დინამო-მეტალურგი 1:1 - კატასტროფულთან მიახლოებული შედეგი

AutoSharing Option
6.04. დინამო არენა. 1 500 მაყურებელი
დინამო-მეტალურგი 1:1
1:0 თომაშვილი (3), 1:1 გეწაძე (74)

დინამო მეტალურგი

ლორია ბედიაშვილი
ოდიკაძე ს. თოდუა
ხიზანეიშვილი მახვილაძე
თომაშვილი გავაშელიშვილი
რეხვიაშვილი ჯაფარიძე
კვეკვესკირი სეთურიძე
ძარია ქავთარაძე
ხმალაძე რაზმაძე
კოშკაძე გეწაძე
ჯიღაური ი. მაისურაძე
რობერტინიო სიხარულიძე

მწვრთნელი მწვრთნელი
გ. დევდარიანი კ. ჟორჟიკაშვილი

დინამო
51. კოშკაძე - გოგუა
71. ოდიკაძე - ტვილდიანი
80. ხმალაძე - იაგუე
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ანდრეუ, კოტო, ბ. მუმლაძე

მეტალურგი
63. სეთურიძე - ტატანაშვილი
76. გეწაძე - დობროვოლსკი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ხოხონიშვილი, ექვთიმიშვილი, მოდებაძე, ჭედია

გაფრთხილება: ბედიაშვილი (8), ოდიკაძე (31), ჯიღაური (38), რაზმაძე (50), ტატანაშვილი (67), კვეკვესკირი (69), თოდუა (72)

არბიტრი: გ. ვადაჭკორია

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე "დინამომ" მეექვსე მატჩი ჩაატარა და ზედიზედ მეექვსე ფრე ითამაშა - საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის ეს უკვე კატასტროფულთან მიახლოებული შედეგია.

გუშინვე ქუთაისში "ტორპედომ" ზუგდიდის "ბაიას" სძლია, "დინამოს" ქულებით გაუთანაბრდა და თუ 10 აპრილს მარტვილის "მერანთან" გადადებული შეხვედრაც მოიგო, დედაქალაქელებს სამი ქულით ჩამოიტოვებს. ამით კი "დინამოს" ევროპის ლიგაზე მოხვედრის პერსპექტივა საკმაოდ გაურთულდება.

ერთი სიტყვით, იმისდა მიუხედავად, რომ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდს მასპინძლობდა, გიორგი დევდარიანის გუნდისთვის "მეტალურგთან" მოპოვებული ქულა დიდი ვერაფერი მონაგარია.

თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ ტურის ცენტრალურმა მატჩმა მოლოდინი მაინცდამაინც ვერ გაამართლა და დიდი ვერაფერი სანახაობა ვიხილეთ. მართალია, ბურთები გავიდა, მაგრამ მეკარეებს უშეცდომოდ რომ ეთამაშათ, მატჩი უგოლოდ დასრულდებოდა.

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს ჰქონდა - "დინამოს" მრავალრიცხოვანი დაშავებულებიდან ყველაზე ხაზგასასმელი ჩისკოსა და გიორგი მერებაშვილის არყოფნა იყო, რუსთაველებს კი დისკვალიფიკაციის გამო ექსდინამოელები, გივი კვარაცხელია და გიორგი თექთურმანიძე აკლდათ.

სწრაფმა გოლმა თამაში შედარებით გამოაცოცხლა. მასპინძელთა მოწოდებულ კუთხურზე გრიგოლ ბედიაშვილი არადამაჯერებლად გამოვიდა, რითაც გულვერდ თომაშვილმა ისარგებლა და "დინამო" ახლო მანძილიდან გატანილი გოლით დააწინაურა.

თუკი მეორე ტაიმში მოვლენები მეტნაკლებად საინტერესოდ განვითარდა, შესვენებამდე უფერული ფეხბურთი ვიხილეთ. თამაში თანაბარი იყო, გასახსენებლად კი მხოლოდ ირაკლი მაისურაძის ძლიერი და ოდნავ არაზუსტი დარტყმა ღირს.

მეორე ტაიმის დასაწყისში დევდარიანმა თამაშში არცთუ ბოლომდე ჯანმრთელი გოგიტა გოგუა ჩართო, რომელმაც გუშინ "დინამოს" ლიდერობა ვერ შეძლო. სამაგიეროდ, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის თამაში აშკარად გამოაცოცხლა შეცვლაზე შესულმა დიმიტრი ტატანაშვილმა.

საერთოდაც, "მეტალურგი" უფრო მძლავრად ათამაშდა და მატჩის მეორე ნახევარში მასპინძლები აშკარად დაჯაბნა. სტუმართაგან მხოლოდ ტატანაშვილი არ გამოირჩეოდა - სხვა შემტევებმაც რიგიანად ითამაშეს. თუკი "დინამომ" წინა ხაზზე ღირებული საერთოდ ვერაფერი შექმნა, რუსთაველებმა ენერგიულად შეუტიეს და მასპინძელთა დაცვას გვარიანი თავსატეხიც გაუჩინეს.

64-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ლაშა ჯაფარიძის გადაცემა მიიღო და ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა, სამ წუთში კი ტატანაშვილი სოლორეიდით შეიჭრა საჯარიმოში და მასპინძელთა მცველთან ორთაბრძოლაში დაეცა - მეტალურგელები პენალტს ითხოვდნენ და როგორც ვიდეოგამეორებამ გვიჩვენა, მათ ამის საფუძველი ჰქონდათ კიდეც.

"მეტალურგის" მცდელობამ შედეგი მაინც მოიტანა - რევაზ გეწაძე მარჯვენა ფრთაზე მეურვეებს დაუსხლტა და საკმაოდ შორიდან დაარტყა.
გიორგი ლორიას ამ ბურთის მოგერიება მართებდა, მაგრამ რეაქცია დააგვიანა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

დარჩენილ წუთებში ნიშანდობლივი არაფერი მომხდარა. იმის მიუხედავად, რომ გამარჯვების შემთხვევაში "მეტალურგი" ლიდერ "ზესტაფონთან" ჩამორჩენას ერთ ქულამდე დაიყვანდა, მატჩის შედეგით კმაყოფილები სტუმრები დარჩნენ, დინამოელთა შორის კი ტრაგიკული განწყობა იყო.

მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი ("დინამო"): "მწვავე საკადრო პრობლემები გვაქვს და ყოველი მატჩის წინ რაღაც ახლის გამოგონება გვიწევს. ჩვენს არასახარბიელო მდგომარეობას გოგიტა გოგუას ტრავმაც დაემატა, რომლის შეცვლაზე შეყვანითაც ძალიან გავრისკეთ.

ვითამაშეთ იმ ტაქტიკით, რის საშუალებასაც არსებული რესურსი გვაძლევდა. თამაში კონტრშეტევებზე ავაგეთ, ცენტრფორვარდად კი სწრაფი რობერტინიო დავაყენეთ, რომელსაც მეტოქის მძიმე მცველებისთვის პრობლემები უნდა შეექმნა.

ძალიან კარგად ვიცი, რომ დღევანდელი დონის თამაში "დინამოს" არ შეეფერება, დიდი იმედი გვაქვს, რომ შედეგებს მალე გავაუმჯობესებთ".

კობა ჟორჟიკაშვილი ("მეტალურგი"): "თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. საკადრო პრობლემების გამო ძირითად შემადგენლობაში იძულებითი კორექტივების შეტანა დაგვჭირდა.

მადლობა ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც ხასიათი გამოავლინეს და მძიმე ბრძოლაში მეტოქეს ტოლი არ დაუდეს.

რაც შეეება არდანიშნულ თერთმეტმეტრიანს, ვფიქრობ, რომ წესების დარღვევა აშკარა იყო".

პლეი ოფის მეექვსე ტურის სხვა მატჩები
ზესტაფონი-დილა 2:3
გოლები: 0:1 ბეჭვაია (5), 0:2 ხოჯავა (21), 1:2 დვალი (29), 1:3 ვაწაძე (57), 2:3 დვალი (62)

ტორპედო-ბაია 2:1
(იხილეთ ვრცლად)

კოლხეთი-მერანი 4:1 (იხილეთ ვრცლად)

სატურნირო ცხრილი


Sportall.Ge

მომდევნო ტური
14 აპრილი, შაბათი
მეტალურგი-კოლხეთი
ბაია-დინამო
დილა-ტორპედო
მერანი-ზესტაფონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული