სამტრედია-ტორპედო 1:0
1:0 კაკალაძე (74. დ. კირკიტაძის პასით)
სამტრედია ტორპედო
4-4-2 4-4-2
ძაგანია ქვილიათაია
კუპრეიშვილი ფოფხაძე
გოგია ფარულავა
თ. შალიკაშვილი ს. თოდუა
ბაკურაძე ჩიკვილაძე
ჩომახიძე დათუნაიშვილი
ქებაძე დიღმელაშვილი
ტყემალაძე თარხნიშვილი
პავლიაშვილი გ. ჩხეტიანი
კვერენჩხილაძე ზ. ხაჭიპერაძე
კაკალაძე კვარაცხელია
67. პავლიაშვილი - დ. კირკიტაძე
73. კუპრეიშვილი - ჩხიკვაძე
79. კვერენჩხილაძე - ბაკარანძე
სათადარიგოები: ჯინჭარაძე, ფურთუხია, ი. შალიკაშვილი, ნინუა
46. თარხნიშვილი - კვასხვაძე
63. გ. ჩხეტიანი - ლ. კირკიტაძე
79. ხაჭიპერაძე - ქემუხტაშვილი
სათადარიგოები: მიგინეიშვილი, მაჭავარიანი, გურული, გიგაური
გაფრთხილება: ხაჭიპერაძე (11)
არბიტრი: ლ. სილაგავა
სამტრედიამ ტორპედო ფსკერისკენ გაისტუმრა
გუშინდელმა მეტოქეებმა ჩემპიონატი განსხვავებული მიზნებით დაიწყეს.
ეგ არის, ქუთათურებს ქულით მეტი ჰქონდათ მოპოვებული რითაც გუშინდელ მეტოქეს ერთი საფეხურით ასწრებდნენ. იმერულ დერბიში ორივე გუნდი პირველი გამარჯვებას გეგმავდა. სამტრედიელები საკუთარი კედლებისა და ბრძოლისუნარიანობის იმედად იყვნენ, "ტორპედოს" კი თავისი ამბიციები უნდა დაემტკიცებინა.
წინასწარვე უნდა ითქვას, რომ მასპინძელთა მონდომებამ და გამარჯვებისკენ სწრაფვამ შედეგი გამოიღო და სამტრედიელებმა პირველი გამარჯვება ალალად მოიპოვეს. რაც შეეხება რამაზ მუმლაძის გუნდს - "ტორპედო" საოცრად სუსტად გამოიყურება და ლიდერებში ყოფნა კი არა ოთხი ტურის შემდეგ ჩემპიონატის უიმედო აუტსაიდერია. არადა, ქუთაისურ გუნდს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს და ალბათ, დროთა განმავლობაში რიონისპირელები უკეთაც ათამაშდებიან...
გუშინდელმა შეხვედრამ გულშემატკივრებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია და სტადიონი ბოლომდე გაივსო. სამტრედიაში მრავლად ჩამოვიდნენ ქუთაისელი ფანებიც, რომლებიც მთელი მატჩის განმავლობაში მხურვალედ ქომაგობდნენ საკუთარ გუნდს.
შეხვედრა "ტორპედოს" ტერიტორიული უპირატესობით კი დაიწყო, მაგრამ კარის მიმართულებით სამტრედიელები უფრო სახიფათოდ ურტყამდნენ. პირველად კვერენჩხილაძის სახიფათოდ გასროლილი ბურთი ასცდა მიზანს. ცოტა ხანში კი "სამტრედიაში" დაბრუნებულმა კაკალაძემ გაილაღა მარჯვენა ფლანგზე, რამდენიმე მეტოქეს გასცდა და კარშიც დაარტყა, მაგრამ ქვილითაია ბურთს ადგილზე დახვდა.
შემდეგ ეპიზოდში დიღმელაშვილმა დაჰკარგა ბურთი, პავლიაშვილმა მოძებნა ტყემალაძე, რომელმაც ერთი მცველი ჩამოიცილა და კარშიც დაარტყა - ამ ეპიზოდში სტუმრები გოლისგან ძელმა იხსნა. საპასუხო შეტევისას თარხნიშვილის დარტყმა ძაგანიამ მოიგერია, დამატებაზე კი ხაჭიპერაძე ცდილობდა გატანას, მაგრამ მასაც მეკარე გადაეღობა. ამ ეპიზოდმა ქუთათურებზე დადებითად იმოქმედა და ტაიმის ბოლომდე მასპინძელთა კართან კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა.
ქუთათურთაგან გუნდის ახალწვეული ვახტანგ კვარაცხელია აქტიურობდა, რომელმაც სამტრედიელებს, ჯერ კიდევ წინა ტურში, "ვიტ ჯორჯიას" მაისურით დუბლი შეუსრულა, ახლა კი როგორც ტორპედოელი ცდილობდა სანაიას შეგირდების დამწუხრებას. საამისო შანსი მას 30-ე წუთზე მიეცა - მასპინძელთა მცველები უხეშად შეცდნენ, საჯარიმოს ხაზთან ბურთი სტუმართა ფორვარდს მიუვიდა და ძლიერადაც დაარტყა - ბურთი მცველს შეეხო და რიკოშეტით ძელს ჩაუქროლა.
კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს ჩხეტიანმა თავური დარტყმა შეაგება და სამტრედიელები ისევ გადარჩნენ. 32-ე წუთზე სტუმართა კარში კინაღამ ავტოგოლი გავიდა - პავლიაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა, ბურთი ერთ-ერთ მცველს თავში მოხვდა და ქვილითაიას კარს მილიმეტრებით ასცდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩიკვილაძემ სახიფათო საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვა. ასეთი დისტანციიდან "დინამოს" შემადგენლობაში თენგიზს არაერთხელ გაუტანია, თუმცა ამჯერად მისი დარტყმა ხარიხას გადაევლო. ქუთაისელთა მორიგი შეტევისას შალიკაშვილმა კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი, თუმცა სამტრედიელები სასწაულებრივად გადარჩნენ...
ტაიმის შუაწელში მასპინძლებიც გამოფხიზლდნენ და მუმლაძის გუნდს სახიფათოდ შეუტიეს. სამტრედიელთა კუთხურის შემდეგ ქვილითაიას მოგერიებულ ბურთს ტყემალაძემ ეფექტური "მაკრატელა" დარტყმა მიაყოლა, თუმცა ქუთაისელთა კიპერი ადგილზე დახვდა ბურთს. საპასუხო შეტევისას ექსსამტრედიელ ხაჭიპერაძეს მიეცა ყოფილი გუნდის დამწუხრების საშუალება, დროულადაც დაარტყა, მაგრამ მეკარე ძაგანიამ რთული ბურთი მოიგერია.
რამდენიმე წუთში ხაჭიპერაძე-ძაგანიას დუელი კვლავ შედგა და გამარჯვებული ისევ მასპინძელთა მეკარე გამოვიდა. დიღმელაშვილის კუთხურის შემდეგ ხაჭიპერაძემ მიწაზე დაუშვებლად უძლიერესად დაარტყა ძაგანიამ აკრობატულ ნახტომსი იხსნა საკუთარი გუნდი. იქამდე იყო ეპიზოდი, როცა მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ. სამტრედიელები ამტკიცებდნენ, რომ კაკალაძის დარტყმისას დათუნაიშვილს ხელზე მოხვდა ბურთი, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა, რამაც ადგილობრივი ქომაგების განრისხება გამოიწვია...
მატჩის გარდამტეხი მომენტი - სანაია მოედანზე დავით კირკიტაძის უხმო. ქუთაისის საფეხბურთ სკოლა "იმედის" აღზრდილი აქტიურად ჩაერთო თამაშში, უმალ კაკალაძის პასი მიიღო და ქვილითაიასთან პირისპირ აღმოჩნდა - ეგ იყო მხოლოდ, საკმარისი სივრცე არ აღმოაჩნდა და მეკარემ დაასწრო...
74-ე წუთზე კი კირკიტაძემ კუთხურიდან ახლო ძელთან ჩაჰკიდა ბურთი, ქუთაისელ მცველებს ჩაეძინათ, კაკალაძე ჩაწოდებულს ოდნავ შეეხო და ისე, რომ ბურთს მიმართულება არ შეუცვლია, ქვილითაიას კარში აღმოჩნდა - 1:0.
ტორპედოელებს გასათანაბრებლად საკმაო დრო ჰქონდათ, მაგრამ ქუთაისური გუნდი უნიათოდ უტევდა. ერთადერთი - შეცვლაზე შესულ ქემუხტაშვილს შეეძლო, გუნდისთვის ქულა გადაერჩინა, მაგრამ საჯარიმოს მისადგომებიდან მის მიერ ძლიერად დარტყმული ბურთი ძაგანიამ მოიგერია. სამტრედიელებისთვის ეს პირველი გამარჯვება იყო, სტუმართა ლოჟაში მყოფ "ტორპედოს" პრეზიდენტ ლევან ფხაკაძესა და გუნდის სხვა ხელმძღვანელებს კი დანა პირს არ უხსნიდათ...