02.03. ზესტაფონი. დ.აბაშიძე. 15:00 სთ
ზესტაფონი-სპარტაკი
იმედია, ზესტაფონში არ მოთოვა და 2 მარტს საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი გადადებული მატჩი გაიმართება - "ზესტაფონი" ცხინვალის "სპარტაკს" უმასპინძლებს და უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის ბოლო ტურის ჩასატარებლად ყველაფერი მზად იქნება.
სასწორზე კი 2 და 6 მარტსაც ბევრი რამ იდება - ზედა რვა გუნდში დასამკვიდრებლად რამდენიმე გუნდს შორის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და ამ პროცესის მიმართ გულგრილნი ვერც ჩემპიონობისა თუ საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლი კლუბები იქნებიან - ჩემპიონატის რეგლამენტის
"ზესტაფონის" წევრებმა ჯერ არ იციან, წაადგებათ თუ არა "სპარტაკთან" მოპოვებული სამი ქულა, ამიტომაც გამარჯვებისთვის ბრძოლა მართებთ. "სპარტაკის" მოტივაციას დიდი ახსნა არ სჭირდება. სტუმართათვის შეიძლება ფრეც კი არ იყოს სამყოფი და შესაბამისად, სენსაციის ავტორობას შეეცდებიან.
უნდა გავიხსენოთ ამ გუნდებს შორის პირველ წრეში ჩატარებული შეხვედრაც, რომელიც "მიხეილ მესხზე" გაიმართა და "ზესტაფონმა" შთამბეჭდავი თამაშითა და ანგარიშით, 5:1 მოიგო.
ამ მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ ორივე გუნდის მთავარ მწვრთნელს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.
გიორგი ჭიაბრიშვილი: ქულების დაკარგვას არ ვაპირებთ
- კლიმატური პირობები მატჩისთვის მზადებაში ხელს ხომ არ გიშლით?
- მთავარია, არ მოთოვოს და ეს შეხვედრა კიდევ არ გადაიდოს. სხვა მხრივ, ნორმალურად ვართ მომზადებულები და მორიგი გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.
- იმ ფეხბურთელთაგან, რომლებიც ბოლო მატჩში გაკლდათ, ვინმეს დაბრუნება ხომ არაა მოსალოდნელი?
- თემურ ღონღაძეს სიცხე ჰქონდა და უკვე გამოჯანმრთელდა. ჯაბა დვალიც გვიბრუნდება. იგი 90 წუთის სათამაშოდ უკვე მზადაა და ვნახოთ, რა პერიოდს გაატარებს მოედანზე.
- "სპარტაკთან" მატჩის გადადებამ "ზესტაფონის" გეგმებში სერიოზული კორექტივები შეიტანა?
- მატჩის გადადება ხელს იმ გუნდს აძლევს, რომელიც არცთუ კარგადაა მომზადებული, ჩვენ კი თითოეული გადადებული შეხვედრა რიტმიდან გვაგდებს. ესპანური შეკრების შემდეგ ინტენსიური თამაში გვჭირდებოდა, იძულებითმა შესვენებამ კი ნამდვილად არ გვარგო.
- დღევანდელ "სპარტაკს" როგორ დაახასიათებდით?
- საკმაოდ ძლიერი და საინტერესო გუნდია, რომელიც იოლად არაფერს დაგვითმობს. კარგად ვიცი, რომ "სპარტაკს" ქულები ჰაერივით სჭირდება და დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს, მაგრამ ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ქულების დაკარგვას არ ვაპირებთ.
- "დილამ" რვა საუკეთესოსკენ დიდი ნაბიჯი გადადგა, რაც "ზესტაფონს" საქმეს ურთულებს...
- "დილას" წარმატების შემთხვევაში სამი ქულა გვაკლდება, მაგრამ ეს საგანგაშო ამბად არ მიგვაჩნია. ზედა რვა გუნდში ყველაზე ღირსეულები უნდა მოხვდნენ და ჩვენ სწორედ მათთან ბრძოლაში უნდა დავამტკიცოთ, რომ ჩემპიონობის ღირსი ვართ. "დილასთან" შინ მწარე მარცხი ვიწვნიეთ, რისთვისაც გორში რევანში უკვე ავიღეთ, მაგრამ ამ გუნდის წინააღმდეგ კიდევ სიამოვნებით ვითამაშებთ.
ვლადიმერ ხაჩიძე: ფრეზე თამაშის უფლება აღარ გვაქვს
- რამდენიმე დღის ინტერვალით ზესტაფონში მეორედ ჩადიხართ...
- სამწუხაროდ, წინა მგზავრობა ფუჭი აღმოჩნდა და იმედია, ბუნება თამაშს ახლა მაინც დაგვაცდის. ყოველთვის არასასიამოვნოა, როცა მოულოდნელი დაბრკოლებების გამო მომზადება წყალში იყრება. რაც იყო, იყო, ზესტაფონს ოპტიმისტური განწყობით ვეწვევით. კარგად გვესმის, რომ საქმე ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, მაგრამ საკუთარი თავისაც გვეიმედება. ფრეზე თამაშის უფლება აღარ გვაქვს.
- ზედა რვა გუნდში დასამკვიდრებლად, შესაძლოა, ბოლო ორ მატჩში ქულათა მაქსიმუმის მოპოვება დაგჭირდეთ...
- ეს კარგად გვესმის და იმის მიუხედავად, რომ "ზესტაფონსა" და "დილასთან" უმძიმესი შეხვედრები გველის, წარმატების იმედს არ ვკარგავთ. ორივე შეხვედრაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ, მიზნის მისაღწევად კი, შესაძლოა, ოთხი ქულაც გვეყოს.
- თუ ამოცანა ვერ შეასრულეთ, ალბათ, პლეი აუტისთვისაც მზად ხართ...
- რა თქმა უნდა, მზად ვართ. ბუნებრივია, გვირჩევნია, უმაღლეს ლიგაში დარჩენა ახლავე დავიბევოთ, მაგრამ თუ ეს ვერ შევძელით, საუკეთესოთა შორის ადგილის შესანარჩუნებლად მეორე ეტაპზე მაქსიმუმს გავაკეთებთ.
- "სპარტაკის" მიერ ჩატარებული გასული ორი მატჩით კმაყოფილი ხართ?
- ორ მატჩში ოთხი ქულა მოვიპოვეთ - ამაზე მეტიც შეგვეძლო და ნაკლებიც. მთლიანობაში, ოპტიმალურ ფორმამდე ჯერ კიდევ ბევრი გვიკლია. სრულფასოვანი შეკრება ვერ გავიარეთ და ამის ანაზღაურება იოლი არ არის.
- ძირითად შემადგენლობაში ცვლილებებს ხომ არ გეგმავთ?
- მოკლე სათადარიგოთა სკამი გვაქვს, თუმცა გარკვეულ სიახლეებს მაინც არ გამოვრიცხავ როგორც შემადგენლობაში, ისე ტაქტიკაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"