დილა-ტორპედო 1:0 - სანდრო გურულის პირველი გორული გოლი

AutoSharing Option
14. 04. თენგიზ ბურჯანაძე. 4000 მაყურებელი
დილა-ტორპედო 1:0
1:0 გურული (62)

დილა ტორპედო
4-4-2 4-5-1
სკენდერი მიგინეიშვილი
კაშია იოსელიანი
სალუქვაძე გამეზარდაშვილი
ინწკირველი კვახაძე
მეგრელიშვილი გ. გურული
ს. გურული დოლიძე
ნ. ნოზაძე დიღმელაშვილი
ბეჭვაია გ. დათუნაიშვილი
კახელიშვილი საბანაძე
ახალკაცი თარხნიშვილი
ვაწაძე გოცირიძე
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. შალამბერიძე გ. გეგუჩაძე

დილა
77. ახალკაცი - ხოჯავა
81. ნოზაძე - თოთაძე
89. ვაწაძე - ბარაბაძე
სათადარიგოები: შეყრილაძე, ქარქუზაშვილი, ლექვთაძე, კანდელაკი

ტორპედო
57. დოლიძე - ვ. ბოლქვაძე
70. დიღმელაშვილი - ფირცხალავა
82. თარხნიშვილი - რიგვავა
სათადარიგოები: ქვილითაია, ფარულავა, კუხიანიძე, დ. ჯანელიძე

გაფრთხილება: იოსელიანი (62), ბეჭვაია (78), ბოლქვაძე (83), სალუქვაძე (90)

არბიტრი:
გ. ვადაჭკორია

გორელებს სტადიონის რემონტის შემდეგ "ტორპედოს" მასპინძლობა კარგად დაებედათ. 2007 წელს თენგიზ ბურჯანაძის არენის ბოლო გარემონტების შემდეგ გახსნით მატჩზე "დილამ" სწორედ ქუთაისელებს უმასპინძლა და ამირან ყველაშვილის გოლით მაშინაც 1:0 გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ გუნდების იმ შემადგენლობებიდან ამჯერად მოედანზე მხოლოდ ნოდარ ნოზაძე იყო. თუმცა მაშინდელი ფორმაციის "დილა" დღევანდელისგან განსხვავებით, უმთავრესად, ადგილობრივი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული.

ახლა კი ორიოდ სიტყვა განახლებულ, თუმცა ჯერაც განახლების პროცესში მყოფ სტადიონზეც ვთქვათ. მინდორი მართლაც შესანიშნავ მდგომარეობაშია. არენის დასავლეთი ტრიბუნა აპრილის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება, მაგრამ ახლავე ჩანს, რომ ლამაზი უნდა გამოვიდეს.

ამ მატჩში მაყურებელი აღმოსავლეთ (სადაც ინდივიდუალური სავარძლებია) და ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მოთავსდა, რომელსაც მალე მოამზადებენ დემონტაჟისთვის. ძნელია ვივარაუდოთ, ზუსტად რა სახეს მიიღებს სტადიონი რემონტის დასრულების მერე, თუმცა აქედანვე ეჭვს არ იწვევს, რომ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენა საქართველოში ერთ-ერთი უსაფრთხო იქნება. ამის თქმის საფუძველს პირველივე მატჩზე დიდი რაოდენობის პოლიციელების დასწრება გვაძლევს.

სხვათა შორის, ადგილობრივთათვის ამდენი სამართალდამცავის სტადიონზე ხილვა უთუოდ მოულოდნელობა იყო და, ალბათ, უცხო გარემოშიც კი გრძნობდნენ თავს. მათ ის უფრო ახსოვთ, ოთხი-ხუთი წლის წინ "დილას" საშინაო შეხვედრაზე თითზე ჩამოსათვლელი და შესაბამისად, შეხვედრის დასაწყებად საჭირო რაოდენობის პოლიციელები ძლივს რომ გროვდებოდნენ...

უშუალოდ შეხვედრას კი დიდმა სიცხემ დაატყო თავისი კვალი. ფეხბურთელები დაბალ ტემპში მოქმედებდნენ და პირველ ტაიმში ორივე კართან იშვიათად იქმნებოდა სახიფათო მომენტები. თუმცა ამაში წვლილი ფეხბურთელთა ფრთხილ თამაშსაც მიუძღვის და იმასაც, რომ ორივე გუნდის დაცვის ხაზი საბედისწერო შეცდომებს თითქმის არ უშვებდა.

მატჩის შემდეგ გია გეგუჩაძემ ჟურნალისტებს უთხრა, პირველ ტაიმში სადავეები ჩვენს ხელთ იყოო, რაშიც ვერ დავეთანხმებით. შესვენებამდე ქუთაისელებს შესაძლოა მხოლოდ უმნიშვნელო ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდათ, მაგრამ მწვავე მომენტი უფრო მეტჯერ მიგინეიშვილის კართან დაფიქსირდა.

22-ე წუთზე ახალკაცი-გურული-ვაწაძის მიერ კარგად გათამაშებული კომბინაცია არის აღსანიშნავი, რომელიც ამ უკანასკნელის სუსტი დარტყმით დასრულდა. ვაწაძემ ტაიმის ბოლომდე საჯარიმოს გარედან დარტყმით კიდევ ორჯერ შეძლო სტუმართა კართან ხიფათის შექმნა, თუმცა სიზუსტე ორივეჯერ მცირედით დააკლდა.

ქუთათურთაგან კი ჯერ გიორგი გურულის ინდივიდუალური რეიდით საჯარიმოში შეჭრა იყო გამოსარჩევი, რომლის დარტყმულიც ხარიხას გადასცდა, ხოლო შემდეგ მცველებს დამსხლტარი გოცირიძე გორელებმა საკუთარი კარის სიახლოვეს გაჭირვებით შეაჩერეს.

მეორე ტაიმი "დილამ" უფრო აქტიურად დაიწყო და თუ პირველ ნახევარში "ტორპედოსთვის" მათგან ყველაზე სახიფათოდ ვაწაძე ითვლებოდა, შესვენების მერე მარჯვენა ფლანგიდან სანდრო გურულმა მოუხშირა სტუმართა დაცვის ხაზისა და მეკარის შეწუხებას.

59-ე წუთზე "დილამ" სტანდარტულის მერე გოლის გატანაც შეძლო, თუმცა არბიტრმა მისი ავტორი ვაწაძე თამაშგარე მდგომარეობაში მიიჩნია და გოლი გააუქმა. თუმცა ორი ნული ტაბლოზე დიდხანს აღარ დარჩენილა. სამ წუთში მორიგი სტანდარტი დაინიშნა, ბურთთან სანდრო გურული მივიდა და დაახლოებით 30 მეტრიდან თავისი პირველი "გორული" გოლიც გაიტანა.

საგულისხმოა, რომ გურული მატჩისწინა განაცხადით თადარიგში უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოთელვისას ირაკლი ლექვთაძემ ტრავმა მიიღო და მწვრთნელის ნდობა სანდრომ გოლით გაამართლა.

სტუმრებმა ანგარიშში წონასწორობის აღსადგენად ტემპს მოუმატეს. რამდენჯერმე საჯარიმოს სიღრმეში შეღწევაც შეძლეს, მაგრამ უშედეგოდ. მარინ სკენდერის კარგი თამაშიც უნდა აღინიშნოს: "დილას" მეკარემ დაახლოებით 15-წუთიან მონაკვეთში ჯერ თარხნიშვილს არ დაანება გოლის გატანა, შემდეგ საბანაძესა და დათუნაიშვილს.

დარჩენილ დროში სიმშვიდე არც საპირისპირო კართან ყოფილა. გურულის ფლანგური ჩაწოდებისას კარგ პოზიციაზე მყოფ მათე ვაწაძეს შეეძლო ეხეირა, მაგრამ ბურთს ვერ მიწვდა; ხოლო მე-80 წუთზე იმავე გურულმა მოედანზე ახალგამოსულ ხოჯავასთან გაითამაშა ბურთი. ამან ისევ მათე მოძებნა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ დღეს ვაწაძეს გოლი გატანა არ ეწერა.

მატჩის შემდეგ
გია გეგუჩაძე (ტორპედო): "წაგების მიზეზები ჩვენში უნდა ვეძებოთ. პირველ ტაიმში თამაშის სადავეები მთლიანად ხელთ გვქონდა, თუმცა უპირატესობა ვერ გამოვიყენეთ. მეორე ტაიმში კი ორი უხეში შეცდომა დავუშვით, რომელთაგან პირველში გადავრჩით, მეორეში კი დავისაჯეთ და გადამწყვეტი გოლი მივიღეთ".

თემურ შალამბერიძე (დილა): "ყოველ სამ-ოთხ დღეში თამაშებია; გადატვირთული გრაფიკის გამო ორივე გუნდს ეტყობოდა გადაღლა და ტემპიც ამიტომ იყო დაბალი. თუმცა შეხვედრა დაძაბული გამოდგა: მოგება ჩვენც შეგვეძლო და "ტორპედოსაც". ჩვენი ყველა ფეხბურთელის გარჯით კმაყოფილი ვარ, ამიტომაც ვერავის გამოვარჩევ; გამარჯვებაში თავისი წვლილი ყველამ შეიტანა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
როგორ შეიძლება, 25 გრადუსს "დიდი სიცხე" უწოდო??? საინტერესოა, გორის დილას ან ქუთაისის ტორპედოს ევროთასებზე ესპანეთში ან საბერძნეთში რომ მოუწიოთ თამაშმა, მაშინ რა უნდა ქნან???
Giorgipirweli
12:51 17-04-2012
0

სიახლეები პოპულარული