"ზესტაფონი" მდევარ "მეტალურგს" ერთადერთი ქულით უსწრებს და თუ სხვა დროს ფეროელებისთვის ქუთაისში მოპოვებული ქულაც ნორმალური შედეგი იქნებოდა, ამჯერად გიორგი ჭიაბრიშვილისა და მისი ფეხბურთელების წინაშე ერთადერთი და მკაფიო ამოცანა დგას - გამარჯვება.
დღესდღეობით "ტორპედო" საუკეთესო ფეხბურთს ნამდვილად ვერ თამაშობს, მაგრამ საკუთარ მოედანზე იოლად არასდროს არაფერს თმობს და მაღალი ალბათობით,
არასტაბილური ასპარეზობის მიუხედავად, "ტორპედო" მესამე პოზიციას ინარჩუნებს, რაც ევროპის ლიგის საგზურს იძლევა, მაგრამ მესამე ადგილზე დასამკვიდრებლად მათაც ქულები სჭირდებათ და მიზანიც გამარჯვებაა.
ერთი სიტყვით, "იმერული დერბის" ნახვა ნამდვილად ღირს.
"ტორპედოს" საუკეთესო ბომბარდირი რევაზ გოცირიძე თავის გუნდს ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო დააკლდება და მისი სრულფასოვანი შეცვლა ადვილი სულაც არ უნდა იყოს, "ზესტაფონი" კი ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს.
ამ მატჩს ინტრიგის ძიება სულაც არ სჭირდება, მაგრამ ფაქტია, რაც გეგუჩაძე "ზესტაფონიდან" "ტორპედოში" გადავიდა, "იმერულმა დერბიმ" დამატებითი ინტერესი შეიძინა.
მოკლედ გავიხსენოთ იმერულ კლუბებს შორის მიმდინარე სეზონში გამართული შეხვედრები: ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "ტორპედომ" და "ზესტაფონმა" ერთმანეთის მოედანზე გაიმარჯვეს, დრამატულ სათასო ორრაუნდიან დაპირისპირებაში ზესტაფონელებმა მეტოქე ბოლო წამებზე გატეხეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს, პლეი ოფის პირველ წრეში კი მეტოქეები ერთმანეთს ზესტაფონში შეხვდნენ და უგოლოდ გაიყარნენ.
მარტვილიც ეპიცენტრია
"დინამოს" პრობლემებზე იმდენი ვისაუბრეთ, რომ ახალს და განსაკუთრებულს ნამდვილად ვეღარაფერს ვიტყვით - საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს, პარალელურად კი ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.
ამჟამინდელი თავკაცის, რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით კი "დინამოს", ჯერჯერობით, ძალიან ლოკალური ამოცანის გადაჭრა, ანუ რვამატჩიანი მოუგებელი სერიის შეწყვეტა მართებს. სხვაგვარად, დედაქალაქელები ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსებს მკვეთრად შეიმცირებენ.
თავად განსაჯეთ, რამდენად ძნელი თუ ადვილია მარტვილში გამარჯვება, სადაც "მერანი" თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. მალხაზ ჟვანიას გუნდს საკუთარი ქალაქიდან ბევრი ფავორიტი გაუშვია გამწარებული და მათ შორისაა "დინამოც", რომელსაც "მერანმა" მარცხი 2011 წლის მიწურულს აგემა.
მას შემდეგ, რაც მშობლიურ არენას დაუბრუნდა, "მერანი" უსახური გუნდიდან უმალ იქცა იმ კრებულად, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში გვაკვირვებდა შინაარსიანი და შედეგიანი ფეხბურთით.
"ტორპედოსი" არ იყოს, უკანდასახევი გზა "დინამოსაც" მოჭრილი აქვს და ვნახოთ, დედაქალაქელთათვის ამჯერად მაინც თუ გამოდგება წარმატებული მარტვილში სტუმრობა.
"მეგრული დერბი" ამჯერად ბევრს ვერაფერს გადაწყვეტს, "მეტალურგისა" და "დილას" მატჩი კი, ბუნებრივია, ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა. რუსთაველებს გალიდერების შანსი უჩნდებათ, გორელებს კი ბრინჯაოს მედლების მოპოვების არცთუ ურიგო პერსპექტივა აქვთ.
იმედი გვაქვს, ამ ორი გუნდის შეხვედრაზე ამჯერად მაინც გვექნება რაიმე სათქმელი, თორემ პლეი ოფის პირველ წრეში მათ შორის "ბასაზე" გამართული მატჩის გახსენება ნამდვილად არ ღირს...
გამოკვეთილი სამეული
ტური ორ დღედაა გაყოფილი, რაც უდავოდ კარგია - 28 აპრილს პლეი ოფის მატჩებს მივადევნებთ თვალს და ყურადღების მიღმა არც 29 აპრილს გასამართი პლეი აუტი დაგვრჩება. გასარკვევი ხომ აქაც ძალიან ბევრია.
საჩხერის "ჩიხურამ" პლეი აუტი ბოლნისში განცდილი მარცხით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ერთიმეორის მიყოლებით ჩაატარა შთამბეჭდავი მატჩები და დღეისთვის "გურიასთან" ერთად გათამაშების თანალიდერია.
საჩხერლები პლეი აუტის გამოკვეთილ აუტსაიდერ "მერცხალს" მასპინძლობენ და სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ მორიგ სამ ქულას მოიპოვებენ. ამით კი სოსო ფრუიძის გუნდი უმაღლესი ლიგისკენ კიდევ ერთ დამაჯერებელ ნაბიჯს გადადგამს და იქ მოხვედრას, სავარაუდოდ, ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე გაინაღდებს.
29 აპრილს გასამართ დანარჩენ სამ შეხვედრაში კი გაცილებით უშეღავათო ბრძოლებს უნდა ველოდოთ. სახიფათო ზონაში მყოფი "სპარტაკი" მესამეადგილოსან "ვიტ ჯორჯიას" მასპინძლობს და თუ ვერ მოუგო, სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო დაიმძიმებს. ვეტერინარებს კი კომფორტული სიტუაციის შესანარჩუნებლად გამარჯვება თუ არა, ფრის მიღწევა მაინც მართებთ.
"სიონი" და "ბათუმი" უმაღლეს ლიგაში შესასვლელი ზონის მიჯნაზე იმყოფებიან. როგორც ცხრილიდან ხედავთ, ბოლნისელები ერთქულიან უპირატესობას ფლობენ და ზღვისპირელთა დამარცხების შემთხვევაში, მათ გვარიანად გაუსწრებენ.
რა თქმა უნდა, გამარჯვებისთვის იბრძოლებს "ბათუმიც". გია გურულის გუნდმა ბოლო ორ ტურში ორი საშინაო მოგება მიითვალა და სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა, მაგრამ საბოლოო წარმატებისთვის ეს საკმარისი არ არის - ბათუმელები ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაში არიან.
"გაგრასთვის" კი მომავალი მატჩი ნამდვილად უკანასკნელი შანსია. მძლავრად მოთამაშე "გურიას" დამარცხება რთული საქმეა, მაგრამ საქართველოს თასის შარშანდელ მფლობელებს უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ - ახლაც თუ ვერ მოიგო, "გაგრას" შეუძლია, პირველი ლიგისთვის გაემზადოს. ბუნებრივია, იმ შემთხვევაში, უმაღლესლიგელთა რაოდენობას თუ არ გაზრდიან.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მეორე ეტაპი. IX ტური
პლეი ოფი
28.04. ქუთაისი. ტორპედო. 18:00.
ტორპედო-ზესტაფონი
28.04. ზუგდიდი. ბაიას ბაზა 16:00.
ბაია-კოლხეთი
28.04. მარტვილი. ცენტრალური. 16:00.
მერანი-დინამო
28.04. რუსთავი. ფოლადი. 16:00.
მეტალურგი-დილა
პლეი აუტი
29.04. თბილისი. მერანი. 16:00
გაგრა-გურია
29.04. საჩხერე. ცენტრალური. 16:00
ჩიხურა-მერცხალი
29.04. ბოლნისი. თ.სტეფანია. 16:00
სიონი-ბათუმი
29.04. თბილისი. ბენდელა. 16:00
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"