დინამო-დილა 0:0 - გორელებს სამი ქულა ხარიხამ წაართვა

AutoSharing Option
29.03. თბილისი. დინამო არენა. 2000 მაყურებელი
დინამო-დილა 0:0

დინამო დილა
4-2-3-1 4-2-3-1
ლორია სკენდერი
ტვილდიანი ალადაშვილი
კვეკვესკირი სალუქვაძე
თომაშვილი ინწკირველი
გ.რეხვიაშვილი მეგრელიშვილი
ხმალაძე კაშია
ძარია ბეჭვაია
ჯიღაური გურული
კოშკაძე ხოჯავა
გოგუა კახელიშვილი
ჩისკო ვაწაძე

მწვრთნელები
გ.დევდარიანი თ.შალამბერიძე

დინამო
48. კოშკაძე - რობერტინიო
65. გოგუა - ოდიკაძე
68. ჯიღაური - პარუნაშვილი
სათადარიგოები: სეფიაშვილი, კოტო, პაპავა, ხიზანეიშვილი

დილა
54. ხოჯავა - ახალკაცი
68. კახელიშვილი - გოგინაშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, ნ.ნოზაძე, კანდელაკი, ბარაბაძე

გაფრთხილება: კახელიშვილი (41), კაშია (65), ტვილდიანი (72), სალუქვაძე (90)

არბიტრი: ლ.კვარაცხელია

სეზონის მეორე ეტაპზე "დინამო" დაუმარცხებელია, თუმცა გამარჯვება კვლავაც ენატრება - ზედიზედ მეოთხე
ფრე ითამაშა. გორის "დილამ" კი მეტოქეზე მეტი საგოლე მომენტი შექმნა და ალბათ უფრო გულნაკლულმა დატოვა "დინამო არენა".

თავიდანვე ფრთხილი თამაში წავიდა, განსაკუთრებული ჟინი არცერთ გუნდს ეტყობოდა. ნერვული პირველი წუთების შემდეგ ხან "დილა" აძლიერებდა ოდნავ ბურთზე კონტროლს, ხან კი - "დინამო".

მასპინძელთა ლიდერი გოგიტა გოგუა მარცხენა ფლანგიდან ემუქრებოდა "დილას". ერთი-ორჯერ კარგი გარღვევაც გამოუვიდა, თუმცა საქმე საგოლე მომენტამდე არ მისულა.

"დილა" პირველ ტაიმში ვარსკვლავებს ნამდვილად არ წყვეტდა. ახალი მწვრთნელის ხელში სხვანაირად თამაშობდა. თემურ შალამბერიძემ რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი გაამწესა სასტარტოში, მისი წინამორბედი ნაკლებად რომ ენდობოდა - შოთა კაშია და გიგა ბეჭვაია; რომან გოგინაშვილი და რომან ახალკაცი კი შეცვლაზე ათამაშა.

"დილამ" პირველ ტაიმში თავი იმით დაგვამახსოვრა, რომ ლაშა სალუქვაძემ კახა ალადაშვილის ჩაწოდებულზე თავით გაახვია ბურთი ბადეში, თუმცა მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს.

ტაიმის შუაწელიდან "დინამო" უფრო მეტხანს ფლობდა ბურთს. საგოლე შანსიც შექმნა - გოგუამ მარცხენა ფლანგზე იჩაუქა, კარის გასწვრივ გაგზავნა ბურთი და ირაკლი ძარიამ ვარდნაში არაზუსტად დაარტყა.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, გიორგი დევდარიანმა მოედანზე რობერტინიო რომ შეუშვა. ბრაზილიელმა "დინამოს" იერიშები უფრო ფხიანი გახადა, მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა "დილას" დაცვას, არაერთი კუთხურიც მოინაგრა, მაგრამ მისი აქტიურობა საგოლედ საკმარისი არ აღმოჩნდა.

მოედნის დატოვება მოუწია გოგუას. დევდარიანმა პრესკონფერენციაზე გვითხრა, გოგიტას ამ თამაშამდე ორი დღე სიცხე ჰქონდა და მინდორზე გასვლას თუ შეძლებდა, სათუო იყოო.

55-ე წუთზე "დილამ" გაანიავა შესაძლებლობა - გიორგი კახელიშვილი თითქმის პირისპირ დარჩა გიორგი ლორიასთან და მხოლოდ კუთხურს გამორჩა.

"დინამომ" ჩისკოს მიერ ოციოდე მეტრიდან დარტყმით უპასუხა მეტოქეს - ბურთი ოდნავ გადასცდა ხარიხას. იყო ისეთი ეპიზოდიც, როცა ჩისკო კართან ახლოს აღმოჩნდა და დარტყმა ერთ-ერთმა მცველმა დაუფარა.

სტუმრებს ერთხელაც მიეცათ ჩინებული შანსი - გადმოვარდნილი ბურთი "დინამოს" საჯარიმოში მყოფ ბეჭვაიას მიუვიდა, რომლის ძლიერი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

83-ე წუთი კი გარდამტეხი უნდა გამომდგარიყო, მაგრამ "დილას" ბოლო მომენტში იღბალმა უმუხთლა - მარჯვენა ფლანგიდან დაწყებული შეტევის შემდეგ ბურთი საპირისპირო ფლანგზე სანდრო გურულს მიუვიდა და "დინამო" ხარიხამ იხსნა.

"დილამ" კიდევ ერთი სახიფათო იერიში განახორციელა, რომელიც ბეჭვაიას არაზუსტი მაკრატელათი დასრულდა.

მატჩის შემდეგ
თემურ შალამბერიძე: "დინამო" ამ ეტაპზეც კარგი გუნდია და დევდარიანის ხელში დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია. რაც შეეხება ჩვენს გუნდს, თავიდან ვფრთხილობდით, მერე კი გამოჩნდა, რომ შეტევის საშუალება არსებობდა.

იმედია, შეტევაში მოვუმატებთ და გუნდის თამაშიც უფრო შემტევი გახდება".

გიორგი დევდარიანი: "დასანან ქულებს ვკარგავთ. არადა, ვცდილობთ, მაქსიმუმი გავიღოთ. გოგუა შევცვალეთ, გიორგი მერებაშვილი და ალვარო გვაკლდნენ, ჩისკომაც ტრავმა მიიღო... ფორვარდი აშკარად გვაკლია. დამამთავრებელ ფაზაში გვიჭირს. ეტყობა, მეც რაღაც დავაკელი გუნდს.

ბოლო დროს "დინამოში" ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოჩნდა და ეს იმაზე მიუთითებს, რომ კარგი თაობა მოდის; მაგრამ ამავე დროს ეს იმაზეც მიანიშნებს, რომ საკადრო პრობლემები გვაქვს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თამაშზე ვიყავი და ძალიან უსუსურად ითამაშა დინამომ ეზარებოდათ თამაში ეგეთი შთაბეჭდილება დამრჩა ისე მაყურებელი შეცდომით გიწერიათ როგორც ყოველთვის. 3000-3500 კაცი მინიმუმ იყო და სამწუხაროა რომ ძლივს დაიწყო ხალხმა სიარული და იმასაც აკლებთ
asata
11:38 30-03-2012
0
კარგად ვითამაშეთ ყოჩაღ ბიჭებს მოგებაც შეგვეძლო მაგრამ არაუშავს ისე მაყურებელი არასწორად გაქვთ 1200-ნი მარტო ჩვენ ვიყავით და ცალკე ხალხი მინიმუმ 2500 იყო დაახლოებით 3000 მაყურებელი იყო აქ მართალს წერენ ხოლმე რომ დინამოს სულ აკლებენ მაყურებელს დღეს ჩემითაც დავრწმუნდი.
gori
11:14 30-03-2012
0

სიახლეები პოპულარული