წარსულის დაბრუნება

AutoSharing Option
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ "კოლხეთი"-"დინამოს" დაპირისპირებები კვლავაც აღდგა! ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში ორი გამორჩეული გუნდის პაექრობები მუდად დიდ ინტერესს იწვევდა; თანაც, 90-იანი წლების ბოლომდე, ფაქტობრივად, მხოლოდ "კოლხეთი" იყო ის ერთადერთი გუნდი, "დინამოსთან" კატასტროფულად უარყოფითი ბალანსი რომ არ ჰქონდა. ეგ კი არა, იმ პერიოდში იშვიათობას წარმოადგენდა ისეთი შემთხვევა, როცა "დინამო" სეზონში ორივე მატჩს უგებდა თავის მართლაც უხერხულ მეტოქეს. თანაც, 2004 წლამდე "დინამომ" ანტირეკორდი სწორედ ფოთის "კოლხეთთან" მატჩში "დაამყარა": 1994 წლის 18 ივნისს 1:5 დამარცხდა. ანუ, 14 წლის განმავლობაში "დინამოს" ასეთი კატასტროფული ანგარიშით არც
ერთი მატჩი არ ჰქონდა წაგებული, ვიდრე "თბილისთან" 0:5 არ შერცხვებოდა...

კოლხეთი-დინამო

...საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველ მატჩში ერთმანეთს თბილისის "დინამო" (იმდროინდელი "იბერია") და ფოთის "კოლხეთი 1913" შეხვდნენ. საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ამდენი მაყურებელი მას მერე არასდროს გვინახავს: ეროვნული სტადიონზე 70000 კაცი მოვიდა!

ჯონი ჯანელიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე სტუმრებმა, ყველასათვის მოულოდნელად, გამარჯვება მოიპოვეს და სწორედ იქიდან მოყოლებული გადაიქცა კიდეც "კოლხეთი" "დინამოს" ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ.

...ორივე გუნდის შემადგენლობაში არაერთ ფეხბურთელს უასპარეზია, იცვლებოდნენ მწვრთნელებიც, ოღონდ, "კოლხეთის" თავკაცის სოსო ფილიას რეკორდს, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ მოხსნის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უმაღლეს ლიგაში ფილიაზე დიდ ხანს ერთსა და იმავე გუნდში არც ერთ მწვრთნელს არ უმუშავია; ანუ, ფილიას კონკურენტი "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების მიხედვითაც არ ეყოლება.

...ოთხწლიანი პაუზის მერე უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "კოლხეთმა" ჩინებული სტარტი აიღო; 3 ტური, ვითომ არაფერიო, მაგრამ, ისიც ხომ ფაქტია, რომ ამ ეტაპისათვის მხოლოდ ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი გვყავს - ფოთის "კოლხეთი"! ეგ კი არა, ბესიკ შეროზიას გუნდს სხვა არანაკლებ ჩინებული შედეგიც აქვს - საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია და ყოველივე ეს, უპირველეს ყოვლისა, "კოლხეთის" მეკარის გიზო შენგელიას დამსახურებაც არის. თუმცა, რამდენ ხანს გაგრძელდება "კოლხეთის" წაუგებელი და ამ გუნდის მეკარის "მშრალი" სერიები, ამას დრო გვიჩვენებს. მით უმეტეს, დღეს ხომ ფოთში "დინამო" ჩადის - კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატის სტარტზე სამი ურთულესი მატჩი უკვე "მოილია" და ახლა უკვე ქულების "აკრეფის" დროც დადგა;

ამ სანაკრებო პაუზამ გუნდს სერიოზული დანაკლისი მოუტანა (გურამ კაშია კარიერას ჰოლანდიურ "ვიტესში" გააგრძელებს), სამაგიეროდ, მატებაც არანაკლებ სოლიდურია - 12-წლიანი პაუზის მერე საქართველოს ჩემპიონატს დავით მუჯირი "უბრუნდება! საბოლოოდ გადაწყდა ირაკლი ლილუაშვილის საკითხიც - 25 წლის შემტევი ნახევარმცველი "დინამოში" სლოვაკური "ნიტრადან" გადმოვიდა და ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
"კოლხეთისა" და "დინამოს" ყველა დაპირისპირების სტატისტიკური მაჩვენებელი კი ასეთია: აქამდე ჩატარებული 41 შეხვედრაში 26 "დინამომ" მოიგო, 8 ფრედ დამთავრდა, 7 "კოლხეთმა" მოიგო (ბურთების სხვაობა 86-31).

ბაია-ზესტაფონი

ტურის კიდევ ერთი საინტერესო წყვილი: ჩემპიონატის წინ საკმაოდ გაძლიერებული და ამბიციამომატებული "ბაია" ამ გათამაშების ერთ-ერთ უპირველესი ფავორიტის "ზესტაფონის" წინააღმდეგ!

სეზონის სტარტზე "ბაიას" წაგება მართლაც მოულოდნელობად შევაფასეთ და მომდევნო ორმა შეხვედრამაც დაადასტურა, ელგუჯა ქომეთიანის გუნდს ამ სეზონში საკმაოდ სერიოზული მიზნები რომ უნდა ჰქონდეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთი შემადგენლობა უმაღლეს ლიგაში, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი-ორ გუნდს თუ ჰყავს.

თანაც, "ბაიაში" უაღრესად გამოცდილი ფეხბურთელების სოლიდურ ჯგუფთან (ალექსანდრე გოგობერიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, როინ ონიანი, კახა ჩხეტიანი, გიორგი მეგრელაძე, ლევან აკობია, გიორგი სომხიშვილი) ერთად პერსპექტიული ჭაბუკებიც (ნიკა კვეკვესკირი, ლუკა გუგუჩია, ირაკლი ეხვაია, ზვიად სიხარულია) "წინა პლანზე" არიან. ნუ დაგვავიწყდება ოთარ გაბელიას ფაქტორიც: საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ამ სეზონიდან ხომ მშობლიური გუნდის კონსულტანტად მუშაობს.

ჰოდა, გაბელია დღეს... თავის შეგირდებს დაუპირისპირდება: როინ კვასხვაძე, ბუბა დაუშვილი და გიორგი ხიდეშელი "ზესტაფონშიც" და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც ერთ-ერთი ლიდერები არიან: მოკლედ, სერიოზული პაექრობის მოლოდინი გვაქვს - გია გეგუჩაძის გუნდმა წინა ტურში ჩემპიონის დამარცხებით სატურნირო ცხრილში I Fადგილზე გადაინაცვლა და, ალბათ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეეცდება ამ პოზიციაზე დარჩენას. თანაც, "ბაია"-"ზესტაფონის" სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სტუმრების აშკარა უპირატესობასაც აღმოვაჩენთ: წინ ჩემპიონატში ოთხივე მატჩი მოიგეს...

ოლიმპი-სპარტაკი

ტურის ყველა შეხვედრა ერთი და იგივე დროს (16 საათზე) ტარდება, გარდა ამ მატჩისა; "დინამოს" მსგავსად, ეყობა, "ოლიმპის" ხელმძღვანელობასაც სურს, რომ პროჟექტორების შუქზე თამაშს ფეხბურთელები ახლავე მიაჩვიოს...

ერთი შეხედვით, ამ წყვილში ფავორიტის გამოცნობას ბევრი ფიქრი არ უნდა დასჭირდეს: ჩემპიონის სტატუსით მოასპარეზე "ოლიმპი" ამ გათამაშებაშიც ერთ-ერთ რეალურ ფავორიტად უნდა მივიჩნიოთ. შესაძლოა, ვინმემ "ოლიმპის" არცთუ შთამბეჭდავ სტარტზე გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ თემურ მახარაძის გუნდმა 3 ურთულესი მატჩი ("ტორპედოსთან", "დინამოსთან", "ზესტაფონთან") უკვე მოიშორა.

ეგაც რომ არ იყოს, დღევანდელის ჩათვლით, რუსთავულ გუნდს ზედიზედ 3 საშინაო შეხვედრა ელოდება და ქულათა მაქსიმუმის მოგროვების შემთხვევაში (რაც, რეალურად გვეჩვენება), დიდი შანსია 6 ტურის შემდეგ... ცხრილის სათავეშიც აღმოჩნდეს. აი, "სპარტაკს" კი ამ სეზონში ბევრად მოკრძალებული მიზნები აქვს - გოჩა ჩიქოვანის გუნდისთვის უმთავრესი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ჰოდა, აქედან გამომდინარე, ვეჭვობთ, რომ სტუმრებმა დღეს რაიმე სიურპრიზი შემოგვთავაზონ.
რაც შეეხება ამ მეტოქეთა შორის სტატისტიკას, იმას ვიტყვით, რომ წინა სეზონის ბოლო ტურში "სპარტაკმა" დიდი ანგარიშით (4:1) დაამარცხა უკვე ჩემპიონის რანგში მოასპარეზე "ოლიმპი".

თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ოლიმპი" ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობდა, მაგრამ მთავარი მაინც სხვა ფაქტორი იყო: ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში "სპარტაკმა" მხოლოდ IX ცდაზე შეძლო რუსთავული გუნდის დამარცხება. წინა სეზონის დანარჩენ სამ დაპირისპირებაზე კი ახალი რა უნდა ვთქვათ; უფრო ზუსტად, I და II წრის შეხვედრებზე: ბოლნისში და გორში ჩატარებულ მატჩებს სკანდალურიც ეთქმოდა და, ალბათ, უფრო მეტიც...

სიონი-ვიტ ჯორჯია

უცნაურზე უცნაური გუნდია "ვიტ ჯორჯია": ადრე თუ ყოველი ახალი სეზონის დაწყებისას "იცლებოდა" წამყვანი ფეხბურთელებისგან, შემდეგ ყოველი წრის მერე ხდებოდა გარკვეული ცვლილებები, ახლა კი, უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისასაც იგივე ხდება. რაღა შორს მივდივართ: ვახტანგ კვარაცხელიამ საწყის სამ ტურში მეტოქეთა კარში 3 გოლი გაიტანა და... "ტორპედოში" გადავიდა!
თუმცა ასეთი სოლიდური (თან, მერამდენე) დანაკლისის მიუხედავად, "ვიტ ჯორჯია" კვლავაც აგრძელებს საკუთარი საკლუბო "პოლიტიკის" პრინციპების დაცვას და ბევრი რომ აუტსაიდერობას უწინასწარმეტყველებდა, გუნდი... II ადგილზე იმყოფება!

თუმცა მერაბ კოჭლაშვილის გუნდს დღეს რთული გასვლითი შეხვედრა ელოდება: "სიონს" ჩემპიონატის ფავორიტთა შორის ნამდვილად არავინ მოიხსენებს, მაგრამ ბოლნისში რომ თამაში ნებისმიერი გუნდისათვის ძნელია, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება.
თანაც, მასპინძლები ყველანაირად შეეცდებიან დღეს მაქსიმალურ შედეგს მიაღწიონ: "ვიტ ჯორჯიას" მერე "სიონს" ერთი-მეორეზე ძნელი შეხვედრები ელოდება ("ბაიასთან", "ტორპედოსთან", "დინამოსთან", "ზესტაფონთან").

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მეტოქე "სიონმა" უკანასკნელად 3 წლის წინ დაამარცხა, თუმცა ამაზე დიდი ინტრიგა მაინც მასპინძელთა დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის... თავის ყოფილ კლუბთან დაპირისპირებაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყიფიანი-ფეხბურთელს საუკეთესო პერიოდი ხომ სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობისას ჰქონდა...

11 სექტემბერი, შაბათი

ოლიმპი-სპარტაკი 17:30 რუსთავი ცენტრ. სტ.
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ასისტენტები: მ. ელიკაშვილი, ზ. მენთეშაშვილი
მეოთხე მსაჯი: ჯ. ხორავა

ბაია-ზესტაფონი 16:00 ზუგდიდი ცენტრ. სტ.
არბიტრი: თ. გვანცელაძე
ასისტენტები: ზ. ფიფია, ი. უკლება
მეოთხე მსაჯი: გ. დოგრაშვილი

კოლხეთი ფ.-დინამო თბ. 16:00 ფოთი ცენტრ. სტ.
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ასისტენტები: გ. ჩიგოგიძე, ბ. ჭიჭინაძე
მეოთხე მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი

სიონი-ვიტ ჯორჯია 16:00 ბოლნისი ცენტრ. სტ.
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ასისტენტები: ლ. მიქელაძე, გ. ყრუაშვილი
მეოთხე მსაჯი: ლ. კვარაცხელია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული