საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. VII ტურის წინათქმა: შინ დაბრუნების დღე

AutoSharing Option
ზამთრის შესვენებისას ვვარაუდობდით, რომ სეზონის მეორე ნახევარი უკომპრომისო ბრძოლებში ჩაივლიდა და ევროთასებზე გამსვლელი ადგილებისთვის დიდი კონკურენცია გაიმართებოდა.

სამაგიეროდ, იმას ნაკლებად წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლა ასე ძალიან დაიძაბებოდა. თუმცა მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდა და დღეისთვის "ზესტაფონსა" და "მეტალურგს" შორის ქულათა სხვაობა მხოლოდ სამს შეადგენს. ასე რომ, სატურნირო ცხრილის თითოეულ მონაკვეთზე ბევრი რამაა გასარკვევი, რაც უმაღლეს ლიგაში საინტერესო ფინიშის გარანტიას გვაძლევს.

კალენდრის სიმჭიდროვიდან გამომდინარე, არ იყო იმის საშუალება, რომ უმაღლესლიგელებს წინასააღდგომო დღეს დაესვენათ და ამიტომაც 14 აპრილს სრული ტური ჩატარდება. ამ დღესვე
მეორე ეტაპის პირველი წრე სრულდება.

რა თქმა უნდა, წინა ტურების მსგავსად, ეს მატჩებიც ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ამ ტურში მოვალეობის მოსახდელად არავინ ითამაშებს - პლეი ოფშიც და პლეი აუტშიც თითოეული შეხვედრის შედეგს დიდი მნიშვნელობა აქვს.

დილა გორს უბრუნდება, მერანი - მარტვილს
უკვე რამდენიმე თვეა, გორის ცენტრალურ სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს და ამის გამო "დილა" საშინაო მატჩებს დედაქალაქში ატარებდა. "ბურჯანაძეზე" ტრიბუნები ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, სამაგიეროდ, მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია და გადაწყდა, რომ ამიერიდან "დილა" მშობლიურ ქალაქში ითამაშებს.

ბუნებრივია, ეს ამბავი მნიშვნელოვანია გუნდისთვისაც და მისი გულშემატკივრებისთვისაც. მართალია, ამჟამად "დილაში" ძალიან ცოტა ადგილობრივი ფეხბურთელი თამაშობს, სამაგიეროდ, გორელი ქომაგები უფრო კომფორტულად და დიდი რაოდენობით შეძლებენ საყვარელი კლუბის თამაშებზე დასწრებას, გულშემატკივართა სიმრავლე კი ნებისმიერ გუნდზე პოზიტიურად მოქმედებს.

სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ტურის ცენტრალური მატჩი სწორედ გორში უნდა ჩატარდეს. "ტორპედო" ენერგიულად იბრძვის ევროპის ლიგაზე გამსვლელი მესამე ადგილისთვის და ჩემპიონატის საპრიზო სამეულში მოხვედრის გარკვეული შანსი უკვე "დილასაც" უჩნდება.

ჩემპიონატის განახლებამდე ვივარაუდეთ, რომ გორელები მხოლოდ სათასო ამბიციებს არ დასჯერდებოდნენ და მედლებისთვისაც იბრძოლებდნენ; თუმცა, "დილამ" უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპი უფერულად დაიწყო და თითქოს ქვემოქართლელებს ჩემპიონატში მოტივაცია დაკარგული ჰქონდათ, მაგრამ "დილამ" ბოლო ტურები შთამბეჭდავად ჩაატარა და თუ წარმატებული სერია განარძო, "ტორპედოსა" და "დინამოს" სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ თემურ შალამბერიძის გუნდს ხელსაყრელი კალენდარი აქვს - მატჩების უმეტესობას შინ ჩაატარებს.

"ტორპედოს" კი ბოლო დროს უკეთესობა აშკარად ეტყობა და აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურის მატჩს გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს.

2012 წელს მარტვილში პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს "მერანი". მალხაზ ჟვანიას გუნდმა, რომელმაც სეზონის პირველ ნახევარში სწორედ საკუთარ ქალაქში მოპოვებული ხმაურიანი გამარჯვებებით გაითქვა სახელი, წლეულს ყველა მატჩი სტუმრად ჩაატარა.

რა თქმა უნდა, "მერანის" კრიზისი მხოლოდ ამის ბრალი არ არის, მაგრამ მშობლიური კედლებიდან მოშორებით თამაში ნებისმიერი გუნდის ასპარეზობას დაასვამდა დაღს. ახლა კი მარტვილელებს უკვე საშინაო თამაშების სერია ეწყებათ და ვნახოთ, შეუწყობს თუ არა ხელს ეს ფაქტორი მათ უკეთ ათამაშებას.

რაც შეეხება "მერანის" მეტოქე "ზესტაფონს", მისთვის ჩემპიონატში დარჩენილი ყველა მატჩი ფინალის ტოლფასია. ასე რომ, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მარტვილში მხოლოდ გამარჯვებისთვის მართებს ბრძოლა.

აშკარაა, რომ საქართველოს მოქმედ ჩემპიონებს საუკეთესო დროება არ უდგათ, მომავალი შეხვედრა კი დაგვანახებს, შეძლო თუ ვერა "ზესტაფონის" სამწვრნელო შტაბმა შექმნილი არასახარბიელო მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნა.

"მერანთან" გამარჯვება აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ უფრო ძლიერ გუნდებთანაც წარმატებით ითამაშებ, მაგრამ პრაქტიკული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ფეროელებისთვის სამი ქულა მისწრება იქნება.

მეტალურგი ზესტაფონიდან ზესტაფონამდე
ჩემპიონობისთვის ბრძოლა უკვე ძალიან რეალურია, მაგრამ "მეტალურგის" წევრები საკუთარ მიზნებზე კვლავ თავშეკავებულად საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი უმთავრესი ამოცანა ევროპის ლიგის საგზურია. თუმცა როცა ევროსაგზური უკვე განაღდებული გაქვს და ლიდერს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩები, წარმოუდგენელია, ჩემპიონობაზე არ ფიქრობდე.

ჩემპიონატის სისტემა ცალკე თემაა და ბუნებრივია, ამან რუსთაველთა აღზევებაში დიდი როლი ითამაშა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ "მეტალურგი" სეზონის მეორე ნახევარში გაცილებით ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და მცოდნე მწვრთნელის ხელიც ეტყობა. "მეტალურგმა" "ზესტაფონს" სათასო მატჩშიც დაუმტკიცა, რომ ორივე ფრონტზე მისი რეალური კონკურენტია.

რუსთაველთა და ზესტაფონელთა შორის ამ სეზონში კიდევ ორი შეხვედრაა დარჩენილი - ერთი სათასო, ერთიც კი საუმაღლესლიგო. ორივე ეს მატჩი რუსთავში გაიმართება, რაც, ბუნებრივია, "მეტალურგის" წისქვილზე ასხამს წყალს.

თუმცა იმისთვის, რომ ჩემპიონატში ურთიერთშეხვედრამ აზრი არ დაკარგოს, "მეტალურგს" ქულების რეგულარულად მოგროვება სჭირდება. ქვემოქართლელები "კოლხეთთან" ფავორიტები კი არიან, მაგრამ ფოთელებმა ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მათთვის ავტორიტეტები არ არსებობენ.

18 აპრილს განმეორებითი სათასო მატჩებია და თუკი "დილას" ფინალის საგზური, ფაქტობრივად, დაბევებული აქვს, "მეტალურგსა" და "ზესტაფონს" ერთმანეთთან დიდი ბრძოლა ელით. ვნახოთ, ვინ როგორ ხასიათზე შეხვდება საპასუხო სათასო შეხვედრას.

ზუგდიდური ინტრიგა
"დინამოს" ზუგდიდურ კლუბებთან დაპირისპირებას დიდი ისტორია აქვს. ბოლო წლებში "მგლები" და "ბაია" საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს ხშირად წარმატებით ეთამაშებოდნენ. "ბაიამ" ამ სეზონში დედაქალაქელები უკვე გაამწარა - ზუგდიდში 2:1 სძლია. თუმცა ისიც სათქმელია, რომ "დინამომ" მეორე წრეში დამაჯერებელი რევანში აიღო და ზუგდიდელები 5:1 გაანადგურა.

"დინამოს" პრობლემებზე საუბრით დღეს თავს აღარ შეგაწყენთ და მხოლოდ იმას შეგახსენებთ, რომ გიორგი დევდარიანის გუნდს ფრეთა ექვსმატჩიანი სერია აქვს, "დინამოს" ქომაგები კი ნავსის გატეხვას მოუთმენლად ელიან და თუ ეს დროულად არ მოხდა, "დინამო" ევროსარბიელს მიღმა დარჩება.

მეორე ეტაპის მეორე წრეში დედაქალაქელებს ურთულესი კალენდარი აქვთ - "ტორპედოს" შინ მიიღებენ, ყველა სხვა მეტოქეს კი სტუმრად დაუპირისპირდებიან.

გასარკვევი პლეი აუტშიც ბევრია
პლეი აუტი მეორე პლანზე სულაც არ დგას. სეზონის ბოლომდე იქ კიდევ არაერთი შთამბეჭდავი მატჩის მომსწრენი გავხდებით და უმაღლეს ლიგაში დამჩენი ოთხი გუნდიც სეზონის ბოლო ნაწილშიღა გაირკვევა.

ოზურგეთის "მერცხალის" გარდა, საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსი არავის დაუკარგავს და რა თქმა უნდა, ბევრს გადაწყვეტს 14 აპრილს გასამართი შეხვედრებიც. "ჩიხურა", "ვიტ ჯორჯია" და "გურია" სხვებთან შედარებით კომფორტულ მდგომარეობაში არიან, მაგრამ ქულათა მარაგის შევსება მათაც ესაჭიროებათ, "სიონს", "სპარტაკს", "გაგრასა" და "ბათუმს" კი მოდუნების უფლება საერთოდ აღარ აქვთ და ვინც ამათგან  ამჯერად ხელმოცარული დარჩება, საუმაღლესლიგო შანსები კიდევ უფრო შეუმცირდება.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი. VII ტური

პლეი ოფი

14.04. გორი. თ.ბურჯანაძე. 16:00
დილა-ტორპედო

14.04. მარტვილი. ცენტრალური 16:00
მერანი-ზესტაფონი

14.04. რუსთავი. ფოლადი 16:00
მეტალურგი-კოლხეთი

14.04. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 16:00
ბაია-დინამო

Sportall.Ge

პლეი აუტი
14.04. ბოლნისი. თ.სტეფანია 15:00
სიონი-მერცხალი

14.04. საჩხერე. ცენტრალური. 15:00
ჩიხურა-გაგრა

14.04. ბათუმი. ადელი 15:00
ბათუმი-სპარტაკი

14.04. ლანჩხუთი. ევ.შევარდნაძე 15:00
გურია-ვიტ ჯორჯია

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული