მერცხალი-გურია 0:2 - გურულ დერბიში მეგობრობა არ იციან

AutoSharing Option
06.04.2012. ოზურგეთი. მეგობრობა. 3000 მაყურებელი
მერცხალი-გურია 0:2
0:1 ჯანგიძე (22. ტ. კუკულაძის პასით), 0:2 კვერენჩხილაძე (44. ტ. კუკულაძის პასით)

მერცხალი გურია
4-4-2 4-2-3-1
გოგუა ბუბუტეიშვილი
ს. ვ. ჩიგოგიძე ჩუენსუ
ქობულაძე რ. ონიანი
ზ. ვარდუაშვილი ბაქრაძე
ზ. ტუღუში ჯანგიძე
ბაჯელიძე მოსიაშვილი
ხურციძე მაისაშვილი
თ. ვარდუაშვილი გ. თოდუა
ლორია ჩარგეიშვილი
ს. გ. ჩიგოგიძე ტ. კუკულაძე
ტყეშელაშვილი კვერენჩხილაძე
მწვრთნელი მწვრთნელი
ხ. ჩხატარაშვილი გ. იმნაძე

მერცხალი
46. გოგუა - ოდიშარია
46. ქობულაძე - ტაკიძე
46. ტყეშელაშვილი - ათუაშვილი
სათადარიგოები: ვაშაკიძე, კალანდაძე, ჩხატარაშვილი

გურია
72. კვერენჩხილაძე - ალავერდაშვილი
79. თოდუა - რ. კუკულაძე
85. ტ. კუკულაძე - შეწირული
სათადარიგოები: გოგუაძე,
ჩხეტიანი, ლაღაძე, კილაძე

გაფრთხილება: ტაკიძე (64), ალავერდაშვილი (82)

არბიტრი: მ. ბეუქლიშვილი (ყვარელი)

წლევანდელი სეზონის პირველ დერბის გურული კლუბები სხვადასხვა განწყობით შეხვდნენ - "გურია" მოწინავე ოთხეულში მოსახვედრად იბრძვის, "მერცხალს" კი იგივე შანსი, ფაქტობრივად, აღარ აქვს.

თუმცა გურული დერბები მუდამ გამოირჩევა დაუნდობლობით და ამის დასტურად მხოლოდ იმ ფრაზის გახსენებაც კმარა, რასაც ათწლეულების მანძილზე ეს კლუბები "მთავარ მიზნად" ისახავდნენ: ლანჩხუთში გეგმავდნენ, ბოლოსწინა ადგილზე გავიდეთ და გავვარდეთ, ოღონდ "მერცხალი" გავიდეს ბოლოზეო და ოზურგეთში პირიქით ფიქრობდნენ.

მართალია, "გურიას" თანაკუთხელზე ბევრად უკეთესი მაჩვენებელი აქვს, მათ შორის დერბებშიც (მას ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს, ეროვნულ პირველობებზე გამართული 17 დერბიდან კი 10 "გურიამ" მოიგო და მხოლოდ 2 "მერცხალმა", ამ უკანასკნელს 10 წელია არ მოუგია) და მეტოქეს ისიც არ ინდობს, მაგრამ ერთხელ ოზურგეთელებმა "გურიას" ყველაზე მნიშვნელოვანი დერბი მოუგეს, რითაც ლანჩხუთელებს, ფაქტობრივად, ჩემპიონობა დააკარგვინეს.

ყოველივეს გათვალისწინებით, არავინ მოელოდა, რომ ლანჩხუთელებს რეგიონის მთავარ ქალაქში იოლი გასეირნება ელოდა. თუმცა სტუმრებს მოგება ნამდვილად არ გასჭირვებიათ. არა იმიტომ, რომ თანაკუთხელებმა რაიმე დაუთმეს - უბრალოდ, "გურიამ" მასპინძელი პირწმინდად დაჩაგრა.

მატჩი ლანჩხუთელთა უპირატესობით დაიწყო. აშკარა იყო, გიგლა იმნაძე სწრაფ გოლზე აკეთებდა აქცენტს. გაუმართლა კიდეც. მართალია საწყის წუთებში მასპინძელთა გამოცდილმა მეკარემ რამდენიმე მომენტი გააუვნებელყო, მაგრამ ტაიმის შუაში გია გოგუამ ვერაფერი გაახერხა ტარიელ კუკულაძის მიერ კუთხურიდან შორეულ ძელთან მოწოდებულ ბურთს, სადაც კუთხე კარგად ჩაკეტა ლაშა ჯანგიძემ და თავური დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0. სხვათა შორის, ეს გურულთა მცველის მეორე გოლია პლეი-აუტში.

ნაადრევმა გოლმა მატჩს დაძაბული ფონი მოუხსნა, რითაც ტრადიციულად ხასიათდება გურული კლუბების პაექრობა. თუმცა ამაში წვლილი მალხაზ ბეუქლიშვილსაც მიუძღვის - მისმა ბრიგადამ, ფაქტობრივად, უშეცდომოდ იმსაჯა, რითაც გუნდებსა და სტადიონზე მოსულ ორივე გუნდის მრავალრიცხოვან ქომაგს ვითარების დაძაბვის საბაბი არ მისცა.

გაშვებული გოლის შემდეგ "მერცხალს" ტაიმში ერთადერთხელ მიეცა შანსი, როცა გამოსვლაზე მეკარემ ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, მაგრამ გიორგი ტყეშელაშვილმა მიზანს ააცილა.

შემდეგ ისევ "გურიის" ჯერი დადგა. გუნდის ლიდერმა გიგა კვერენჩხილაძემ თანაგუნდელებთან კარგი კომბინაცია კი გაითამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში შანსი ვერ გამოიყენა.

თუმცა ტაიმის მიწურულს კლუბისა და პლეი აუტის ბომბარდირმა გატანა მაინც მოახერხა - ტარიელ კუკულაძემ ისევ მარცხენა ფრთიდან მოაწოდა კუთხური, გიგამ დასწრებაზე კარგად ითამაშა და თანაგუნდელებს ორბურთიანი ფორა მისცა.

"გურიის" კაპიტანი გურული დერბების საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მას 8 გოლი დაუგროვდა და გადაუსწრო დავით უგრელიძეს, ვისაც
დერბებში 7 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 ყველაზე უხვგოლიან დერბში (8:2) გაიტანა.

მეორე ნახევარში ხარიტონ ჩხატარაშვილმა ერთდროულად სამი ცვლილება გამოიყენა, თუმცა აშკარა იყო "მერცხალი" მატჩის შემომბრუნებელი არ იყო. მით უფრო, მასპინძლებს ტრავმირებული ჰყავთ გია მეგრელაძე.

ეს იყო და ეს. ოზურგეთში ზედიზედ მეხუთედ მოგებული დერბით "გურიამ" უმაღლეს ლიგისკენ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

საინტერესო ფაქტია, რომ 11 ქულიდან ლანჩხუთელებმა 10 გასვლაზე (!!!) აიღეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული