საქართველოს ჩემპიონატი: ტური ისევ ამინდზეა დამოკიდებული

AutoSharing Option
დიდთოვლობამ უმაღლესი ლიგის განახლება რამდენიმე დღით გადადო და თუ უხვი ნალექი კიდევ არ მოვიდა, უკვე მოსაწყენი და მოსაბეზრებელი პაუზა კვირას, 19 თებერვალს დასრულდება. თოვლმა იძულებითი კორექტივები მხოლოდ თარიღებში კი არა, მატჩების ჩატარების ადგილებშიც შეიტანა.

უმაღლესი ლიგის მე-20 ტურამდე ორიოდე დღეა დარჩენილი, მაგრამ რაკი ამინდზე ვართ დამოკიდებული, ისღა დაგვრჩენია, ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ მხოლოდ მიახლოებითი სურათი შემოგთავაზოთ, უფრო დაზუსტებულ ინფორმაციას კი 18 თებერვლის "ლელოში" წაიკითხავთ. თუმცა თუ საქარველოში აღარ მოთოვა, დიდი ალბათობით, სადღეისო ვითარება უცვლელად დარჩება.

მაშ ასე, მივყვეთ თანმიმდევრობით და გადავხედოთ,
რომელი კლუბი როგორ ართმევს თავს საშინაო მატჩის ჩატარების არცთუ იოლ ამოცანას.

მეტალურგი-დინამო
აქ ყველაფერი მარტივადაა - "ფოლადის" ხელოვნურსაფარიანი მოედანი სრულადაა გადაწმენდილი და თუ აღარ მოთოვა, ტურის ცენტრალური მატჩი შეუფერხებლად ჩატარდება.

ბაია-დილა
ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზე თოვლი დევს და ამიტომ "ბაია" "დილას" საწვრთნელ ბაზაზე მიიღებს. იქ ხელოვნური საფარია, რომელიც ნალექისგან გაწმენდილია. 16 თებერვალს ზუგდიდში წვიმდა, რამაც თოვლის დიდი ნაწილი გაადნო.

"ბაია" საკუთარ ბაზაზე ოფიციალურ მატჩს პირველად არ ჩაატარებს. ზუგდიდელებმა მიმდინარე ჩემპიონატში იქ ორჯერ უკვე ითამაშეს.

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
"კოლხეთი", სავარაუდოდ, დიდი პაუზის შემდეგ პირველად ითამაშებს "ფაზისის" განახლებულ სტადიონზე, სადაც დღეისათვის ფეხბურთისთვის ხელისშემშლელი მდგომარეობა არაა.

სიონი-მერანი
ბოლნისში დედაქალაქთან და ბევრ სხვა რაიონთან შედარებით, უფრო მკაცრი კლიმატური პირობებია და "თ.სტეფანიას" მოედანზე მოყინული თოვლი დევს, რომლის გადაწმენდაც შეუძლებელია. 99-პროცენტიანი სიზუსტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ "სიონი" "მერანს" თბილისში, თემქაზე, "შატილის" სპორტკომპლექსის ხელოვნურსაფარიან მოედანზე უმასპინძლებს.

გაგრა-ზესტაფონი
თოვლი დევს 31-ე ქარხნის დასახლებაში მდებარე "მერანის" სტადიონზეც, რომელიც, როგორც იცით, "გაგრას" საშინაო არენაა. ამ შეხვედრის გამართვის სავარაუდო ადგილი ტექნიკური ცენტრი "ბასაა", ოღონდ არა ის მინდორი, სადაც მიმდინარე ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ჩატარდა, არამედ ახლად დაგებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი.

სპარტაკი-ტორპედო
"სპარტაკი" საშინაო არენის ძიებაში იყო და დროებით საფეხბურთო სკოლა "საბურთალო" "ბენდელას" სტადიონზე დაბინავდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "სპარტაკს" უკვე დართო ჩემპიონატის პირველ ეტაპზე დარჩენილი ორი საშინაო მატჩის იქ ჩატარების ნება. შესაბამისად, ცხინვალელები "ბენდელაზე" "ტორპედოსა" და "დილას" უმასპინძლებენ და გამორიცხული არაა, ამ არენაზე ამის შემდეგაც დარჩნენ.

* * *
ორიოდე სიტყვით 22 თებერვალს დანიშნულ მე-19 ტურსაც შევეხოთ. მოსალოდნელია, რომ მასპინძლებს საფიქრალი ამ დღისთვისაც ექნებათ.

ვიტ ჯორჯია-სპარტაკი - "მცხეთა პარკზე" მოყინული თოვლი დევს, თუმცა თუ არ მოთოვა, 22-ისთვის მოედანი შესაძლოა მზადყოფნაში იყოს;

ტორპედო-გაგრა
- თუ არ ითოვა, ქუთაისში ეს შეხვედრა უპრობლემოდ ჩატარდება;

დინამო-სიონი - თუ თოვლი კიდევ არ წამოვიდა, "დინამო-არენა" 22 თებერვლისთვის მწყობრში იქნება;

ზესტაფონი-ბაია - ზესტაფონში მოსულმა წვიმამ "დავით აბაშიძეზე" თოვლი, ფაქტობრივად, დაადნო;

დილა-მეტალურგი - "დილას" ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია, თუ სად ჩაატარებს საშინაო მატჩებს. თუ გორელებმა "მიხეილ მესხი" აირჩიეს და არ მოთოვა, 22-ში თამაში შეეძლებათ;

მერანი-კოლხეთი - მარტვილის სტადიონის თოვლისგან გაწმენდა ჯერ ვერ ხერხდება და "მერანს", შესაძლოა, სხვა არენის მოძებნა დასჭირდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სადაა ზუგდიდის ცეტრალური სტადიონი. დაანგრიეს
beqa078
03:08 18-02-2012
0
წე
beqa078
03:09 18-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული