საქართველოს ჩემპიონატი: იმერული დერბი გადადების პირასაა

AutoSharing Option
16 მარტს საქართველოს ჩემპიონატის მორიგი ტურია, ტურის ცენტრალური მატჩი კი "ზესტაფონი"-"ტორპედოა". "იმერული დერბის" მნიშვნელობაზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს უაღრესად პრინციპული შეხვედრა გადადების საფრთხის წინაშეა.

მიზეზს ალბათ, ხვდებით - უმაღლესი ლიგის კალენდარში შეფერხება, შესაძლოა, კვლავ დიდთოვლობამ შეიტანოს.

შეგახსენებთ, გასულ ტურში ამავე მიზეზით "დინამო"-"დილა" და "ტორპედო"-"მერანი" ვერ ჩატარდა. ასე რომ, ქუთაისელებს ზედიზედ მეორე მატჩის გადადება ემუქრებათ, რაც, ცხადია, არც ერთი გუნდისთვის არ არის მისაღები.

თავის მხრივ, თამაშის გადადება ხელს არც ზესტაფონელებს აძლევთ, რომლებსაც საქართველოს თასის ნახევარფინალში
ორი შეხვედრა ელით და ამის გამო ისედაც მჭიდრო სათამაშო გრაფიკი კიდევ უფრო გაურთულდებათ.

ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" 17-18 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი დევს, რასაც ყინვა და ამინდის არასასიამოვნო პროგნოზი ემატება და "ზესტაფონის" პრესსამსახურის ინფორმაციით, მოედნის გადაწმენდის შემთხვევაში ბალახის საფარი მნიშვნელოვნად დაზიანდება. "ტორპედო" "ზესტაფონს" ამ საქმისთვის ტექნიკასა და მუშახელს სთავაზობს, მაგრამ საქართველოს ჩემპიონები მეზობელთა წინადადებაზე უარს სწორედ ზემოთ ნახსენები მიზეზის გამო ამბობენ.

ამგვარ შემთხვევებში ერთ-ერთი გამოსავალი მასპინძელი ქალაქის შეცვლაა (ამაზე შეთანხმდნენ "დინამო" და "მერანი"), მაგრამ "იმერულ დერბიში" ეს, ფაქტობრივად, გამორიცხულია - ქუთაისის სტადიონზეც თოვლი დევს და მატჩის გასამართად იქაც სტადიონის გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო, რაც, ბუნებრივია, საფარს ისევე დააზიანებს, როგორც ზესტაფონში. "ტორპედო" მასპინძლობის წინააღმდეგია და ახლა "ზესტაფონის" მოქმედებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილების მოლოდინშია.

შეიძლებოდა მატჩის სხვა ქალაქში გამართვაც, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ზესტაფონურ-ქუთაისური საფეხბურთო დაპირისპირება იმერეთში არ გაიმართოს? ამით ორივე კლუბის ქომაგები დაიჩაგრებიან და ამას ისევ თამაშის გადადება სჯობს.

"ლელოსთან" საუბარში "ტორპედოს" პოზიცია კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა ასე ჩამოაყალიბა:

"მატჩი აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ქუთაისში თამაში გამორიცხულია, მოედანზე 35 სანტიმეტრი სისქის თოვლი დევს. შეხვედრის მასპინძელი "ზესტაფონია" და თამაშიც მის მოედანზე უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციასთან აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენ, რა თქმა უნდა, მის გადაწყვეტილებას დავემორჩილებით".

გადაწყვეტილებას კი, სავარაუდოდ, 15 მარტს მიიღებენ და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მატჩი გადაიდება. როგორც შევიტყვეთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტი ამ შეხვედრას, ალბათ, 29 მარტს დანიშნავს, 1 აპრილს დანიშნული ტური კი მეორე დღეს გაიმართება.

"ზესტაფონიცა" და "ტორპედოც" თბილისში ვარჯიშობენ და საშეჯიბრო კომიტეტის ვერდიქტს დედაქალაქში დაელოდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული