ლუკა გუგუჩიამ "ზესტაფონში" თამაში დაიწყო

AutoSharing Option
"ზესტაფონმა" ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არაერთი ახალი ფეხბურთელი შეიძინა და მათი დიდი ნაწილი გუნდს ნორმალურად შეეწყო.

ახალწვეულთა შორის იყო ლუკა გუგუჩიაც. "ზესტაფონის" სამწვრთნელო შტაბს მისი დიდი იმედი ჰქონდა, მაგრამ 20 წლის პერსპექტიულ ნახევარმცველს მოულოდნელად პრობლემები აღმოაჩნდა და სამკურნალო შეიქნა.

არსებობდა იმის საშიშროება, რომ გუგუჩიას უქმობა დიდხანს გაგრძელდებოდა, მაგრამ საბედნიეროდ, მისი გამოჯანმრთელების პროცესს რამდენიმე თვე ეყო და დუბლშემადგენლობათა გათამაშების გასულ ტურში გუგუჩიამ "ზესტაფონის" დუბლების რიგებში ერთი ტაიმი ითამაშა.

ძნელი სათქმელია, ვიხილავთ თუ არა მას მიმდინარე სეზონში "ზესტაფონის" ძირითად გუნდში. საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს
დარჩენილ ტურებში მძიმე ბრძოლები ელის და შესაძლოა, სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობის გადახალისებისგან თავი შეიკავოს. მომავალი სეზონისთვის კი, წესით, ლუკა "ზესტაფონის" ძირითადი შემადგენლობის რეალური კანდიდატი უნდა იყოს.

ზუგდიდური ფეხბურთის აღზრდილმა გუგუჩიამ მიმდინარე სეზონი "ბაიაში" დაიწყო, სადაც 15 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. "ბაიას" გარდა, მას ქუთაისის "ტორპედოს" ღირსებაც დაუცავს.

რაკი "ზესტაფონის" ტრავმირებულები ვახსენეთ, გეტყვით, რომ ფეროელთა დუბლებში ითამაშეს ახალგამოჯანმრთელებულებმა, აბაიომი ოვონიკოკომ და გიორგი ხიდეშელმა. ოვონიკოკომ ერთ საუმაღლესლიგო და ერთ სათასო მატჩში უკვე მიიღო მონაწილეობა, ხიდეშელი კი ტრავმის მოშუშების შემდეგ "ზესტაფონის" მთავარი გუნდის შემადგენლობაში ჯერ არ გამოჩენილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული