დიდი შემოტრიალება
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად, რაღა თქმა უნდა, "იმერული დერბი" იყო მიჩნეული და "ტორპედო"-"ზესტაფონის" დაპირისპირებამ გულშემატკივართა ინტერესი გაამართლა. სამსაჯო თემა ამ პრინციპულ მატჩში საკამათო არ გამხდარა და თამაშის მნიშვნელობიდან გამომდინარე, არც ის ფაქტი უნდა გაგვკვირვებოდა, არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა ორივე გუნდის ფეხბურთელებს 6 ყვითელი ბარათი რომ უჩვენა. უჩვეულო კი ამ მატჩში სხვა (თან, რამდენიმე) რამ იყო: გასაგებია, რომ "ტორპედოს" ამ შეხვედრამდე გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული და რამაზ მუმლაძის გუნდი ცხრილის უკანასკნელ საფეხურზე იმყოფებოდა...
თუმცა, ყველაფერ ამის მიუხედავად, მაინც მოულოდნელობად მოგვეჩვენა წამყვანი უცხოური (!) საბუქმეიქერო კანტორების ფსონები: "ტორპედოს" მოგებაზე კოეფიციენტი... 9 იყო! მაგრამ, გავანებოთ ბუქმეიქერთა შეფასებას და არანაკლები სიურპრიზი ელოდათ მასპინძელთა ქომაგებს "ზესტაფონის" შემადგენლობის გაცნობისას: წინა ტურში, "ბაიასთან" წაგებული მატჩისგან განსხვავებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ძირითადში ერთდროულად 5 ცვლილება მოახდინა!
ისე, მართლაც დიდი ფუფუნებაა, როცა სათადარიგოთა სკამზე თორნიკე აფციაური, ნიკოლოზ გელაშვილი, კახა ალადაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, გოგა ფიფია და ზურაბ მამალაძე გეყოლება (გიორგი ხიდეშელი 18-კაცშიც არ იყო); რამდენიმე ცვლილება იყო სტუმართა გუნდშიც: რამაზ მუმლაძემ წინა ტურისგან განსხვავებით ძირითადში ანდო ადგილი გიორგი გურულს, ნიკოლოზ კვასხვაძესა და ახალგაზრდა მერაბ გიგაურს.
...ტურის წინათქმაშიც ვივარაუდეთ, რომ ერთობ საინტერესო უნდა ყოფილიყო მოწინააღმდეგე გუნდებში მოასპარეზე... ძმების დაპირისპირება; ასეც მოხდა: მასპინძელთა მეკარის როინ კვასხვაძის კარში გასული გოლი "ტორპედოს" მარჯვენა ნახევარმცველის ნიკოლოზ კვასხვაძის კუთხურს მოჰყვა. შევნიშნავთ, რომ თენგიზ ჩიკვილაძის მიერ გატანილი გოლი ამ სეზონში "ტორპედოსათვის"... მეორე იყო და საერთოდაც, ქუთაისელებმა პირველი ტაიმის ბოლომდე შეძლეს უპირატესობის შენარჩუნება. რაღა რჩებოდა: 45 წუთი და ჩემპიონატის დაწყების წინ ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხული გუნდი პირველ გამარჯვებას მოიპოვებდა და "ტორპედოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებიც, გარკვეულწილად, უმძიმესი ფსიქოლოგიური წნეხისგან განთავისუფლდებოდნენ.
მოკლედ, ყველაფერი აქეთკენ მიდიოდა. თანაც ახალ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა წინა ჩემპიონატის უდავო აღმოჩენამ მაქსიმე ქვილითაიამ: "ტორპედოს" მეკარემ თავისი გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა აშკარა ხიფათისგან. თუმცა, ქვილითაიაც უძლური იყო მასპინძელთა გააფთრებული შეტევების შესაჩერებლად: გია გეგუჩაძემ II ტაიმის დასაწყისში მოედანზე "მძიმე არტილერია" შემოიყვანა (თორნიკე აფციაური, ნიკოლოზ გელაშვილი, კახა ალადაშვილი) და "ზესტაფონმა" ჯერ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, ხოლო შეხვედრის ბოლოს სულაც გამარჯვების მოპოვება მოახერხა! აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი "ზესტაფონის" საყრდენმა ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა გაიტანა - ეს ბიჭი ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი და შეუცვლელი ფეხბურთელი გახლდათ და, ვიმედოვნებთ, ეროვნულში მოხვედრაზეც პრეტენზია უნდა გაუჩნდეს. ამ გამარჯვებით "ზესტაფონმა" III ადგილზე გადაინაცვლა, აი, "ტორპედო" კი კვლავაც ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება...
სამსაჯო საკითხი
ჩემპიონატის სტარტიდან ტური არ გასულა, სულ მცირე, ერთი მოულოდნელი შედეგი არ დაფიქსირებულიყო. ამ მხრივ გამონაკლისი არც ეს გამოტოვებული ტური იყო: ახალი სეზონის წინ მოღონიერებული და გამოცდილი ფეხბურთელებით გაძლიერებული "ბაია" ქულებს თუ დაკარგავდა, ძნელად წარმოვიდგენდით. მით უმეტეს, არ დაგვავიწყდეს, რომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჯერ "ტორპედოს" სძლია, შემდეგ კი "ზესტაფონს".
ანუ, ფაქტობრივად ჩემპიონატის დაწყების წინ დაკომპლექტებულ და შეკრებაგაუვლელ "სიონთან" მატჩის წინ ფავორიტად რომ "ბაიას" მივიჩნევდით, არავისთვის გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო. თუმცა სტუმრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ უმძიმეს გამოცდას ჩინებულად გაუძლეს და წამები დააკლდათ... ამ ჩემპიონატის ყველაზე ხმაურიან სენსაციამდე. ჰო, მართლაც ძნელია, როცა ძლიერ და ამბიციურ მეტოქეს სტუმრად ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებ და მხოლოდ ფრეს სჯერდები, თანაც, "სიონის" მწვრთნელ-ფეხბურთელთა აზრით, მატჩის არბიტრმა გიორგი დოგრაშვილმა მასპინძელთა სასარგებლოდ ისეთი შეცდომები დაუშვა, შეხვედრის საბოლოო შედეგზე გავლენა რომ იქონია.
აკი განაცხადა კიდეც მატჩის შემდეგ სტუმართა დებიუტანტმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა, რომ მათ კარში დანიშნული პენალტიც მოგონილი იყო და მეორე გოლიც "თამაშგარედან" გასული; პლუს ამას, "სიონის" სასარგებლოდ არბიტრს პირველ ტაიმში პენალტი არ დაუდია... სხვათა შორის, ამ მატჩში მსაჯობით უკმაყოფილო... მეორე მხარეც იყო - "ბაიას" თავკაცის ელგუჯა ქომეთიანის აზრით, "სიონს" მეორე გოლი თამაშგარედან გაუტანია!
ვერაფერს ვიტყვით, მართლაც არ იყო "ჩვეულებრივი" მატჩი, სადაც მასპინძელთა გამოცდილმა ცენტრფორვარდმა გიორგი მეგრელაძემ "დუბლი" (ზედიზედ მეორედ ამ ჩემპიონატში) შეასრულა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა. რაც შეეხება სტუმართა გოლებს, თავი გამოიჩინეს გამოცდილმა რევაზ გოცირიძემ და ახალგაზრდა ვილი ისიანმა, აღსანიშნავია, რომ 19 წლის ფორვარდისათვის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი იყო.
ჩვენი ინფორმაციით "სიონის" ხელმძღვანელობა "გაჩუმებას" არ აპირებს და მიკერძოებული მსაჯობისათვის შეხვედრის არბიტრის ქმედებების შეფასებასაც ითხოვს. არ დავმალავთ, ჩვენთვისაც საინტერესოა ამ უხვგოლიანი მატჩის სადავო ეპიზოდების ხილვა: ეს ეხება დანიშნულ თუ არდანიშნულ პენალტებსაც და სტუმარ-მასპინძელთა მიერ გატანილ მეორე გოლსაც (ორივე გუნდის მწვრთნელის აზრით, "თამაშგარედან" რომ გასულა)...
მინიმალური და დამაჯერებელი
მსაჯობით კმაყოფილი არც "დინამოა": მართალია, კახა კაჭარავას გუნდმა, ასე ვთქვათ, დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა "სპარტაკთან", მაგრამ მასპინძლების აზრით, სტუმართა კარში გატანილი მეორე გოლი ტყუილუბრალოდ გაუუქმეს. შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ეს მატჩი მინიმალური სხვაობით (1:0) მოიგო და ეს, ცოტა არ იყოს, "ფრთხილი" ანგარიში მატჩის ბოლომდე შენარჩუნდა. თუმცა, შეხვედრის 81-ე წუთზე შეცლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშეს და გიორგი თექთურმანიძის მოხდენილი პასის მერე ნიკოლოზ ფირცხალავამ სტუმართა გამოცდილი მეკარე სოსო გრიშიკაშვილი უშანსოდ დატოვა.
ამ ეპიზოდში ლაინსმენსმა ალამი აწია და ფირცხალავაზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, არბიტრი გიორგი ვადაჭკორიაც კოლეგის გადაწყვეტილებას დაეყრდნო და გოლი გააუქმა. არადა, გუშინ საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე ამ ეპიზოდის ამსახველი ვიდეო-ფრაგმენტის ნახვისას ადვილად დარწმუნდებით, რომ მასპინძელთა მეორე გოლი... თამაშის წესებით სრული დაცვით გავიდა...
და ისევ, "დინამოზე": ძირითად შემადგენლობაში იასპარეზა ირაკლი ლილუაშვილმა, რაც შეეხება მეორე ახალწვეულს, დავითი მუჯირს ამჯერად შეხვედრაში მონაწილება არ მიუღია. ამათ გარდა, სულ მალე "დინამოში" კიდევ ორი ცნობილი ფეხბურთელი ჩაირიცხება: გია კვარაცხელია და გიორგი ციმაკურიძე.
სამსაჯო თემა აქტუალური იყო ფოთშიც, სადაც "კოლხეთმა" მინიმალური სხვაობით დაამარცხა ფინანსურად შეჭირვებული, მაგრამ მუდამ ბოლომდე მედგრად მებრძოლი "სამტრედია". "ზესტაფონი"-"ტორპედოს" მატჩის მსგავსად, აქაც გადამწყვეტი მნიშვნელობა შეცვლებმა იქონია. "კოლხეთის" თავკაცმა ბესიკ შეროზიამ აშკარად ეფექტიანი სვლა გააკეთა: შეცვლაზე შემოსულმა პაატა ცხვიტარიამ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. ერთ ეპიზოდში კი სტუმრები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ...
შედარებით მშვიდად ჩაიარა ჩემპიონისა და ექსჩემპიონის დაპირისპირებამ; თუმცა, მატჩის დასრულების შემდეგ სტუმართა თავკაცი მერაბ კოჭლაშვილი არბიტრებს, ალბათ, შეცდომებზე მიუთითებდა (ოღონდ, ყოველგვარი ხმაურისა თუ სკანდალის გარეშე). "ვიტ ჯორჯიას" მწვრთნელი, ალბათ, იმ ეპიზოდს გულისხმობდა, თავისი გუნდის შეტევის დროს "ოლიმპის" მცველმა ჯაბა ლიპარტია რომ წააქცია და ამით "ვეტერინართა" სახიფათო შეტევა ჩაშალა. მაგრამ, იმ ეპიზოდში ბურთი სტუმრებს დარჩათ და არბიტრმა ლევან კვარაცხელიამ თამაშიც არ გააჩერა, - ოღონდ აპელაციისათვის... ლიპარტია გააფრთხილა!
ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ არა გვგონია, ამ ეპიზოდს მატჩის საბოლოო შედეგზე ემოქმედოს: "ოლიმპმა" მეტოქეს გამოცდილებითაც აჯობა და სახიფათო მომენტების რეალიზაციის ხარისხითაც. აქვე, ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ მშვენივრად გამოიყურება რუსთაველთა გუნდის ორივე ახალწვეული: ცენტრფორვარდი გიორგი ბერიაშვილი და საყრდენი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე; რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "ოლიმპის" რამდენიმე "ცნობად" ახალწვეულზე: სამწუხაროდ, მხოლოდ "სახელ-გვარით"... საქართველოს ჩემპიონატშიც ვერ ითამაშებ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"