზობელ აზერბაიჯანში კლუბების უმრავლესობა, სულ მცირე, 5 მილიონ დოლარს რომ ხარჯავს კონკრეტულ სატრანსფერო პერიოდში და ამას გარდა, უცხოეთიდან ჩამოყვანილ ფეხბურთელს წლიურ ხელფასად ნახევარ მილიონ ევროს უნიშნავს - ბელგიელი ემილ მპენზას მაგალითზე ვსაუბრობთ,
...29 აგვისტოს საქართველოს ჩემპიონატის IV ტური ჩატარდა, ორ დღეში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩვენთან სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა. წესითა და რიგით, განსაკუთრებულ შიდა ტრანსფერს არც ველოდით, მაგრამ თურმე ვცდებოდით: ახალი სეზონის წინ წამყვანი ფეხბურთელებისგან ისედაც დაცლილი "ვიტ ჯორჯია" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა; თანაც, სიმართლე რომ ვთქვათ, ამ სავარაუდო ტრანსფერზე საუბარი ჯერ კიდევ თვე-თვენახევრის წინ დაიწყო, მაგრამ მაშინ არაფერი გამოვიდა;
აი, ახლა კი უკვე დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, "ვიტ ჯორჯიას" აწ უკვე ყოფილი ცენტრფორვარდი და ბოლო ორი წლის განმავლობაში გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვახტანგ კვარაცხელია ამიერიდან ქუთაისის "ტორპედოში" იასპარეზებს!
მას შემდეგ, რაც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად რამაზ მუმლაძე დაინიშნა, ბევრი ვარაუდობდა, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწვრთნელი თავის ახალ (და ამბიციურ) კლუბში ყოფილ შეგირდებს გადაიბირებდა. თუმცა, ახალი სეზონის დაწყებამდე "ტორპედოში" მხოლოდ ერთი ყოფილი "ვეტერინარი", ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი დათუნაიშვილი გამოჩნდა, აი, ვახტანგ კვარაცხელიას ტრანსფერი კი იმ დროს ვერ განხორციელდა. ანუ, 22 წლის თავდამხმელმა ახალი სეზონი, ჩვეულებრისამებრ, "ვიტ ჯორჯიაში" დაიწყო და აგვისტოში ჩატარებულ სამივე მატჩში მონაწილეობა მიიღო.
ეგ კი არა, სამი ტურის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირთა სიასაც ლიდერობს - ერთი გოლი "ბაიას" გაუტანა, "სამტრედიასთან" კი "დუბლი" შეასრულა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 29 აგვისტოს "სამტედიასთან" ჩატარებული უხვგოლიანი და თვალსასეირო მატჩი კვარაცხელიასათვის უკანასკნელი აღმოჩნდა "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში. რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ "ვეტერინარებს" სოლიდურზე მეტი რომ ჰქვია, ისეთი დანაკლისი ექნებათ და ფაქტობრივად, ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ წინა სეზონში ძირითადში მოასპარეზეთაგან გუნდში მხოლოდ 3 ფეხბურთელიღა დარჩა: დავით ლომაია, ჯაბა ლიპარტია, გიგა ბეჭვაია.
სხვათა შორის, კვარაცხელიას ტრანსფერამდე მცირე ხნით ადრე "ტორპედოში" კიდევ ერთი ყოფილი "ვეტერინარი" ჩაირიცხა - დავით დიღმელაშვილი. 30 წლის გამოცდილ ნახევარმცველს "ვიტ ჯორჯიაში" შვიდ სეზონ-ნახევარი აქვს გატარებული, შემდეგ სამი წელი თბილისის "დინამოში" თამაშობდა, თუმცა 2009 წლის მიწურულს კარიერის გაგრძელება ისრაელში გადაწყვიტა. სამწუხაროდ, დავით დიღმელაშვილს ისრაელში საქმეები ვერ აეწყო და გარკვეული დროის განმავლობაში უგუნდოდ იყო დარჩენილი. ახლა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვახტანგ კვარაცხელიასთან ერთად თავისი ყოფილი დამრიგებლის რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით იასპარეზებს.
სატრანსფერო ფანჯარის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ეროვნული ჩემპიონატიდან ორი ფეხბურთელი გადავიდა უცხოურ კლუბებში; უპირველესად, რაღა თქმა უნდა, გურამ კაშიას ჰოლანდიურ "ვიტესში" გადასვლა უნდა ავღნიშნოთ; ბოლო წლების თბილისის "დინამოსა" და საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშისთვის, ვფიქრობთ, ურიგო ვარიანტი არ უნდა იყოს. "ვიტესზე" მოკრძალებულ კლუბში გააგრძელებს კარიერას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მარჯვენა გარემარბი გიორგი ჭედია; თანაც, ჭედიას ახალი გუნდის (აზერბაიჯანული "თურანი") მთავარ მწვრთნელად რევაზ ძოძუაშვილი დაინიშნა...
დაბოლოს, პირველი ლიგის გათამაშებაზეც - აგვისტოს ბოლოს რომ აიღო სტარტი. ჯერჯეობით, მხოლოდ ერთი ტური ჩატარდა და, აქედან გამომდინარე, გუნდების შანსებზე საუბარი ნაადრევად მიგვაჩნია. სამაგიეროდ, სხვა, განსაკუთრებული "მოვლენის" აღნიშვნა გვინდა: პირველ ლიგაში უფრო მეტი ლეგიონერია, ვიდრე - უმაღლესში! აი, ეს კი მართლაც მოულოდნელობა იყო: უმაღლეს ლიგაში თუ მხოლოდ და მხოლოდ ხუთი ლეგიონერიღა დაგვრჩა (ედნილსონი, რობერტინიო, ჯუისი, ბოიომო, კლოვისი), პირველ ლიგაში ორით მეტია. "გაგრას" შემადგენლობაში ორი უკრაინელი (მიკოლა ნაკონეჩნი, ვლადიმირ ორდინსკი) და ერთი ნიგერიელი (აბაიომი ოვონიკოკო) ფეხბურთელია, მარტვილის "მერანს" ორი კოტდივუარელი მოთამაშე ჰყავს (ჟოელ იატრო, მუგინი ტაპე), ასევე ორი უცხოელით მოიწონებს თავს პირველი ლიგის დებიუტანტი, ბათუმის "ადელი": ფოფანა მორიტიე კოტდივუარელი გახლავთ, ხოლო 17 წლის იუსიფ ჰაადი განას წარმოადგენს.
რაც მთავარია, პირველად კარგახნიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში არც ერთი ლეგიონერი მწვრთნელია, სამაგიეროდ, პირველ ლიგაში აგრძელებს პროფესიულ საქმიანობას ყველასათვის კარგად ნაცნობი უკრაინელი სპეციალისტი ანატოლი პისკოვეცი - ამჯერადაც "გაგრას" თავკაცის რანგში...