უმაღლესი ლიგა: ისევ თოვლი და ისევ ცვლილებები

AutoSharing Option
გაზაფხული დადგა და თითქოს ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რომ დიდთოვლობას უმაღლესი ლიგის გრაფიკში კიდევ შეეტანა იძულებითი კორექტივები, მაგრამ, სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა - დასავლეთ საქართველოში კიდევ მოთოვა, რამაც ლიხს იქით დანიშნული მატჩების ჩატარება შეუძლებელი გახადა.

მოგეხსენებათ, 6 მარტს ჩემპიონატის პირველი ეტაპის ბოლო ტური უნდა გამართულიყო და ყველა კლუბი თანასწორ მდგომარეობაში რომ ყოფილიყო, ის შეხვედრებიც გადაიდო, რომლებიც ლიხს აქეთ უნდა გამართულიყო და მათ ჩატარებას ხელს ვერაფერი უშლიდა.

ზედა რვა გუნდში დარჩენილი სამი ვაკანსიისთვის ხომ ერთბაშად ხუთი კლუბი იბრძვის და აქედან გამომდინარე, ექვსიდან
ოთხი მატჩის შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

სამაგიეროდ, თავისი მნიშვნელობით საკონტროლო შეხვედრის სტატუსს უახლოვდება ორი მატჩი : "გაგრა"-"დინამო" და "მეტალურგი"-"სიონი".

მოკლედ, 5 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა კლუბებთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყვიტა, რომ 22-ე ტური ორი დღით გადაწიოს და მატჩები 8 მარტს ჩაატაროს.

ხუთშაბათს ერთმანეთს შეხვდებიან:
კოლხეთი-ტორპედო
ბაია-მერანი
სპარტაკი-დილა
მეტალურგი-სიონი
გაგრა-დინამო
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი

რაც შეეხება ჩემპიონატის მეორე ეტაპს, რომელიც 10-11 მარტს უნდა დაწყებულიყო, მისი სტარტი ორშაბათამდე, 12 მარტამდე გადაიწევს. დიდთოვლობამ 2012 წელს უკვე იმდენი შეხვედრა გადადო, რომ საშეჯიბრო კომიტეტს აღარ დარჩა იმის ფუფუნება, კალენდარული მატჩების დასანიშნად მხოლოდ შაბათ-კვირა გამოიყენოს - ამიერიდან თითოეული დღე უკვე ძალიან ძვირფასია.

მეორე ეტაპის კალენდარი 9 მარტისთვის გახდება ცნობილი, საქართველოს თასის ნახევარფინალის წილისყრის თარიღი კი უცვლელია - 7 მარტს, 12 საათზე.

შეფერხებებია პირველი ლიგის კალენდარშიც, თუმცა სავარაუდოდ, დიდი ხნით არც მისი პირველი ეტაპის დასრულება დაგვიანდება.

უმაღლესი ლიგის 22-ე ტურის წინათქმას 8 მარტის "ლელოში" გაეცნობით, აქ კი მოკლედ შევნიშნოთ, რომ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრისთვის მებრძოლთაგან მხოლოდ საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი "ბაია", "დილა" და "კოლხეთი" - თუ მოიგებენ, მიზანსაც მიაღწევენ, "ვიტ ჯორჯიასა" და "სპარტაკს" კი მხოლოდ გამარჯვება კი არა, კონკურენტთა წაფორხილებაც სჭორდებათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული