გასულ ტურში "ზესტაფონმა" უახლოესი მდევარი "მეტალურგი" დაამარცხა და ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა. თუ 29 მარტს ფეროელები ქუთაისის "ტორპედოსაც" აჯობებენ, საჩემპიონო ინტრიგა, ალბათ, დიდხანს აღარ გაგრძელდება.
"ლელო" "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს უკანასკნელად სეზონის განახლებამდე ესაუბრა და ამიტომაც გუნდის თამაშის მისეული შეფასება და სამომავლო ხედვა უინტერესო არ უნდა იყოს.
- "ზესტაფონის" ბოლოდროინდელი შედეგებით უკმაყოფილო არ უნდა იყოთ...
- უკმაყოფილების
მართალია, კვირაში ორჯერ თამაში ევროპისთვის ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იქ სულ სხვა გარემო და პირობებია. ასე რომ, საქართველოში კვირეული ციკლი სჯობია, რაც ამ ეტაპზე არ გამოდის და ამას უნდა შევეგუოთ.
- "დინამოსა" და "მეტალურგთან" ბრძოლებში ჯამში ოთხი ქულა მოიპოვეთ. მოკლედ შეაფასეთ ეს ორი მატჩი...
- "დინამოსთან" თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. უფრო მაღალ დონეზეც შეგვეძლო თამაში, მაგრამ ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ წინა პლანზე ემოცია და ბრძოლა წამოვიდა, გააზრებული მოქმედებების ადგილი კი ნაკლებად დარჩა.
მთლიანობაში საინტერესო შეხვედრა იყო, სადაც მოგებაც შეგვეძლო და წაგებაც. ჩვენ მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფრეს დავჯერდით, რამაც სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, წყალი ჩვენს წისქვილზე დაასხა.
"მეტალურგთან" მატჩისთვის "ზესტაფონმა" ძალების სრულად აღდგენა ვერ მოასწრო, თუმცა, ამის მიუხედავად, შევძელით და მატჩის დებიუტი მაღალ დონეზე ჩავატარეთ. რუსთაველებს ურიგოდ არ უთამაშიათ და ანგარიშიც გაგვითანაბრეს, მაგრამ საბოლოოდ დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
ჩემპიონატის სისტემის წყალობით მთავარ კონკურენტად "მეტალურგი" გვექცა და მისი დამარცხება ჰაერივით გვესაჭიროებოდა.
- მოასწრებს "ზესტაფონი" "ტორპედოსთან" მატჩისთვის ძალების აღდგენას?
- ეს პრობლემა ჩვენც გვექნება და მეტოქესაც, მაგრამ "ზესტაფონი"-"ტორპედო" ისეთი თამაშია, სადაც ორივე გუნდის ფეხბურთელები შეუძლებელს ახერხებენ ხოლმე.
- "ტორპედოს" დამარცხების შემთხვევაში "ზესტაფონი" ოქროს მედლებს კიდევ უფრო მიუახლოვდება...
- ასე იქნება, მაგრამ ჩემპიონები მხოლოდ მაშინ გავხდებით, როცა მდევრებს ჩვენი დაწევის თეორიული შანსიც აღარ დარჩებათ. კარგად გვესმის, რომ ბოლომდე კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, მცირე ჩავარდნის უფლებაც კი არ გვაქვს.
- კონკურენტებისგან უფრო მეტს ხომ არ ელოდით?
- მხოლოდ ტრანსფერებით ძლიერი გუნდი არ ყალიბდება, შედეგის მისაღწევად მწვრთნელს ნდობა და დრო სჭირდება. "დინამოსაც", "ტორპედოსაც" და "მეტალურგსაც" კვალიფიციური მწვრთნელები ჰყავთ და თუ მათ ეს დრო მიეცათ, აუცილებლად ჩამოაყალიბებენ სერიოზულ გუნდებს, რაც უპირველესად, საქართველოს ჩემპიონატის დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
თუმცა ამ სამი კლუბის სახით დღეისთვისაც საკმაოდ სერიოზული კონკურენტები გვყავს.
- ბოლო პერიოდში "ზესტაფონს", ფაქტობრივად, ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა...
- ეს ძალიან გვახარებს. ლუკა გუგუჩიამ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო, გიორგი ხიდეშელი უკვე ხვდება ძირითადი გუნდის განაცხადში, აბაიომი ოვონიკოკო და შოთა ბაბუნაშვილი კი დუბლშემადგენლობაში თამაშობენ. ახლად გამოჯანმრთელებული ფეხბურთელები ოპტიმალური ფორმისგან ჯერ შორს არიან და არ გვინდა, ისინი დავაჩქაროთ.
მოედანს ისინი ეტაპობრივად დაუბრუნდებიან. სულ ცოტა ხნის წინ ნახევარი გუნდი ლაზარეთში გვყავდა და მაინც ვახერხებდით შედეგიანად თამაშს. ახლა კი საჩქარო და გასარისკი მით უფრო აღარაფერი გვაქვს. გუნდში კონკურენციის გაზრდა კი ძალიან მახარებს. ამის გარეშე ევროპულ ასპარეზზე კონკურენტურიანი გუნდის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.
- გუნდის ახალწვეულების თამაშს როგორ შეაფასებთ?
- გუნდის დაკომპლექტების პროცესში შეცდომები ხშირად ხდება, მაგრამ უკვე დავრწმუნდით, რომ ამჯერად აბსოლუტურად სწორი სელექცია ვაწარმოეთ.
აქცენტი მომავალზე გავაკეთეთ, მაგრამ ახალწვეულთა ნაწილმა ჩვენი იმედების გამართლება მოსალოდნელზე ადრე დაიწყო. ასე მაგალითად, ლევან შარიქაძე და დავით რაჟამაშვილი ძირითად შემადგენლობაში ხშირად თამაშობენ, დავით მუჯირმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.
სიმართლე გითხრათ, ნაკლებად წარმოვიდგენდი, თუ იგი 90 წუთის თამაშს შეძლებდა. დღეს კი სულაც არ ჰგავს იმ ფეხბურთელს, რომელიც მოედანზე მხოლოდ მატჩის ბოლო წუთებში უნდა გაიყვანო.
- "ზესტაფონში" ისინჯება ნიგერიელი თავდამსხმელი ოვი შედრაკი. როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს?
- ჩემპიონატში ისეთი გრაფიკი გვაქვს, რომ ჯერ მასზე დაკვირვება ვერ მოვასწარი. როგორც კი მცირე პაუზა გამოჩნდება, ამხანაგურ მატჩებს დავნიშნავთ და მას იქ დავაკვირდებით. საჩქარო არაფერია, მას თავის გამოჩენის შანსი აუცილებლად მიეცემა.
- "ზესტაფონის" სადღეისო ფორმა თქვენთვის დამაკმაყოფილებელია?
- მეტიც შეგვიძლია, მაგრამ ჩემპიონატის მჭიდრო გრაფიკიდან გამომდინარე, ხარვეზები სავსებით ბუნებრივია. ამჟამად კი სეზონის ის მონაკვეთია, როცა "ზესტაფონის" თამაშს დიდი ემოციური ფონი გასდევს და წინა პლანზე შედეგია წამოწეული.
- ეყოფა "ზესტაფონს" ძალები საქართველოს თასისთვის საბრძოლველად?
- გვაქვს იმის რესურსიც და საკმარისად გრძელი სათადარიგოთა სკამიც, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლოთ. იმედია, სუპერთასის მატჩს არ გააუქმებენ და ამ ჯილდოს მოპოვების შანსიც მოგვეცემა. რაც შეეხება თასის გათამაშებას, იქ გამარჯვება იოლი ნამდვილად არ იქნება. ნახევარფინალში "მეტალურგის" სახით ძლიერი მეტოქე გვყავს; თანაც, განმეორებითი შეხვედრა სტუმრად, ხელოვნურსაფარიან მოედანზე გველის, რაც იოლი სულაც არ იქნება, მაგრამ ჩვენი ძალა იქაც უნდა დავამტკიცოთ.
- ხედავთ გუნდში იმ პოტენციალს, რომლის საშუალებითაც "ზესტაფონმა", შარშანდელთან შედარებით, ევროტურნირებზე მინიმუმ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წაიწიოს?
- რომ არ ვხედავდე, ჩემს მუშაობას აზრი არ ექნებოდა. "ზესტაფონს" შესწევს იმის ძალა, რომ ევროთასებზე ჯგუფურ ეტაპამდე მიაღწიოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"