მერანი-ზესტაფონი 4:4
0:1 დვალი (6.წინამძღვრიშვილის პასით), 0:2 დვალი (19), 1:2 ფონიავა (20. ე. გრიგალაშვილის პასით), 1:3 მუჯირი (53), 2:3 ჟვანია (60), 3:3 ჟვანია (71, პენ.), 3:4 გორგიაშვილი (75. აფციაურის პასით), ჟვანია (90, პენ.)
მერანი (4-4-2) ზესტაფონი(4-4-2)
შეროზია რ. კვასხვაძე
მელიავა ღონღაძე
იობაშვილი კობახიძე
გ. ჟვანია გ. ონიანი
სუხიაშვილი ელიავა
ვართაგავა გორგიაშვილი
დიდავა შარიქაძე
ე. გრიგალაშვილი აფციაური
ფონიავა დ. მუჯირი
ტორონჯაძე დვალი
ტაპე წინამძღვრიშვილი
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია გ. ჭიაბრიშვილი
მერანი
40. ვართაგავა - წოწორია
65. ტაპე - ამბროლაძე
90+2 ტორონჯაძე - ტორაძე
სათადარიგოები: კიკალიშვილი, შანგუა, ბოხუა, შენგელია
59. დვალი - საჯაია
78. მუჯირი - სამუშია
84. აფციაური - ს. ლომაია
სათადარიგოები: მამალაძე, ხიდეშელი, ბაბუნაშვილი, ოვონიკოკო
გაფრთხილება: ტორონჯაძე (35), ფონიავა (39), საჯაია (71), შარიქაძე (90+2)
არბიტრი: ხ. გაგნიძე
ვერავინ წარმოიდგენდა, ფინიშის სწორზე "მერანი" ასეთ წინააღმდეგობას თუ გაუწევდა ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, რომელთათვისაც თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.
როგორც ყოველთვის, სტადიონზე ამჯერადაც ხალხმრავლობა შეინიშნებოდა. განსაკუთრებულ ელფერს მატჩს 50-ამდე ზესტაფონელი ქომაგიც მატებდა.
თამაში ძალზედ საინტერესოდ წარიმართა. რაც მთავარია, ბოლო წუთამდე იყო დაძაბულობა. ლამაზი ეპიზოდებითა და ემოციებით დახუნძლულ შეხვედრაში ტემპიც მაღალი იყო და გოლებიც მრავლად ვიხილეთ.
მატჩი სტუმართა იერიშებით დაიწყო. განსაკუთრებით აქტიურობდა ჯაბა დვალი. თავდაპირველად მისი თავური არაზუსტი გამოდგა, ხოლო მოგვიანებით კი მეკარემ ითამაშა დამაჯერებლად. სტუმრებმა შეტევა განაგრძეს და მალე საწადელს მიაღწიეს: საჯარიმოში მყოფი რატი წინამძღვრიშვილის გადაცემით მშვენივრად ისარგებლა ჯაბა დვალმა და თავისიანები დააწინაურა.
მე-19 წუთზე ზესტაფონელებმა უპირატესობა გაზარდეს: იმავე დვალმა ჯონი შეროზიას შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან მეორედ აიღო მასპინძელთა კარი.
თითქოს ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ ზუსტად ერთ წუთში "მერანის" შეტევის სულისჩამდგმელმა ელგუჯა გრიგალაშვილმა (გამუდმებით პრობლემებს რომ უქმნიდა მეტოქის მცველებს) კუთხური სახიფათოდ ჩამოაწოდა. შექმნილი არეულობით კი ჩინებულად ისარგებლა პაპუნა ფონიავამ და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა.
სხვათა შორის, ახალგაზრდა ფეხბურთელმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.
ამის შემდეგ გატანა ორივე გუნდს შეეძლო. იყო საკამათო ეპიზოდიც: მასპინძლები მამუკა ტორონჯაძის წაქცევისთვის პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა სხვაგვარად განსაჯა.
მოლოდინისამებრ, მატჩის მეორე ნახევარი კიდევ უფრო დაძაბულად წარიმართა. მასპინძლებს ორჯერ ჰქონდათ ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი, მაგრამ ტორონჯაძის მცდელობები უშედეგო აღმოჩნდა.
ამის შემდეგ კი გამოცდილმა დავით მუჯირმა თავის მართლაც საფირმო სტანდარტული ეფექტურად შეასრულა: ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, შემდეგ კი მასპინძელთა კარის ბადეში გაეხვია.
ამ გოლს მასპინძელთა გააქტიურება მოჰყვა. ბევრს მოძრაობდა მარჯვენა ფლანგზე გამწესებული კიჭი მელიავა, რომელიც დიდ თავსატეხს უქმნიდა სტუმართა მცველებს.
მის აქტიურობას თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი: ტორონჯაძის დარტყმა როინ კვასხვაძემ მოიგერია, თუმცა მალე მოწინააღმდეგის საჯარიმოში შექმნილი არეულობით შესანიშნავად ისარგებლა გუნდის კაპიტანმა გიგა ჟვანიამ და საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტური დარტყმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა - 2:3.
"მერანი" ახლოს იყო, კიდევ ერთი სასწაული მოეხდინა, თუმცა არ ჩქარობდა და დინჯად ელოდა თავის შანსს. ერთ-ერთ ეპიზოდში შეცვლაზე შემოსულმა გიმზერ წოწორიამ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ბურთი სანტიმეტრებით ასცდა კარს.
ბოლო ოცი წუთი ნერვების თამაშს უფრო ჰგავდა: 71-ე წუთზე მამუკა ტორონჯაძის წინააღმდეგ უხეში თამაშისათვის დანიშნული პენალტი გიგა ჟვანიამ ზუსტად გამოიყენა, თუმცა მალე მასპინძელთა საჯარიმოში მეკარემ და მცველმა შეუთანხმებლად ითამაშეს და თორნიკე გორგიაშვილმაც ზუსტი დარტყმით სტუმრები კიდევ ერთხელ დააწინაურა - 3:4.
მატჩის კულმინაცია კი ბოლო წუთი გამოდგა, როდესაც გიმზერ წოწორიამ მახვილგონივრული გადაცემით მეკარესთან პირისპირ გაიყვანა გიგა ამბროლაძე. ეს უკანასკნელი საჯარიმოში წააქციეს. არბიტრმაც გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო გიგა ჟვანიამ პენალტი ამჯერადაც ზუსტად შეასრულა და ჰეთ თრიქი შეასრულა.
საბოლოოდ მარტვილურ თრილერად მონათლული ეს დაპირისპირება ლოგიკური ფრეთი დასრულდა. თანაც, სტუმართათვის ეს ქულა თუ დიდი ვერაფერი მონაგარია, აი, მერანელებმა კი, როგორც იქნა, ნავსი გატეხეს და მალე, ალბათ, ჩვეულ სტილში ათამაშდებიან.
მატჩის შემდეგ
არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "საინტერესო და უშეღავათო მატჩის მომსწრენი გავხდით. "მერანი" შინ განსაკუთრებულად ძლიერად თამაშობს. სასიამოვნოა ასეთ ძლიერ მეტოქესთან ქულის აღება. იმედია, ბიჭები ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლდებიან".
გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი): "ასეთ მოედანზე თამაში არ შეიძლება! ჩვენი ვერმოგების უმთავრესი მიზეზი სწორედ მოედნის უხარისხო საფარი იყო. რაც შეეხება მოწინააღმდეგეს, გუნდმა იბრძოლა და ამის ხარჯზე სასურველ შედეგსაც მიაღწია".
პლეი ოფი. VII ტური
სხვა მატჩები
მეტალურგი-კოლხეთი 1:0 (იხილეთ ვრცლად)
დილა-ტორპედო 1:0 (იხილეთ ვრცლად)
ბაია-დინამო 2-2
სატურნირო ცხრილი
VIII ტური
22 აპრილი, შაბათი
კოლხეთი-ზესტაფონი
მერანი-ტორპედო
დილა-დინამო
ბაია-მეტალურგი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
დილა (შსს) ჩემპიონ.