სიონი-გურია 2:3 - მონატრებული სანახაობა

AutoSharing Option
ერთიმეორეზე ლამაზი გოლები, ემოციები, ეფექტური კომბინაციები, მძიმე შეცდომები, დაძაბული ბრძოლა და ემოციური დასასრული - აი, ასეთი გამოდგა 20 მარტს გამართული მატჩი ბოლნისში.

მსგავსი სანახაობა ხშირად რომ იმართებოდეს, საქართველოს ჩემპიონატის შეხვედრებზე უფრო მეტი მაყურებელი ივლიდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი სურათი იშვიათი გამონაკლისია.

"გურიას" ამ მატჩამდე პლეი აუტში ორი ფრე ჰქონდა ნათამაშები, "სიონმა" კი უამინდობის გამო მხოლოდ ერთხელ ითამაშა და შინ "ჩიხურას" სძლია. გამარჯვება ორივე გუნდს სჭირდებოდა და მასპინძლებმაც და სტუმრებმაც შეტევაში დიდი დრო გაატარეს, შეხვედრის შედეგი კი აბსოლუტურად კანონზომიერი იყო.

თუკი "სიონს"
ცნობილი და გამოცდილი ფეხბურთელები მრავლად ჰყავს, "გურია", ამასთან ერთად, კოლექტიური თამაშითაც გამოირჩეოდა. არადა, "სიონის" მსგავსად, ლანჩხუთელთა შემადგენლობაში ახალწვეულები აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენ. "გურიამ" თანამედროვე ფეხბურთი ითამაშა და კონტრშეტევები იდეალურად განახორციელა. ეს ელემენტი კი, დაგვეთანხმებით, სულაც არ არის გამუდმებულ შეტევებზე იოლად შესასრულებელი.

ისიც აღსანიშნავია, რომ ამ მატჩში თითქმის არ გვინახავს გაცუდებული საგოლე მომენტები - შემტევებმა მაღალ დონეზე იმოქმედეს. თავიდან მცირე უპირატესობას "სიონი" ფლობდა, თუმცა თამაში მალევე გათანაბრდა. პირველი ტაიმის მიწურულს, ორწუთიან ინტერვალში, ორი ეფექტური გოლი ვნახეთ - ჯერ "გურიას" კარში გიორგი ჭანკოტაძემ ჩაახვია მახვილი კუთხიდან, შემდეგ კი სტუმართა კაპიტანმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიგა კვერენჩხილაძემ არანაკლებ ოსტატური დარტყმით გააშეშა ბოლნისელთა მეკარე - 1:1.

მეორე ტაიმის დებიუტში "გურიას" სწრაფი კონტრიერიში გია თოდუას პასითა და კვერენჩხილაძის ზუსტი დარტყმით დამთავრდა, თუმცა "სიონმა" წონასწორობა მალე აღადგინა - ვილი ისიანის მოწოდებულ კუთხურს გამოცდილი რევაზ ქემოკლიძის თავური მოჰყვა.

სამიოდე წუთში შეცვლაზე შესული თამაზ ჩარგეიშვილის არცთუ სახიფათო დარტყმა "სიონის" კაპიტანმა დავით სვანიძემ უხერხულად მოიგერია და საკუთარ კარში გაიტანა, თუმცა მატჩის არბიტრმა ოქმში ჩარგეიშვილის გოლი დააფიქსირა და ჩვენც ასე დავწერეთ.

კიდევ სამ წუთში კი იმავე სვანიძეს მეტოქის მეორე მწვავე კონტრშეტევის ჩაშლა მეორე ყვითელ ბარათად დაუჯდა და "სიონის" შანსები მინიმუმამდე დაეცა.

მალე კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ამბავი მოხდა - მოედანზე როინ ონიანი გამოჩნდა. ვეტერანი მცველისთვის ეს ამნისტიის შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩია.

ბოლო წუთებში სტუმრებმა ინიციატივა შეგნებულად დათმეს, "სიონი" კი არცთუ სახიფათოდ უტევდა. ამის მიუხედავად, შეხვედრის ბოლო წამებში მოედანზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა - მასპინძელთა მიერ შესრულებული ჯარიმა მეკარემ მოიგერია. დამატებაზე გატანა ზვიად მეტრეველს მართებდა, მაგრამ "გურიას" კარის დარაჯმა ლევან ბუბუტეიშვილმა ჩინებული რეაქცია გამოამჟღავნა და ბურთს დაეუფლა.

ოთარ ხეცაძის საფინალო სასტვენიც იქვე გაისმა, სიონელები კი მას და თანამსაჯს მისცვივდნენ. თუმცა გამეორებაზე ნათლად გამოჩნდა, რომ მეკარემ ბურთი კარის ხაზზე დააფიქსირა და არა მის იქით. მასპინძლებს "გურიას" მეორე გოლისას თამაშგარეზეც ჰქონდათ ეჭვი, მაგრამ, სავარაუდოდ, მსაჯები არც ამ ეპიზოდში შემცდარან.

ბოლნისელ ქომაგთა ნაწილს მსაჯთა ბრიგადის ფიზიკური შეურაცხყოფის სურვილი გაუჩნდა, თუმცა, საბედნიეროდ, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური. პლეი აუტი (9-16 ადგილები)
20.03. ბოლნისი. თ. სტეფანია. 800 მაყურებელი
სიონი-გურია 2:3
1:0 ჭანკოტაძე (38), 1:1 კვერენჩხილაძე (40), 1:2 კვერენჩხილაძე (51, გ. თოდუას პასით), 2:2 ქემოკლიძე (64, ისიანის პასით), 2:3 ჩარგეიშვილი (67)

სიონი გურია
4-4-2 4-4-2
ბობღიაშვილი ბუბუტეიშვილი
ავსაჯანიშვილი ჩენსუ
სვანიძე ზ. ჩხეტიანი
ქემოკლიძე ბაქრაძე
ჩიკვილაძე ჯანგიძე
ჭანკოტაძე ტ. კუკულაძე
ნემსაძე მოსიაშვილი
დ. ბოლქვაძე მაისაშვილი
გველესიანი სამსეიშვილი
მეტრეველი კვერენჩხილაძე
უგულავა გ. თოდუა

მწვრთნელი მწვრთნელი
ხ. ქასრაშვილი გ. იმნაძე

სიონი
46. უგულავა - ისიანი
56. გველესიანი - ჯოჯუა
61. ნემსაძე - კაციტაძე
სათადარიგოები: ვ. ლობჟანიძე, კობაური, გ. ოქროპირიძე, ხურციძე

გურია
65. კვერენჩხილაძე - ჩარგეიშვილი
72. ჯანგიძე - რ. ონიანი
სათადარიგოები: გოგუაძე, ლაღაძე, რ. კუკულაძე, შეწირული, ფირცხალაიშვილი

გაფრთხილება: სვანიძე (27), ჩიკვილაძე (30), ჩენსუ (34), ნემსაძე (55), სვანიძე (70), ჯოჯუა (82), გ. თოდუა (90)
გაძევება: სვანიძე (70)

არბიტრი: ო. ხეცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული