გაგრა-სიონი 1:2 - ბოლნისელებმა ძალა ირწმუნეს

AutoSharing Option
06.04. თბილისი. მერანი. 300 მაყურებელი
გაგრა-სიონი 1:2
გოლები:0:1 დ.ბოლქვაძე (14.პენალტით), 1:1 კვანტალიანი (50),1:2 ჩიკვილაძე (74)

გაგრა (4-4-2) სიონი (4-4-2)
ბეგაშვილი ბობღიაშვილი
ფალავანდიშვილი კობაური
ტყეშელაშვილი სვანიძე
ჯგერენაია ქემოკლიძე
ნ.ჯიშკარიანი ჩიკვილაძე
ხუციძე ვ.ნემსაძე
ზვიადაძე დ.ბოლქვაძე
ყურულაშვილი კაციტაძე
კობერიძე ჭანკოტაძე
ჭკუასელი რეხვიაშვილი
ჯერემია მეტრეველი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
ზ.ჯელაძე ხ.ქასრაშვილი

გაგრა
20.ზვიადაძე-კვანტალიანი
41.ყურულაშვილი-ლ. სეთურიძე
56.კობერიძე-სარდალიშვილი

სათადარიგოები: მაღრაძე, ნარმანია, თ.ჯიშკარიანი, როსტიაშვილი

სიონი
43.ჭანკოტაძე-ლ.ჩხეტიანი
55.ვ.ნემსაძე-გ.ოქროპირიძე
58.რეხვიაშვილი-ქუცურუა

სათადარიგოები: ზუხბაია, ხიდეშელი, ხურციძე, ავსაჯანიშვილი

გაფრთხილება: ჯგერენაია (13), ჭანკოტაძე (35), ლ.ჩხეტიანი (45), რეხვიაშვილი (60),ქუცურუა (62), ჭკუასელი (73), კვანტალიანი (82)
არბიტრი: ი.ურუშაძე

წინა ტურში არასასურველი ფრის შემდეგ, "გაგრამ" შინ კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩი ჩაატარა და უშუალო კონკურენტთან დამარცხდა.

თავიდანვე ჩანდა, რომ ბოლნისელები უფრო მოტივირებულები იყვნენ, ვიდრე მასპინძლები. ისინი მატჩის დებიუტშივე გააქტიურდნენ. განსაკუთრებით სტუმართა მარცხენა ფრთა გამოირჩეოდა, სადაც ნაყოფიერად ირჯებოდა გიორგი ჭანკოტაძე. ამ უკანასკნელს პირველივე წუთებზე შეეძლო გატანა, თუმცა მახვილი კუთხიდან დარტყმა ზუსტი არ გამოუვიდა.

სტუმრებს მონდომება მალევე დაუფასდათ: გამოცდილი დავით ბოლქვაძის წაქცევისათვის არბიტრმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, პენალტი კი თავად დაზარალებულმა შეასრულა უნაკლოდ და დააწინაურა თავისიანები.

თითქოს, გაშვებული ბურთის შემდეგ მატჩის სადავეები გაგრელებს უნდა აეღოთ ხელში, ამაზე მიუთითებს ის ცვლილებები, რომელიც ზვიად ჯელაძემ განახორციელა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში ღირებული მათ ვერაფერი შემოგვთავაზეს, თუ არ ჩავთვლით შეცვლაზე შემოსული კვანტალიანის თავურს, რომელიც ზევიდან გადაცდა კარს.

სამაგიეროდ ქვემოქართლელები ცდილობდნენ უპირატესობის გამყარებას. აღსანიშნავია ბოლქვაძის შორეული დარტყმები. ერთ ეპიზოდში მას მეკარემ აჯობა, ხოლო მოგვიანებით კი დარტყმა არაზუსტი გამოუვიდა.

შესვენების შემდეგ გუნდებმა მომენტები გაცვალეს: იმავე ბოლქვაძის სახიფათოდ შესრულებულ საჯარიმოს, ნიკოლოზ ჯიშკარიანის უხერხული დარტყმა მოჰყვა, თუმცა მეკარეები მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდნენ.

მე-60 წუთზე მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს: "გაგრას" კაპიტანმა გიორგი ტყეშელაშვილმა ჯარიმა სახიფათოდ შეასრულა, ბურთი ძელმა აისხლიტა, მცველების დაბნეულობით კი კარგად ისარგებლა შალვა კვანტალიანმა.

თამაში დაიძაბა, გაგრელები უტევდნენ, მაგრამ ბოლნისელებს ვერაფერი მოუხერხეს. "სიონი" მწვავე კონტრშეტევებით ცდილობდა ფონს გასვლას: 65-ე წუთზე მატჩის უდავოდ საუკეთესო ფეხბურთელის, დავით ბოლქვაძის გამჭოლ გადაცემას გიორგი ქუცურუა გამოეხმაურა, რომლის დარტყმული ჩინებულ ნახტომში გიორგი ბეგაშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ლევან ჩხეტიანმა ახლო მანძილიდან ბურთი სასწაულებრივ ააიცილა მოწინააღმდეგის კარს.

წერტილი მატჩს 74-ე წუთზე დაესვა, როდესაც "სიონმა" საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღო: დაახლოებით 25 მეტრიდან თენგიზ ჩიკვილაძემ აუღებელი გაისროლა და მართლაც შთამბეჭდავი გოლი გაიტანა.

მატჩის შემდეგ
თენგიზ სიჭინავა ( გაგრა): "მარცხმა ძალიან გაგვირთულა საქმე. პირველი ტაიმი ფაქტობრივად ჩაგვივარდა, მეორეში ვეცადეთ მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა ბოლომდე ეს ვერ მოვახერხეთ.

რაც შეეხება მსაჯობას, ვფიქრობ რომ პენალტის ეპიზოდში არბიტრი შეცდა. დანამდვილებით ამის თქმა ფირის ნახვის შემდეგ შეგვეძლება".

ჯონი ჯაგიდისი (სიონი): "გახარებული ვართ, როგორც იქნა გავიმარჯვეთ. იმედია, ბიჭები ამის შემდეგ მაინც ირწმუნებენ საკუთარ ძალებს და წარმატებებსაც მივაღწევთ.

დღევანდელი თამაშის ხარისხითა და ანგარიშით, რასაკვირველია, კმაყოფილები ვართ. წინასწარ არ მინდა ვთქვა, მაგრამ მომავალ ტურში "მერცხალის" დამარცხება არ უნდა გაგვიჭირდეს”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული