დილა-დინამო 0:0 - მწვრთნელები იცვლებიან, შედეგი - არა

AutoSharing Option
22. 04. თენგიზ ბურჯანაძე. 5000 მაყურებელი
დილა-დინამო 0:0

დილა დინამო
4-4-2 4-3-3
სკენდერი ლორია
ალადაშვილი ოდიკაძე
სალუქვაძე თომაშვილი
ინწკირველი ხიზანეიშვილი
მეგრელიშვილი რეხვიაშვილი
კახელიშვილი ძარია
კაშია ხმალაძე
ბეჭვაია გოგუა
ს. გურული რობერტინიო
ახალკაცი ჩისკო
ვაწაძე ალვარო
მწვრთნელი მწვრთნელი
თ. შალამბერიძე რ. მუმლაძე

დილა
46. ახალკაცი - გოგინაშვილი
სათადარიგოები: შეყრილაძე, კანდელაკი, ჯიქია, თოთაძე, ნ. ნოზაძე, ბარაბაძე

დინამო
87. ძარია - კოშკაძე
87. რობერტინიო - კვეკვესკირი
89. ჩისკო - პაპავა
სათადარიგოები: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კოტო, იაგუე
არბიტრი: თ. გვანცელაძე

"დინამოს" სტუმრობა ჩვენი ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მნიშვნელოვანი მოვლენაა და ასე იყო 22 აპრილს გორშიც. რაც "თენგიზ ბურჯანაძეზე" ფეხბურთი დაბრუნდა, ესოდენ
კარგი სანახავი თამაში აქ არ გამართულა.

სტადიონზე გულშემატკივარიც უწინდელზე კიდევ უფრო მეტი მოვიდა და, რაც მთავარია, მაყურებელთა შორის საკმაოდ ბევრი საპატიო სტუმარი იყო. ფეხბურთის ფედერაციის მთელი ხელმძღვანელობა, ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელები, უმაღლესი ლიგის სხვა კლუბების მწვრთნელები და წარსულში ცნობილი ქართველი ფეხბურთელები სტუმრობდნენ გორს.

აქედანვე აღვნიშნავთ, რომ უშუალოდ თამაში გარკვეულწილად შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს - "დინამოს" კაცნაკლულად დარჩენამდე და მის შემდეგ. ვიდრე არბიტრი გოგიტა გოგუას გააძევებდა, ორივე გუნდი უფრო მეტ შეტევაზე ფიქრობდა (სხვა საკითხია, რომელს უკეთ გამოსდიოდა) და შესაბამისად, სახიფათო მომენტები და მწვავე იერიშებიც მრავლად იყო. ამასთან, სწორედ გოგუა გახლდათ თავის გუნდში ყველაზე აქტიური.

პირველი ნახევარი საათის განმავლობაში "დინამოს" უპირატესობა აშკარა იყო. უფრო ხშირად ბურთს თბილისელები ფლობდნენ და მეტოქის ნახევარზეც კარგად "აგორებდნენ." საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გამახვილებული ყურადღებით "დილა" ამ საქმეს მეტ-ნაკლებად რიგიანად კი აკეთებდა, მაგრამ რატომღაც გორელები მოწინააღმდეგის შეტევებს არა მოედნის შუახაზთან, არამედ საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან ელოდებოდნენ.

"დინამო" მოედნის ცენტრს კარგად აკონტროლებდა და მასპინძლების საპასუხო შეტევების შეჩერებასაც ხშირად სწორედ ცენტრშივე ახერხებდა.

პირველი აღსანიშნავი ხიფათი სწორედ "დილას" კართან შეიქმნა, როდესაც გოგიტა გოგუას ინდივიდუალური გარღვევა საჯარიმოს მისადგომებიდან ოდნავ არაზუსტი დარტყმით დასრულდა. მალე დაახლოებით ამავე ადგილზე მასთან უხეში თამაშისას დაჯარიმდნენ მასპინძლები, თუმცა სახიფათო სტანდარტულმა უხიფათოდ ჩაიარა გორელებისათვის.

ცხადია, უქმად არც ეს უკანასკნელნი ყოფილან - მე-18 წუთზე "დილას" სახიფათო ჩხვლეტაც ვიხილეთ, თუმცა შოთა კაშიას პასის მერე რომან ახალკაცის მიერ კარისკენ გაგზავნილი ბურთი გიორგი ლორიამ გააუვნებელყო. იქვე, საპირისპირო კართან რობერტინიოს მიეცა გატანის შანსი, მაგრამ მახვილ კუთხეში დარტყმული ბურთი სკენდერმა კუთხურზე მოიგერია.

საერთოდ, ყველაზე მეტ პრობლემას მასპინძლებს, გუგუასთან ერთად, რობერტინიო უქმნიდა. ისინი ბევრჯერ ცვლიდნენ ფლანგებს და "დილას" დაცვას აწუხებდნენ. ეს უკანასკნელნი (განსაკუთრებით, ცენტრალური მცველები) ურიგოდ არ ირჯებოდნენ, მაგრამ 30-ე წუთზე "ჩავარდნენ". დავით ოდიკაძემ შესანიშნავი პასით "დილას" მთელი დაცვა უსაქმოდ დატოვა და ალვარო გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა სკენდერი დროულად გამოვიდა კარიდან, შეუმცირა დარტყმის კუთხე ესპანელ ლეგიონერს და ბურთი ფეხით მოიგერია.

შესვენების შემდეგ მასპინძლები აშკარად უკეთ ათამაშდნენ. კარგად ჩაერთო თამაშში რომან გოგინაშვილი (საინტერესოა, რომ თემურ შალამბერიძეს მეტი ცვლილება აღარ განუხორციელებია). მატჩის განახლებიდან სამ წუთში სანდრო გურულმა კარგად მოძებნა მათე ვაწაძე, მაგრამ გორელების მთავარმა მეგოლემ ვერ გამოიყენა მომენტი.

მერე ის ეპიზოდიც მოხდა, არბიტრმა გოგუა რომ გააძევა. ვიდრე კაცნაკლული "დინამო" ტაქტიკურად გადაეწყობოდა, "დილამ" სტუმართა საჯარიმოს მისადგომებს მარწუხები მოუჭირა. უწინდელზე მეტად გააქტიურდა მათი შეტევის ფლანგები. ცენტრშიც მოიპოვეს გორელებმა უპირატესობა. იქვე მაყურებელმაც უმატა გამამხნევებელ შეძახილებს და ისეთი ვითარება შეიქმნა, თითქოს თბილისელების კარში გოლიც უნდა გვეხილა.

მაგრამ "დინამო" არ გატყდა. სტუმართა ფეხბურთელებმა ჯერ გაუძლეს და მერე ნელ-ნელა გაანეიტრალეს "დილას" უპირატესობა.

შეხვედრის მიწურულამდე გორელებს ორჯერ მაინც მართებდათ გატანა. 72-ე წუთზე მოწოდებული კუთხური ალექსანდრე ინწკირველმა ძალიან სახიფათო, ოღონდ მცირედ არაზუსტი თავურით დაასრულა, ათ წუთში კი ვაწაძემ მცირე მანძილიდან შესანიშნავი საგოლე ეპიზოდი გაატანა ქარს.

საბოლოოდ ის შედეგი დაფიქსირდა, რომელიც "დინამოსთვის" ამ სეზონის განახლების მერე უკვე ტრადიციულად ქცეულა.

მატჩის შემდეგ
რამაზ მუმლაძე (დინამო): "კარგი თამაში აჩვენა ჩვენმა გუნდმა. განსაკუთრებით, პირველ ნახევარში ვფლობდით თამაშის სადავეებს, მაგრამ გოგუას გაძევების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. ვფიქრობ, რომ მოგება შეგვეძლო".

თემურ შალამბერიძე (დილა): "პირველ ტაიმში ჩვენი ფეხბურთელები ერთგვარად შებოჭილად გამოიყურებოდნენ. შესვენებაზე განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, უბრალოდ, დავავალე, რომ უფრო გაბედულად და თავისუფლად ემოქმედათ.

მართალია, შემდეგ მეტოქე ათი კაცით დარჩა, მაგრამ "დინამოსთან" კიდევ უფრო შემტევი ფეხბურთის თამაში ძალიან სარისკოა, თუმცა ამ ტაქტიკითაც შეგვეძლო გატანა და გამარჯვება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუგდიდის "თამაში" მიმოიხილეთ სადმე.თუ პროტესტს უცხადებთ,ეგეც დაწერეთ. სამარცხვინოა ეს ვითომ "თამაშები" და ამდენი ჩაწყობა
kkkkk
11:55 23-04-2012
0
თვითონ გოგუას გაგდების მომენტზე, რატო არ წერთ არაფერს?! ნუთუ მარტო დინამოს გულშემატკივრებს მოგვეჩვენა, რომ ეს გადაწყვეტილება სუბიექტური, იყო, რომ მსგავს შემთხვევებში წითელ ბარათს არ აჩვენებენ და თუ მსაჯის შეურაცხოფაზე ვსაუბრობთ, ვაწაძე მთელი თამაში "შეურაცყოფდა" მსაჯს, მაგრამ ყვითელი აკმარა მსაჯმა, ისიც ტამაშის ბოლოს.
ლევანი
11:11 23-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული