სხვადასხვა დრო და განწყობა

AutoSharing Option

ამ ტურით XXII ჩემპიონატი უნდა დაწყებულიყო, მაგრამ სანაკრებო ინტერესებიდან გამომდინარე დღეისათვის გადმოიტანეს. ამას გარდა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ იმ დროისათვის (აგვისტოს დასაწყისში) თბილისის "დინამო" და "ზესტაფონი" ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის  მატჩებს ატარებდნენ და საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელმძღვანელობამ I ტურის გადატანით აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მართალია, ამის გამო გუნდებს ერთობ შემჭიდროებულ გრაფიკში მოუწევთ ასპარეზობა, მაგრამ, არა უშავს - ჯერჯერობით ხომ სეზონის დასაწყისია და, წესითა და რიგით, გადაღლილობასა თუ სხვა ფაქტორებზე ვერავინ დაიჩივლებს.

გამოტოვებული, I ტურის ყველა მატჩი დღეს ჩატარდება,

თუმცა სხვადასხვა დროს; ოღონდ, ეს უკვე არახალი ამბავია, როცა "დინამო" და "ზესტაფონი" საშინაო მატჩებს ხელოვნური განათების ქვეშ ატარებენ; "ოლიმპი" კი რუსთავში სტუმრად ჩამოსულ გუნდებს მართლაც "ორიგინალურად" მასპინძლობს: I ტაიმი "ბუნებრივ" შუქზე მიმდინარეობს, შესვენების შემდეგ კი პროჟექტორები ჩაირთვება-ხოლმე. ოღონდ, პროჟექტორების სიმძლავრე რომ აშკარად არასაკმარისია, "ოლიმპი"-"დინამოს" მატჩმაც დაადასტურა.
სხვათა შორის, ძალიან დიდი შანსია, რომ სატურნირო ცხრილში ამ გამოტოვებული ტურის შემდეგაც... მრავალხელისუფლებიანობა იყოს; ყოველ შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ, სულ მცირე, სამი გუნდი ერთნაირი ქულებით ლიდერობდეს. ჰოდა, "ლელოში" გამოქვეყნებული ცხრილის ნახვისთანავე ზოგიერთი გუნდის წარმომადგენელსა თუ  გულშემატკივარს კვლავაც გაუჩნდება პრეტენზია: ერთნაირი ქულებისა და ერთნაირი მოგების შემთხვევაში, ურთიერთშეხვედრებს ყურადღებას რატომ არ აქცევთო? ანუ, ისეთივე სიტუაციაში ვიქნებით, როგორც ახლა ვართ: ორშაბათიდან მოყოლებული რომ გვიწევს ახსნა-განმარტების მიცემა იმის თაობაზე, თუ რატომ არის ცხრილის სათავეში "დინამო" და არა - "ოლიმპი"...

ახლა კი გამოტოვებული ტურის წინათქმაზე და ტრადიციულად, თითოეულ მატჩზე ცალ-ცალკე ვისაუბრებთ; თანაც იმაზეც უნდა "შევთანხმდეთ", ამ ხუთი შეხვედრიდან ორი დაპირისპირება მართლაც განსაკუთრებულ ინტერესს რომ იწვევს. აქედან გამომდინარე, ჯერ ამ მატჩების წარდგენით დავიწყებთ.

ოლიმპი-ვიტ ჯორჯია

ქვეყნის ჩემპიონი ექს-ჩემპიონის წინააღმდეგ - ამაზე მეტი ინტრიგა რაღა უნდა იყოს; თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ "ოლიმპიცა" და "ვიტ ჯორჯიააც" სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფ ოთხ გუნდს შორის არიან. თუმცა დღევანდელ დაპირისპირებას სხვა არანაკლები "დატვირთვაც" აქვს: წლევანდელი თებერვლიდან მოყოლებული "ვიტ ჯორჯია" საშინაო მატჩებს ხომ სწორედ რუსთავის "ფოლადის" ხელოვნურსაფარიან სტადიონზე ატარებს. ანუ, მერაბ კოჭლაშვილის გუნდს დღევანდელ შეხვედრაში სტუმრის სტატუსი პირობითად თუ შეიძლება რომ მივანიჭოთ.
ეგაც რომ არ იყოს, განსაკურთებულ ინტერესს იწვევს "ოლიმპის" ფეხბურთელთა მთელი ჯგუფის... ყოფილ გუნდთან დაპირისპირება. ის ფაქტი,  რომ დავით ბოლქვაძე და რევაზ ქემოკლიძე გარკვეული პერიოდი "ვიტ ჯორჯიაში" ასპარეზობდნენ, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა - ეს ხომ ძალიან დიდი ხნის წინათ იყო; სამაგიეროდ, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა "ოლიმპის" ერთდროულად 5 ახალწვეულის მიმართებაში: ალექსანდრე კვახაძე, გრიგოლ ბედიაშვილი, ლუკა რაზმაძე, ლაშა ჯაფარიძე და გიორგი ბერიაშვილი წლების განმავლობაში "ვეტერინართა" ერთ-ერთ ლიდერებად მიიჩნეოდნენ და სწორედ ამ სეზონის დაწყების წინ მიაშურეს რუსთავის გუნდს. ფაქტობრივად, ისეთი სიტუაციის მომსწრენი უნდა გავხდეთ, რომ "ვიტ ჯორჯიას"Aფეხბურთელთა ... სხვადასხვა თაობის დაპირისპირება გველოდება...
"ოლიმპისა" და "ვიტ ჯორჯიას" დღემდე ჩატარებული თითქმის ყველა მატჩი "ჩვეულებრივი" ნამდვილად არ ყოფილა. არაერთხელ მომხდარა, როცა უშუალოდ მატჩის დროს ან შეხვედრის დასრულების შემდეგ... ფეხბურთელებს შორის სერიოზული გაწევ-გამოწევა რომ ყოფილა. ჩემპიონატში თუ თასზე ჩატარებული ერთი-ორი მატჩი რომ სერიოზული მოთქმა-მოთქმის საგანი გამხდარა, ამასაც ვერავინ უარყოფს. საერთო ჯამში კი "ოლიმპისათვის" "ვიტ ჯორჯია" უხერხულ მეტოქედ უნდა მოვიჩნიოთ: რუსთავის გუნდს 3 გამარჯვება აქვს, 4 წაგება და 4 მატჩი ფრედ დასრულდა. ნურც ის დაგვავიწყდეს, რომ წინა ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის ბოლო შეხვედრა "ვიტ ჯორჯიას" გამარჯვებით დასრულდა: "ოლიმპი" უკვე ჩემპიონის რანგში ასპარეზობდა, მაგრამ ამ მარცხით თემურ მახარაძის 32-მატჩიანი წაუგებელი სერიაც (!) დამთავრდა... 

ზესტაფონი-ტორპედო

ოთხი დღის განმავლობაში ზედიზედ მეორე "იმერული დერბი" გველოდება და ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი ინტერესით ელოდებიან ამ პრინციპულ დაპირისპირებას ზესტაფონელი თუ ქუთაისელი გულშემატკივრები. თანაც, წინა ტურში ორივე გუნდმა წააგო და "ზესტაფონს" ეს მარცხი თუ ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა, "ტორპედო" სულაც... გამოკვეთილ აუტსაიდერად დარჩა!
სხვათა შორის, ახალი სეზონის ყველაზე დიდ მოულოდნელობად სწორედ "ტორპედოს" არადამაჯერებელი სტარტი უნდა მივიჩნიოთ: უმაღლეს ლიგაში "ხმაურითა" და სერიოზული ამბიციებით დაბრუნებულ გუნდს ფეხბურთის ქომაგთა უმრავლესობა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტობას უწინასწარმეტყველებდა; არადა, 4 ტურია გასული და უმაღლეს ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ "ტორპედოა", გამარჯვება რომ არ მოუპოვებია.
აი, ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური წნეხის "თანხლებით" მოუწევს რამაზ მუმლაძეს თავისი გუნდის მობილიზება მეტად და მეტად ძლიერ და არანაკლებ ამბიციურ მეტოქესთან. რა ბევრი მტკიცება სჭირდება იმ ფაქტს, რომ ყველა "აუცილებელი და საკმარისი" პირობის გათვალისწინებით სწორედ "ზესტაფონია" საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი. მწვრთნელისა თუ ფეხბურთელთა კვალიფიკაცია, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ერთგული ქომაგები, - "ზესტაფონს" დასაწუნი არაფერი აქვს. ერთადერთი, ალბათ, გუნდს მეტი სტაბილურობა მოეთხოვება; თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ სეზონის დასაწყისის მიუხედავად, XXII ჩემპიონატის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მაინც გია გეგუჩაძის გუნდი მიგვაჩნია.
"ზესტაფონი" და "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში რვაჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და უპირატესობა დღევანდელ მასპინძელთა მხარეს არის: 5 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება. აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორივე გუნდში სხვადასხვა დროს არაერთ ფეხბურთელს უთამაშია: ზურაბ იონანიძეს, დავით ჯანაშიას, დავით გამეზარდაშვილს, გია იმედაძეს, კახა ჩხეტიანს, ლევან კორღალიძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, გაგა ჩხეტიანს, სევასტი თოდუას. ამათ გარდა, ცალკე უნდა აღვნიშნოთ "ტორპედოს" ერთ-ერთი ახალწვეული ნიკოლოზ კვასხვაძე, - დღეს ყოფილი თანაკლუბელებისა და... ძმის, "ზესტაფონისა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეკარის როინ კვასხვაძის წინააღმდეგ რომ უნდა იასპარეზოს...

დინამო-სპარტაკი

ჩემპიონატის სტარტზე "დინამომ" თითქმის ყველა რთული მატჩი "მოიცილა" (თანაც, არცთუ ურიგო მაჩვენებლით) და ახალ ტურს ერთპიროვნული ლიდერის რანგში შეხვდება. ეგ კი არა, კახა კაჭარავას გუნდს უახლოეს შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმის მოგროვებაც შეუძლია და როგორც "მარადიულ ფავორიტს" შეეფერება, დიდი შანსია, სულაც I წრის გამარჯვებულადაც მოგვევლინოს. რა თქმა უნდა, მოვლენებს წინ არ უნდა გავუსწროთ, მაგრამ ყველაფერი თუ მართლაც ასე მოხდა, ამაში სენსაცია-მოულოდნელობა არაფერი იქნება...
...ძნელი წარმოსადგენია, "სპარტაკმა" რომ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს ფავორიტ-მასპინძელს; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტუმართა შემადგენლობა ახლოსაც ვერ მივა "დინამოსთან". თუმცა, "სპარტაკშიც" არიან გამოცდილი ფეხბურთელები, რომელთაგანაც, უპირველეს ყოვლისა, სოსო გრიშიკაშვილი და შოთა კაშია უნდა აღვნიშნოთ, - დღეს ყოფილი კლუბის წინააღმდეგ რომ უნდა იასპარეზონ. ამათ გარდა, "დინამოსთან" ბევრი რამ აკავშირებთ გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებსაც: გოჩა ჩიქოვანს, გელა ინალიშვილსა და დავით გვარამაძეს ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ღირსება ხომ წლების  განმავლობაში დაუცავთ (აღარაფერს ვამბობთ სტუმართა გუნდის ვიცე-პრეზიდენტზე მურთაზ შელიაზე).
..."დინამო"-სპარტაკის" წყვილში სტატისტიკა აშკარად მასპინძელთა მხარეს არის: 6 მოგება, 2 ფრე და 1 წაგება; იმ ერთადერთ გამარჯვებას კი "სპარტაკმა" წინა სეზონში მიაღწია, თანაც გოჩა ჩიქოვანისთვის ის შეხვედრა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იყო...

კოლხეთი-სამტრედია

ძველისძველი მეტოქეების დაპირისპირება ჯერ კიდევ... საკავშირო II ლიგაში მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა. იგივე გაგრძელდა ეროვნულ ჩემპონატშიც, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ საერთო ჯამში "კოლხეთის" უპირატესობა საგრძნობია: 25 მატჩში 14 მოგება, 4 ფრე და 7 წაგება. რაღა თქმა უნდა, უმაღლეს ლიგაში დაპირისპირებებს ვგულისხმობთ, თორემ არცთუ ისე დიდი ხნის წინ ეს ორი ტრადიციული გუნდი, სამწუხაროდ, ქვედა ლიგებში მონაწილეობდა...
დღევანდელ მეტოქეთა სტატისტიკას ვიხსენებთ და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ "კოლხეთი" დღევანდელ მეტოქეს განსაკუთრებულად საშინაო მატჩებში ჯაბნიდა: 10 მოგება, 1 ფრე და 1 წაგება. სამტრედიელ ქომაგთათვის კი ყველაზე მტკივნეული მარცხი, ალბათ, 1995-96 წლების სეზონი იყო: საჩემპიონოდ შემართული "იბერია" (იმ დროს გუნდი ამ სახელწოდებით ასპარეზობდა) ფოთში დიდი ანგარიშით (0:3) დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ იმ მატჩამდე "იბერიას" მართლაც ზღაპრული სერია ჰქონდა (ზედიზედ 14 გამარჯვება), მაგრამ "კოლხეთის" ვეტერანის ნუგზარ მიქაბერიძის "ჰეთ-თრიქმა" სამტრედიელთა პირველი და უკანასკნელი საჩემპიონო ოცნებები დაასამარა.
"კოლხეთი" და "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში ერთმანეთს... ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ხვდებიან. შემადგენლობიდან თუ სტუმართა გუნდის მართლაც სავალალო ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტად მასპინძლები უნდა მივიჩნიოთ. თუმცა, "სამტრედიას" ნებისმიერ დროს რომ შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება, წინა ტურშიც დაამტკიცა: ახალგაზრდა მწვრთნელის, გელა სანაიას გუნდმა "იმერულ დერბიში" თავისზე ყველანაირად ძლიერი "ტორპედო" დაამარცხა!

ბაია-სიონი

წინა სეზონში "ბაიას" ერთობ მოკრძალებული მიზანი ჰქონდა: უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება; აი, ახლა კი სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალა და ზუგდიდური გუნდი ლიდერთა შორის რომ იმყოფება, არავისთვის გასაკვირვი არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ის გავიხსენოთ, თუ როგორ მოწინააღმდეგეებთან დააგროვა ბოლო სამ მატჩში 7 ქულა ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა: "ტორპედოსთან", "დინამოსთან", "ზესტაფონთან".
აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დღევანდელ მატჩში ფავორიტები სწორედ მასპინძლები იქნებიან - ბოლნისური კლუბის მიმართ უდიდესი პატივისცემის მიუხედავად მაინც მიგვაჩნია, რომ "ბაია" დღესდღეობით "სიონზე" უკეთესი გუნდია. ამას გარდა, სტუმართა გუნდის დებიუტანტ მწვრთნელს გიორგი ყიფიანს სერიოზული საფიქრალიც ექნება: "სიონის" მეკარესა და მცველებს მაქსიმალური ყურადღება მართებთ, რათა "ბაის" გამოცდილი ფორვარდი გიორგი მეგრელაძე... უმეთვალყურეოდ არ დატოვონ. საპირისპირო შემთხვევაში კი შედეგი მართლაც დამღუპველი იქნება: მეგრელაძეს ეფექტური გოლების გატანა რომ არ დავიწყებია, წინა ტურში "ზესტაფონთანაც" დაამტკიცა.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული