ტორპედო-დინამო 1:1 - კლასიკური კლასიკო

AutoSharing Option
დიდთოვლობამ ჩაიარა და ქუთაისში ერთთვიანი პაუზის შემდეგ დიდი ფეხბურთი დაბრუნდა. თანაც, არც მეტი, არც ნაკლები ,თბილისის "დინამოსთან" მატჩით, რომელსაც იმერეთის ცენტრში ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესითა და მობილიზებით ხვდებიან.

ამ მხრივ, 50-ე საიუბილეო (საქართველოს ჩემპიონატში) ქართული კლასიკოც არ ყოფილა გამონაკლისი. ქუთაისური გუნდის ხელმძღვანელობამ მატჩისადმი გულშემატკივართა დიდი ინტერესი გაითვალისწინა და კლასიკოზე დასწრება უფასო გამოაცხადა.

ყოველივე ამას კარგი ამინდიც თან დაერთო და საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე 11 000-ამდე გულშემატკივარი მივიდა. შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა.

სუპერკლასიკოს არ აკლდა დაძაბულობა, ემოციები, ტემპი, ლამაზი ეპიზოდები და, რაც მთავარია,
გატანილი გოლები.

შეხვედრა "ტორპედომ" უფრო აქტიურად დაიწყო. განსაკუთრებით ქუთაისელთა მარცხენა ფრთა აქტიურობდა, სადაც ძალიან ნაყოფიერად ირჯებოდა გიორგი გურული.

აშკარა იყო, რომ გია გეგუჩაძეს სწრაფი გოლი ჰქონდა ჩაფიქრებული. ქუთათურები მიზანთანაც ახლოს იყვნენ. რევაზ გოცირიძეს პირველივე წუთზე შეეძლო სტუმრების დამწუხრება, მაგრამ მახვილი კუთხიდან ზუსტად ვერ დაარტყა. ცოტა ხანში კი დათა რიგვავას კარგი გადაცემით ნიკა საბანაძემ ვერ ისარგებლა.

თბილისელები გაცილებით ფრთხილად ირჯებოდნენ, თითქოსდა უფრო მეტოქის შეცდომებზე იყვნენ ჩასაფრებულნი, თუმცა ტორპედოელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი დაცვაში დიდი ყურადღებითა და თავდადებით თამაშობდნენ და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას არ აძლევდნენ.

მატჩის დებიუტშივე "დინამოს" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი დაუშავდა, რომელიც გიორგი დევდარიანმა ალვაროთი ჩაანაცვლა; თუმცა შემდეგ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და ესპანელი ნახევარმცველი 18 წუთში ჯაბა ჯიღაურით შეცვალა. როგორც დინამოელთა თავკაცმა მატჩის შემდეგ გვითხრა, ალვაროს მისთვის თავადვე უთხოვია შეცვლა.

პირველ ტაიმში ქუთაისელები აშკარად უკეთ გამოიყურებოდნენ და გოლსაც ნელ-ნელა "ამწიფებდნენ". მართალია, ერთ ეპიზოდში დავით დიღმელაშვილს არ გაუმართლა და თითქმის ცარიელ კარს ააცილა ბურთი, მაგრამ მასპინძელთა მონდომებამ შედეგი მაინც გამოიღო. ტაიმის მიწურულს გრიგოლ დოლიძის ჯარიმის შემდეგ მცველებიდან გამოვარდნილ ბურთთან პირველი რევაზ გოცირიძე გაჩნდა და გიორგი ლორიას შანსი არ დაუტოვა.

"დინამოს" შეხვედრის განახლებისთანავე შეეძლო გათანაბრება. გოგიტა გოგუა, რომელიც პირველ ტაიმშიც აქტიური იყო, მცველებს გაექცა და კარშიც ძლიერად დაარტყა, მაგრამ ომარ მიგინეიშვილმა იყოჩაღა და რთული ბურთი მოიგერია. დამატებაზე კი კოტომ ააცილა. საერთოდაც, მეორე ტაიმში თბილისური კლუბი გაცილებით აქტიურად გამოიყურებოდა და მწვავედაც უტევდა.

გოგუამ მარცხნიდან მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა, "მეორე სუნთქვა" გაეხსნა და ტორპედოელებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა. ამასობაში "დინამოს" აქტიურმა გულშემატკივრებმა თითქოსდა მათი გუნდის წარმატება იწინასწარმეტყველესო, ტრიბუნაზე პეტარდები დაანთეს და ანგარიშიც მალევე გათანაბრდა.

დინამოელებმა ჯარიმა გაითამაშეს. ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდების შემდეგ მცველებმა ბურთი ვერ გამოიტანეს და ის კარის წინ უყურადღებოდ დარჩენილ გულვერდ თომაშვილს მიუვიდა, რომელსაც ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია გატანა.

თბილისელთა გოლამდე გოცირიძემაც შეარხია სტუმართა კარის ბადე, მაგრამ არბიტრმა თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩაითვალა, რამაც ადგილობრივი გულშემატკივრების გაცეცხლება გამოიწვია.

გატანილმა გოლმა თბილისელებს ფრთები შეასხა. "დინამოელებმა" კიდევ ერთი უაღრესად სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა ჩისკოს სიზუსტე დააკლდა.

ფრეს არცერთი გუნდი არ ეგუებოდა და შეხვედრა ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. გეგუჩაძემ თამაშში იოსელიანი, ბოლქვაძე და ფირცხალავა ჩართო, რომლებმაც გუნდს ახალი ენერგია შესძინეს. განსაკუთრებით გივი იოსელიანის რეიდებია გამოსარჩევი. ერთ ეპიზოდში კი მის ჩაწოდებას ნიკა ფირცხალავას სახიფათო თავური დარტყმა მოჰყვა, რომელიც სულ ოდნავ ასცდა ლორიას კარს.

მატჩის მიწურულს კი "ტორპედო" თავად გადაურჩა გაშვებულ გოლს. თომაშვილის ჩაწოდების შემდეგ ჯიღაური ახლოდან თავით ურტყამდა და, ქუთაისელთა საბედნიეროდ, ბურთი პირდაპირ მიგინეიშვილისკენ წავიდა.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ "დინამოს" რიგებში უმაღლეს ლიგაში დებიუტი ჰქონდა ვახტანგ ფოცხვერიას, რომელიც გიორგი დევდარიანმა საპასუხისმგებლო და ემოციებით დატვირთულ ბოლო ათ წუთში ათამაშა და ახალგაზრდა ფეხბურთელს "ამინდი" ნამდვილად არ გაუფუჭებია.

საბოლოოდ, გუნდების დიდი მცდელობისა და აქტიურობის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა და ქართულ კლასიკოში საბრძოლო ფრე დაფიქსირდა.

25.03. ქუთაისი. ცენტრალური. 12000 მაყურებელი
ტორპედო-დინამო 1:1
1:0 გოცირიძე (42), 1:1 თომაშვილი (65)

ტორპედო დინამო
4-2-3-1 4-3-3
მიგინეიშვილი ლორია
რიგვავა ტვილდიანი
კვახაძე კვეკვესკირი
გამეზარდაშვილი თომაშვილი
გურული რეხვიაშვილი
გ.დათუნაიშვილი ხმალაძე
დიღმელაშვილი ძარია
დოლიძე მერებაშვილი
კუხიანიძე კოტო
საბანაძე ჩისკო
გოცირიძე გოგუა
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.გეგუჩაძე გ.დევდარიანი

ტორპედო
69. დოლიძე - იოსელიანი
71. კუხიანიძე - ვ.ბოლქვაძე
79. დიღმელაშვილი - ფირცხალავა

სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, დ.ჯანელიძე, ფანცულაია

დინამო
19. მერებაშვილი - ალვარო
37. ალვარო - ჯიღაური
82. კოტო - ფოცხვერია

სათადარიგოები: სეფიაშვილი, პაპავა, ანდრეუ, კოშკაძე

გაფრთხილება: რიგვავა (14), გოცირიძე (21), კოტო (29), დიღმელაშვილი (34), გურული (63)
არბიტრი: ლ.სილაგავა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ძალიან მომეწონა თამაში,ესეთი თამასები რომ იქნება მივა ხალხი სტადიონზე და უქომაგებს ქართულ ფეხბურთს,მე პირადად ზესტაფონის გულშემატკივარი ვარ და ძალიან მომუწონა შედეგიც,ტორბედო ძლიერი გუნდი გახდება უახლოეს მომავალში ასევე დინამოც,დღეს ზესტაფონი ყველაზე გამართულ და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს ,მწვრთნელიც შესანიშნავი ყავთ,მე უმედით უყურებ მომავალს,ნაკრებმა კი საერთოდ ვერ გაამართლა იმედები რაზეც გული მტკივა,ფედერაციაა შესაცვლელი და ისეთი უნდა მოვიდეს როგორიც ზესტაფონის თავკაცები არიან,რომელთაც მართლაც უყვართ და ტკივათ ქართული ფეხბურთი
vasiko basiladze
10:39 26-03-2012
0
კარგი თამაში იყო მართლაც,საინტერესო და დაძაბული, ყველაფერი თავის ადგილზე იყო მსაჯობის გარდა. კარგი ფეხბურთელია გოგუა, მაგრამ მსაჯს მისი რიდი და შიში არ უნდა ჰქონდეს, იმისათვის რაზეც ტორპედოელები „გააყვითლეს“ გოგუას მსაჯმა ვერ გაუბედა
გივი
11:19 26-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული