საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვა. მრავალხელისუფლებიანობა

AutoSharing Option
ქართული "ბოქსინგ დეი" დაიწყო: 10 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით გუნდებმა ექვს-ექვსი ტური უნდა ჩაატარონ; ანუ, ფაქტობრივად, ფეხბურთელებმა ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალურ მატჩებში მონაწილეობა უნდა მიიღონ და მერე, სანაკრებო პაუზაც სულზე მიუსწრებთ. თუმცა შესვენება-დასვენებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და მანამდე, სჯობს, განვლილ ტურზე ვისაუბროთ; მით უფრო, რომ ოთხი ტურის მერე ცხრილში... ოთხხელისუფლებიანობაა!

...სხვათა შორის, "ლელოს" გუშინდელ ნომერში გამოქვეყნებულმა სატურნირო ცხრილმა გულშემატკივართა შორის აზრთა სხვადასხვაობაც გამოიწვია. ეგ კი არა, ზოგიერთი კლუბის წარმომადგენელი ტელეფონით დაგვიკავშირდა, "შეცდომებზე მიგვითითა" და დებულების თანახმად შეადგინეთ ცხრილიო, -
გვირჩია! რებუსებით რომ არ ვილაპარაკოთ, საუბარი "ოლიმპს" ეხება: რუსთავული კლუბის გულშემატკივართა აზრით ცხრილის სათავეში სწორედ მათი გუნდი უნდა იმყოფებოდეს და არა - თბილისის "დინამო". არადა, დებულება ჩვენც კარგად ვიცით და ცხრილის შედგენისას სწორედ ამ ოფიციალური "სახელმძღვანელოთი" ვსარგებლობთ. თანაბარი ქულების შემთხვევაში ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

ა) ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

ბ) უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და ბურთების უკეთესი სხვაობა);

გ) ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

დ) ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა და ასე შემდეგ.

ახლა კი დღევანდელ სიტუაციაზე ვიმსჯელოთ: "დინამომ", "ოლიმპმა", "ვიტ ჯორჯიამ" და "ბაიამ" 7-7 ქულა დააგროვეს, თანაც, ოთხივე გუნდს მოგებათა რაოდენობაც ერთნაირი აქვს. ანუ, დებულების თანახმად, ურთიერთშეხვედრებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა; მაგრამ, საქმე იმაშია, რომ ამ ოთხი გუნდიდან ზოგს ერთმანეთში არ უთამაშია ("დინამო"-"ვიტ ჯორჯია", "ოლიმპი"-"ბაია", "ოლიმპია"-"ვიტ ჯორჯია"); ეს კი იმას ნიშნავს, რომ დებულების ეს პუნქტი ამ შემთხვევაში ვერ ამოქმედდება და უპირატესობაც იმ გუნდს უნდა მიენიჭოს, უკეთესი ბურთების სხვაობა ვისაც ექნება.

"დინამოსა" და "ოლიმპს" ამ შემთხვევაშიც ერთნაირი მაჩვენებელი აქვს (+2), სამაგიეროდ, "დინამომ" უფრო მეტი გოლი გაიტანა და ამიტომაც "დავაყენეთ" ცხრილის სათავეში. მოკლედ, იმის თქმა გვსურს, რომ ურთიერთშეხვედრებში "ოლიმპს" უპირატესობა კი აქვს "დინამოსთან", მაგრამ თემურ მახარაძის გუნდი კონკურენტზე მაღლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მხოლოდ ორ გუნდს ექნებოდა ერთნაირი მაჩვენებელი.

იმედია, შეძლებისდაგვარად დავაკმაყოფილეთ გულშემატკივართა ცნობისმოყვარეობა და აქვე, ბარემ იმასაც ვიტყვით, რომ ყოველივე ზემოთქმული საქართველოს ფეხბურთის პროფესიული ლიგის საშეჯიბრო განყოფილების უფროსთან ნოდარ კაკულიასთანაც გადავამოწმეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, პასუხად იგივე მივიღეთ, - ანუ, "ლელოს" გუშინდელ და დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებული ცხრილი... სწორია!

მოულოდნელი დასაწყისი

ტური პარასკევს, "იმერული დერბით" დაიწყო და, ბევრის აზრით, მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. ყოველ შემთხვევაში, ქუთაისის "ტორპედოს" მორიგ წარუმატებლობას... ჩვენც არ ველოდით! უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ახალ მწვრთნელს (რამაზ მუმლაძე) და ახლა ფეხბურთელებს ("ტორპედოში" უმრავლესობას რომ წარმოადგენენ) ახალ გარემოსთან და საერთოდ, ერთმანეთთან "შესაგუებლად" გარკვეული დრო დასჭირდებოდათ.

თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ძნელი წარმოსადგენი იყო მოვლენების მსგავსი განვითარება: 4 ტურის შემდეგ "ტორპედო" ცხრილში უკანასკნელ ადგილზეა! წინა მატჩთან შედარებით რამაზ მუმლაძემ ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება მოახდინა, გუნდის ახალწვეული ვახტანგ კვარაცხელიაც პირველი წუთებიდანვე გამოჩნდა, მაგრამ "ტორპედომ" ვერც ამჯერად შეძლო გამარჯვების მოპოვება. ეგ კი არა, სულაც დამარცხდა და ოთხი ტურის შემდეგ ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება.

სხვათა შორის, ეს ჩვენთვის იყო "სამტრედიის" გამარჯვება მოულოდნელი, თორემ... უცხოელი ბუქმეიქერები სხვაგვარად ფიქრობდნენ: ევროპული ტოტალიზატორები ამ წყვილის ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდნენ! ისე, "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამაც გარკვეული ცვლილებები მოახდინა თავისი გუნდის ძირითადში (განსაკუთრებით - უკანა ხაზში). საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ჩემპიონატში ორად-ორი მოუგებელი გუნდის პაექრობაში გამარჯვება "სამტრედიას" დარჩა; ეს წარმატება კი გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად ამ შეხვედრაში მონაწილე ყველა ფეხბურთელის დამსახურება იყო: დაწყებული, საიმედოდ მოასპარეზე ახალგაზრდა მეკარის ლაშა ძაგანიათი და გამოცდილი ფორვარდის (ერთადერთი გოლის ავტორის) მიხეილ კაკალაძით დამთავრებული.

"სამტრედიას" ეს წარმატება იმითაც ფასეული იყო, რომ გუნდს საკმაოდ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს, მაგრამ, თანამედროვე ფეხბურთში არცთუ იშვიათია შემთხვევები, როცა ფინანსურად შეჭირვებული, მაგრამ არნახულად მოტივირებული გუნდი თავისზე ბევრად შეძლებულ მეტოქეს რომ ამარცხებს-ხოლმე. ამას გარდა, კიდევ ერთ დადებით მომენტსაც გვინდა შევეხოთ: "სამტრედიის" საქომაგოდ 2000 ქომაგი შეიკრიბა! ნეტავ, სხვა გუნდებსაც (განსაკუთრებით, აღმოსავლეთ საქართველოში) ჰყავდეს ასეთი აუდიტორია, თორემ, როცა 500-მდე გულშემატკივარს ვხედავთ... "დინამოსა" თუ "ოლიმპის" საშინაო მატჩებზე, უკვე ეს გვიხარია...

ძველ-ახალი მეტოქეები

ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ხუთწლიანი პაუზის მერე ფოთში დაბრუნდა. ოღონდ, მასპინძლებისთვის "დინამოს" სტუმრობა სასიამოვნოდ მოსაგონარი ნამდვილად ვერ იქნება: ამ ტურამდე "კოლხეთი" ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო და საკუთარ კარში გოლიც არ ჰქონდა გაშვებული. აი, IV ტურის შემდეგ კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და "დინამოს" ამ საგარეო გამარჯვების შემდეგ ჩემპიონატს ახალი ლიდერი ჰყავს. სტუმართა თავკაცმა კახა კაჭარავამ მეორე ტაიმში გუნდის ორი ახალწვეული გამოიყვანა: ირაკლი ლილუაშვილი და დავით მუჯირი. ამ უკანასკნელმა სულაც გოლი გაიტანა - ეროვნულ ჩემპიონატში 12-წლიანი პაუზის შემდეგ!

შეგახსენებთ, რომ დავით მუჯირმა თბილისის "დინამო" 1998 წლის გვიან შემოდგომაზე დატოვა (მერე, გარკვეული პერიოდი თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობდა) და უკანასკნელად წყალტუბოს "სამგურალთან" რომ ითამაშა, მეტოქე გუნდის ღირსებას მიხეილ მახვილაძე იცავდა, დღესდღეობით "კოლხეთის" მცველი; მუჯირისა და მახვილაძის გარდა იმ მატჩის მონაწილე ფეხბურთელთაგან ეროვნულ ჩემპიონატში ასპარეზობას გივი დიდავაც აგრძელებს; ოღონდ ეს უნივერსალი მცველი ამჯერად ბოლნისის "სიონის" ღირსებას იცავს.

"სიონმა" ვერც ამ ჯერზე შეძლო ნავსის გატეხვა - ბოლნისელები უკვე 3 წელიწადია საშინაო მატჩში "ვიტ ჯორჯიას" დამარცხებას ვერ ახერხებენ. თუმცა ამ მატჩის თვითმხილველთა თქმით, ნულოვანი ფრით დამთავრებული შეხვედრას უინტერესო ნამდვილად არ ეთქმოდა. თანაც, პირველ ტაიმში უპირატესობას თუ სტუმრები ფლობდნენ და მომენტებიც შექმნეს, შეხვედრის მეორე ნახევარში მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. თუმცა, "სიონმა" ზედიზედ მეორე საშინაო მატჩი უგოლოდ დაამთავრა: საკუთარ კარში გოლს არც უშვებს და ვერც მეტოქის კარში გააქვს...

ამბიცია და რეალობა

II ტურში ზუგდიდის "ბაიამ" საშინაო მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" მოუგო, შემდეგ "დინამოს" უმასპინძლა და ფრედ ითამაშა, ახლა კი ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდ "ზესტაფონთან" გაიმარჯვა! ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს "ბაიას" ამბიციებს, თანაც ასეთი სოლიდური შემადგენლობის მქონე გუნდისგან სხვანაირი სტარტი წარუმატებლობადაც უნდა შეგვეფასებინა.
თუმცა "ბაიაში" ხომ გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩინებული სინთეზია და ზუგდიდურმა გუნდმა ეს ტემპი თუ შეინარჩუნა, ევროტურნირების ერთ-ერთი საგზურის მოპოვებაზეც სამართლიანი პრეტენზია ექნება.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გოლების გატანა დაიწყო "ბაიას" ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ახალწვეულმა გიორგი მეგრელაძემ - გამოცდილმა ფორვარდმა ამჯერად "დუბლი" შეასრულა და ჩემპიონატის ლიდერების არ იყოს, ბომბარდირთა დავაშიც... მრავალხელისუფლებიანობაა.

ანუ, ოთხი ტურის შემდეგ ერთდროულად 3 ფეხბურთელია, ყველაზე მეტი, 3-3 გოლი რომ აქვთ გატანილი: ვახტანგ კვარაცხელია, გიორგი მეგრელაძე და რატი წინამძღვრიშვილი. ამ უკანასკნელზეც გვინდა რამდენიმე სიტყვის თქმა: 22 წლის ფორვარდი უმძიმესი ტრავმების შემდეგ ნელ-ნელა იბრუნებს ოპტიმალურ ფორმას და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახება და ჩემპიონატში გოლების გატანაც ამას მოწმობს.

დაბოლოს, ჩემპიონის დამაჯერებელ გამარჯვებაზეც: "ოლიმპმა" მართლაც უპრობლემოდ შეძლო "დაგეგმილი" 3 ქულის მოპოვება და "დინამოს" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ჩამორჩება. გუშინაც აღვნიშნეთ და დღესაც უნდა გავიმეოროთ ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტი: პირველად ამ სეზონში "ოლიმპის" განაცხადში 18 ფეხბურთელი იყო! თანაც, ერთი ახალწვეული ძირითადში ვიხილეთ (გიორგი ქავთარაძე), ერთი შეცვლაზე შემოვიდა (17 წლის დავით ხოჭოლავა), ერთიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა (რომან ახალკაცი).
გია ტუხაშვილი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული