ეროვნული ჩემპიონატის II ეტაპის VI ტურის მიმოხილვა: ტემპერატურამ აიწია

AutoSharing Option
კიდევ ერთი ტურიც და უმაღლეს ლიგაში მეორე ეტაპის პირველი წრე დასრულდება.

მიმდინარე ჩემპიონატს ინტრიგა და ვნებათაღელვა არ აკლია. გასულმა ტურმა კი ჩემპიონობისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაძაბა - "ზესტაფონი" ამ სეზონში უკვე მეორედ დამარცხდა შინ გორის "დილასთან", "მეტალურგმა" კი თბილისში "დინამოს" ქულა აართვა (იხილეთ ვრცლად) და ლიდერ "ზესტაფონთან" ჩამორჩენა სამ ქულამდე დაიყვანა.

შეგახსენებთ - რომ არა ჩემპიონატის უცნაური სისტემა, "მეტალურგს" "ზესტაფონთან" მიახლოების შანსი არ ექნებოდა, მაგრამ მაინც ვერავინ იტყვის, რომ რუსთაველები მეორე საფეხურზე დაუმსახურებლად არიან - კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ხომ მეორე
ეტაპზე სტაბილურად და შედეგიანად ასპარეზობს, მაშინ, როცა ფეროელებმა ქულების დაკარგვას მოუხშირეს, "დილასთან" კი 2012 წლის პირველი ოფიციალური მარცხი იწვნიეს.

ტურის ცენტრალური მატჩები სწორედ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ორი გუნდის მონაწილეობით გაიმართა და ორივე საკმაოდ საინტერესო გამოდგა. "დილას" პროგრესი აშკარად ეტყობა. ახალ შემადგენლობას შეთამაშების პრობლემა უკვე ნაკლებად აქვს და ახალი სამწვრთნელო შტაბის საფეხბურთო გემოვნებას სასურველი შედეგიც მოჰყვება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "დილამ" სტუმრად "დინამოსთან" ფრედ ითამაშა, ახლა კი ლიდერ "ზესტაფონს" ასევე გასვლითი შეხვედრა მოუგო.

შარშან შემოდგომაზე გამართული "ზესტაფონი"-"დილა" სეზონის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სენსაციით დასრულდა. შეგახსენებთ, მაშინ გორელებმა გია ცეცაძის ხელმძღვანელობით 4:0 გაიმარჯვეს.

ამჯერად გაცილებით დაძაბული ბრძოლა გაიმართა და "ზესტაფონმა" არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, თუმცა ფაქტია, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს დიდი იმედგაცრუება კვლავ "დილამ" მიაყენა.

ჩემპიონატში "დილას" საპრიზო ადგილებამდე მისვლა ძალიან გაუჭირდება (თუმცა საამისო შანსებს კვლავ ინარჩუნებს). სამაგიეროდ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ თემურ შალამბერიძის გუნდის სათასო ამბიციები აბსოლუტურად მართებულია.

რაც შეეხება "ზესტაფონს", საქართველოს მოქმედი ჩემპიონები კვლავ რჩებიან მთავარ ფავორიტებად, მაგრამ ამიერიდან თითოეულ მატჩში მხოლოდ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლონ.

გვერდს ვერ ავუვლით ერთი კონკრეტული ფეხბურთელის გამოყოფას. "ზესტაფონის" მთავარ გუნდში დებიუტი ჰქონდა ნიგერიელ აბაიომი ოვონიკოკოს, რომელიც გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენა გახდა - "გაგრამ" საქართველოს თასი მეტწილად მისი ეფექტური თამაშით მოიგო. მძიმე ტრავმის გამო ოვონიკოკოს თითქმის წელიწადი გაუცდა, თუმცა ზესტაფონში მისი დიდი იმედი აქვთ.

"დინამოს" მძიმე მდგომარეობაზე საუბრით ამჯერად თავს აღარ შეგაწყენთ, "მეტალურგმა" კი ეროვნულ სტადიონზე საკმაოდ გამართული ფეხბურთი ითამაშა და გამარჯვებაც შეეძლო.

თუ ქვემოქართლელებმა ქულების დაგროვება სტაბილურად განაგრძეს, რუსთავში გასამართი "მეტალურგი"-"ზესტაფონი" სეზონის მთავარი მატჩი იქნება.

უშეღავათო იქნება მესამე ადგილისთვის ბრძოლაც. თუ 10 აპრილს "ტორპედომ" მარტვილის "მერანთან" გადადებული შეხვედრა მოიგო, კონკურენტ "დინამოს" სამი ქულით გაუსწრებს, რაც საკმაოდ კომფორტული უპირატესობა იქნება.

შეგახსენებთ, თუ "დილამ" ან "გაგრამ" საქართველოს თასი მოიგეს ან ფინალში ჩემპიონთან დამარცხდნენ, ევროსარბიელს მიღმა ან "ტორპედო" დარჩება, ანაც "დინამო".

პლეი აუტში ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება ფოთის "კოლხეთმა" მოიპოვა (იხილეთ ვრცლად). აშკარაა, რომ ზღვისპირელებთან ბრძოლა ნებისმიერი მეტოქისთვის მძიმე იქნება.

საჩხერის "ჩიხურამ" პლეი აუტი მარცხით დაიწყო, მაგრამ ამას ეფექტური სერია მოაყოლა და დღეს "ვიტ ჯორჯიასთან" ერთად ამ გათამაშების თანალიდერია.

"გურულ დერბიში" გამარჯვებით "გურიამ" მესამე ადგილი განიმტკიცა (იხილეთ ვრცლად), ბათუმის "დინამოს" თავკაცის პოსტზე კი მარცხიანი დებიუტი გამოუვიდა გია გურულს.

ოზურგეთის "მერცხალის" გარდა, პლეი აუტის საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი ყველას აქვს და პროგნოზების გაკეთება აშკარად ნაადრევია - აქ ბრძოლა, ალბათ, ბოლო ტურამდე გაგრძელდება.

სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

სატურნირო მდგომარეობა VI ტურის შემდეგ

Sportall.Ge Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაც ქართული სიმბოლური ნაკრები პირველად ვნახე, ადრეც იყო?
TaroSochi
16:20 09-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული