გურულს მკითხველის წინაშე ზედმეტი წარდგენა არ სჭირდება - გასული საუკუნის 80-90-იანი წლების ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი იყო. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ კი სამწვრთნელო და სამენეჯერო საქმიანობით იყო დაკავებული. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში იგი ფრანგი ალენ ჟირესის თანაშემწე იყო და სამწვრთნელო გამოცდილება საფრანგეთშიც დააგროვა.
"ბათუმის "დინამოში"
მას კლუბის მიზნებზეც ვკითხეთ:
"ბათუმის "დინამო" ისტორიული და ტრადიციული კლუბია. აქედან გამომდინარე, უმაღლეს ლიგაში უნდა თამაშობდეს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა იყოს.
ამ კლუბის მიმართ ყოველთვის მქონდა სიმპათიები და მოხარული ვარ, რომ "დინამოში" მუშაობის საშუალება მომეცა. კლუბის ხელმძღვანელობას ამბიციური გეგმები აქვს და შევეცდები, ამ მიზნების განხორციელებაში ჩემი წვლილი შევიტანო".
გურულის თქმით, მას მენეჯერობაზე მეტად ყოველთვის სამწვრთნელო საქმიანობა იზიდავდა და ახალ გამოწვევას დიდი ენთუზიაზმით შეეჭიდება. ამავდროულად, იმის მიუხედავად, რომ ფრანგული დიპლომები აქვს, თბილისში სამწვრთნელო კურსებზეც ივლის და ჯერ B, შემდეგ კი A ლიცენზიას დაეუფლება.
როგორც ბათუმელთა ახალმა თავკაცმა გვითხრა, ბოლო დროს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე ხშირად დადის და გარკვეულ პროგრესსაც ხედავს.
გურულმა ერთი საინტერესო ინფორმაციაც გაგვიმხილა - ბათუმის "დინამოს" უკრაინიდან ორი პოტენციური სპონსორი ჰყავს, რომელთა მოსაზიდადაც უმაღლეს ლიგაში გადასვლა აუცილებელი წინაპირობაა.
გურული ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრას 6 აპრილს მცხეთაში, "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"