გაგრა-ბათუმი 2:0 - უიღბლობის დასასრული

AutoSharing Option
12.03. მერანი. 500 მაყურებელი
გაგრა-ბათუმი 2:0
1:0 ჯგერენაია (41), 2:0 ყურულაშვილი (90).
გამოუყენებელი პენალტი: ტყეშელაშვილი (68)

"გაგრა" 4-1-3-2 "ბათუმი" 4-3-3
ბეგაშვილი ალავიძე
ხუციძე ფარტენაძე
კალანდაძე კაჭკაჭიშვილი
ტყეშელაშვილი ხუხია
ჯგერენაია ქორიძე
ნ. ჯიშკარიანი თევდორაძე
ყურულაშვილი თოდაძე
ჭკუასელი ა.მუჯირი
სარდალიშვილი ცნობილაძე
ჯერემია ბერიძე
კვანტალიანი დიასამიძე

გაგრა
83. ნ. ჯიშკარიანი - ხოჯაშვილი
88. სარდალიშვილი - ყიფიანი
სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, ლ. სეთურიძე, კიკნაველიძე, ზვიადაძე

ბათუმი
46. ბერიძე - აბუსელიძე
46. თოდაძე - გოგიტიძე
58. ცნობილაძე - მაკარიანი
სათადარიგოები: მამინაშვილი, ცანავა, ნასუაშვილი, ზ. ლობჟანიძე,

არბიტრი:
დ. ხარიტონაშვილი
გაფრთხილება: დიასამიძე (66), ხუხია (69), ტყეშელაშვილი (80).

პლეი აუტის ორი ფავორიტის შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ მასპინძლები უპირატესობას მალე დაეუფლნენ და რამდენჯერმე მწვავედ შეუტიეს.

უმაღლესლიგელები უფრო თამამად გამოიყურებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ საშუალო ასაკით მეტოქეს არ აღემატებოდნენ.

საწყის წუთებში "გაგრამ" ორი მწვავე შეტევა განახორციელა, მაგრამ ჯონი ჯერემიასა და გიორგი ყურულაშვილის შეტევებს შედეგი არ მოჰყოლია - სტუმართა გამოცდილი მეკარე მიხეილ ალავიძე საიმედოდ თამაშობდა.

ბათუმელები კონტრშეტევებით ცდილობდნენ მასპინძელთა კარის აღებას, მაგრამ მეტოქის კართან მისვლა უჭირდათ. ყველაზე სახიფათო მომენტი 34-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილმა ნიკა დიასამიძემ არაზუსტად დაარტყა.

ანგარიში კი 41-ე წუთზე გაიხსნა: კარიდან დაახლოებით 30 მეტრში ბურთი გიორგი ჯგერენაიამ მიიღო და "ცხრიანში" ისე მოხდენილად დაარტყა, სტუმრებს ალავიძემაც ვერ უშველა.

ამასობაში თოვლმა იძალა და მეორე ტაიმის დაწყებამდე ხაზები სრულიად წაიშალა, თუმცა სტადიონის დირექციისა და მასპინძელთა ძალისხმევით ხაზები სწრაფად აღადგინეს.

მე-2 ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა, 68-ე წუთზე კი "გაგრას" სხვაობის გაზრდის რეალური შანსი ჰქონდა: საჯარიმოში შალვა კვანტალიანის წაქცევისთვის ბათუმელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ გიორგი ტყეშელაშვილის დარტყმული ბურთი ალავიძემ მოიგერია.

ამის მერე ბათუმელებიც გამოცოცხლდნენ და გარკვეული პერიოდი უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა შეტევის ბოლო ფაზაში სიზუსტე აკლდათ.

ბოლოს ისევ "გაგრამ" იძალა და სტუმართა კარი მეორედ აიღო: მეკარესთან პირისპირ გასულ კვანტალიანს ალავიძემ აჯობა, მაგრამ დაშავდა. ბათუმელთა მცველი მის წამოდგომას არ დაელოდა, თამაში სწრაფად გაანაახლა და ბურთი საკუთარ საჯარიმოსთან დაკარგა; გიორგი ყურულაშვილმა კი შანსი ხელიდან არ გაუშვა, ფაქტობრივად, ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა - "გაგრამ" პლეი აუტში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის შემდეგ
სოსო ნასუაშვილი (ბათუმი): "სულაც არ ვარ ბიჭებით უკმაყოფილო. წაგების მიუხედავად, გარკვეულ ეპიზოდებში ურიგოდ არ გამოვიყურებოდით. მარცხის მიუხედავად, ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და საამისოდ ყველაფერს ვიღონებთ".

ზვიად ჯელაძე ("გაგრა"): "აქამდე ბევრი შეხვედრა ისე წავაგეთ, რომ არ ვიმსახურებდით. ამ უიღბლობამ ბიჭებიც დაძაბა და მეც. საბედნიეროდ, დღეს უპირატესობის რეალიზაცია მოვახერხეთ. როგორც იქნა, გავიმარჯვეთ და შვებით ამოვისუნთქეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული