ზურაბ ბერიძე: მომეცი 3 ქულა, მოგცემ 6-ს - აი, ახალი სისტემის მთელი შინაარსი

AutoSharing Option
თუ დიდთოვლობამ ტური კიდევ არ გადადო, უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპი 8 მარტს დასრულდება. ამჯერად უმთავრეს ინტერესს არა ჩემპიონობისთვის მებრძოლთა, არამედ უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრის მოსურნეთა მატჩები იწვევს.

თუ ვის რა შედეგი აძლევს ხელს, ამას 8 მარტს, ტურის წინათქმაში გაეცნობით. ახლა კი რვა საუკეთესოს კანდიდატი რამდენიმე გუნდის მთავარი მწვრთნელის მცირე ინტერვიუს შემოგთავაზებთ. მათ ერთი და იგივე შეკითხვები დავუსვით.

- როგორ აფასებთ თქვენი გუნდის რვა საუკეთესოში მოხვედრის შანსებს?
გოჩა ტყებუჩავა (ბაია): ბიჭები საბრძოლოდ არიან განწყობილნი და იმის მიუხედავად, რომ
"მერანის" სახით სერიოზული მეტოქე გვყავს, მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ვისახავთ.

კარგია, რომ ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელთაა. "ბაიამ" დაიმსახურა რვა საუკეთესოში მოხვედრა და გვჯერა, ამისკენ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმასაც შევძლებთ.

ზურაბ ბერიძე (ვიტ ჯორჯია): იმის მიუხედავად, რომ საქართველოს ჩემპიონს ვხვდებით, მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

სამწუხაროდ, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული და იმედი მაქვს, პარალელურ მატჩებში სამართლიანი ბრძოლა გაიმართება. სამწუხაროდ, "ზესტაფონთან" დისკვალიფიკაციის გამო ჩვენი მთავარი ცენტრფორვარდი ბესიკ ჩიმაკაძე ვერ ითამაშებს, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ მას სრულფასოვნად შევცვლით.

ვლადიმერ ხაჩიძე (სპარტაკი): გუნდების გაყოფამდე დასკვნითი ტურია დარჩენილი და ეს მატჩი უნდა მოვიგოთ. ამავდროულად კი, ღმერთს შევთხოვოთ, რომ დარჩენილ შეხვედრებში ჩვენთვის სასურველი შედეგები დაფიქსირდეს.

ყველაფერს ვიღონებთ მეორე წრის დასკვნითი თამაშის მოსაგებად, თუმცა, ამას გარდა, ბედმაც უნდა გაგვიღიმოს.

- რამდენად კმაყოფილი ხართ 2012 წელს ჩატარებული ოფიციალური მატჩებით?
გოჩა ტყებუჩავა: კალენდარი ძალიან რთული გვქონდა - "დილას", "ზესტაფონსა" და "დინამოს" შევხვდით და მხოლოდ ერთი ქულა მოვიპოვეთ. მინიმუმ ერთი გამარჯვების მიღწევა მაინც შეგვეძლო, მაგრამ ეს ვერ შევძელით.

იოლი არც პირველი ეტაპის ბოლო შეხვედრა იქნება, მაგრამ უკანდასახევი გზა არ გვაქვს. ჩემი გუნდის თამაშის ხარისხი კი უკეთესი მომავლის იმედს მაძლევს.

ზურაბ ბერიძე: თუკი სხვა დროს ქუთაისში მიღწეული ფრე ჩვენს აქტივში ჩაეწერებოდა, ამგვარ სატურნირო სიტუაციაში ამას უკვე დანაკარგი შეგვიძლია ვუწოდოთ. მეტის მიღწევა შეგვეძლო "ტორპედოსთანაც" და სხვა მეტოქეებთანაც. თუნდაც ფოთში განცდილი მარცხი გავიხსენოთ, რაც, უპირველესად, ჩვენივე ბრალია.

ვლადიმერ ხაჩიძე: შეგვეძლო, რომ პირველი ეტაპის ბოლო მატჩს ქულათა უკეთესი მარაგით შევხვედროდით. თუმცა ისიც შესაძლებელი იყო, რომ ზედა რვა გუნდში მოხვედრის შანსი უკვე დაკარგული გვქონოდა.

ისე კი, როცა "სპარტაკი" გასული წლის სექტემბერში ჩავიბარე, იმდროინდელი შედეგების მიხედვით, მოწინავე რვა გუნდში მოხვედრაზე არც კი იყო საუბარი, კლუბის ხელმძღვანელობა ახალი გუნდის შენებაზე ფიქრობდა. თუმცა იმდენი შევძელით, რომ ბოლო ტურამდეც კი გვაქვს რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრის შანსი, რის გამოყენებისთვისაც დასკვნით მატჩშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

- როგორ აფასებთ ჩემპიონატის ახალ სისტემას?
გოჩა ტყებუჩავა: ვფიქრობ, კარგი სისტემაა, რადგან ყველა გუნდი მობილიზებულია და მოდუნების უფლება თითქმის არავის აქვს. ახალმა რეგლამენტმა ჩემპიონატი აშკარად უფრო დაძაბული და საინტერესო გახადა.

ზურაბ ბერიძე: მომეცი 3 ქულა, მოგცემ 6-ს - აი, ეს არის ახალი სისტემის მთელი შინაარსი. არა მგონია, ამ რეგლამენტს ვინმესთვის ხეირი მოჰქონდეს. ყოველ შემთხვევაში, წესიერ ხალხს ეს ხელს ნამდვილად არ უნდა აძლევდეს.

მწვრთნელები და ფეხბურთელები დღეს ვარჯიშსა და თამაშზე უფრო ნაკლებს ფიქრობენ, ვიდრე სისტემის თავისებურებაზე - დგანან და იმის გამოთვლას ცდილობენ, ვის რა შედეგი აძლევს ხელს, ვის მოგება ურჩევნია და ვის - წაგება.

ვლადიმერ ხაჩიძე: მოდით, მოკლედ ასე გიპასუხებთ - იმედია, მომდევნო სეზონში ეს სისტემა აღარ იქნება.

- როგორი იქნება თქვენი გუნდის მოტივაცია ზედა რვა გუნდში?
გოჩა ტყებუჩავა: ფაქტობრივად, ახალი გუნდი ჩამოვაყალიბეთ და ზედა რვა გუნდში თამაში ყოველმხრივ გვაძლევს ხელს - ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები ძლიერ მეტოქეებთან თამაშით გამოცდილებას შეიძენენ და ამავდროულად, ყოველგვარი ფსიქოლოგიური წნეხისგან თავისუფლები იქნებიან.

ზურაბ ბერიძე: "ვიტ ჯორჯია" ყველა შეხვედრაში გამარჯვებისთვის იბრძვის და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. ასე იქნება რვა საუკეთესოშიც.

ვლადიმერ ხაჩიძე: ეს იმას ნიშნავს, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენა გარანტირებული გვექნება და ახალი სეზონისთვის მზადებასა და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებას ახლავე შევუდგებით.

- თუ რვა საუკეთესოში ვერ მოხვდით, უმაღლეს ლიგაში დარჩენის რა შანსი გექნებათ?
გოჩა ტყებუჩავა: "ბაია" თავისი პოტენციალითა და დღევანდელი რესურსით აბსოლუტურად აკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს და ამას აუცილებლად დაამტკიცებს.

ზურაბ ბერიძე: მომავალი სეზონისთვის უფრო ძლიერი გუნდი უნდა გვყავდეს და უკეთესი იქნება, თუ თამაში საქართველოს საუკეთესო კლუბებთან მოგვიწევს, მაგრამ ასე თუ არ მოხდა, უმაღლეს ლიგაში მაინც დამაჯერებლად დავრჩებით.

ვლადიმერ ხაჩიძე: იმის მიუხედავად, რომ ხელწამოსაკრავი მეტოქეები არ გვეყოლება, უძლიერესთა შორის დარჩენის საკმაოდ კარგი შანსი გვექნება, "სპარტაკს" ამის ძალა ნამდვილად შესწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული