ორი ტურის წინ გორელთა კაპიტანმა პრინციპული დაპირისპირება რუსთავის "მეტალურგის" წინააღმდეგ გამოტოვა. მას მონაწილეობა ამ გუნდების არც პირველ შეხვედრაში მიუღია.
რა იყო უთამაშებლობის მიზეზი ამ მატჩებში? ამ და სხვა თემებზე "ლელო" ლაშა სალუქვაძეს ესაუბრა:
- ორი ტურის წინ რუსთავში" მეტალურგის" წინააღმდეგ პრინციპულ დაპირისპირებაში მონაწილეობა შენ და კიდევ რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა არ მიიღეთ. თანაც, პირველ დაპირისპირებაზეც იყო გარკვეული მითქმა-მოთქმა. ამ შეხვედრებში წამყვანი ფეხბურთელების არყოფნას რით ახსნით?
- გარიგებასა და
ჩემს უთამაშებლობას რაც შეეხება, გეტყვით, რომ ოპერაცია მაქვს გაკეთებული, ხელოვნურ საფარზე ვარჯიშიც კი მიძნელდება. ნაოპერაციები კუნთი ხელოვნურზე მალე მტკივდება.
- ხოჯავა და ვაწაძე?
- ხოჯავას მუხლის ტრავმა აწუხებს. როგორც ვიცი, ვაწაძესაც რაღაც სტკიოდა.
- ხელოვნურ საფარზე იმავე "მეტალურგის" წინააღმდეგ "მცხეთა პარკზე" ხომ ითამაშეთ, ახლა გახდა მინდორი პრობლემა?
- დიახ, ვითამაშე და თვენახევარი მტკიოდა კუნთი. რატომ გავიმიზეზო? გუნდს ჰყავს საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა და მწვრთნელმა შანსი მისცა სხვა ფეხბურთელებს. თავად ვთხოვე დასვენება და ეს მწვრთნელის სურვილი არ ყოფილა.
- გუნდისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია - თასის მოგება თუ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავება?
- რა თქმა უნდა, თასი. თუ ფინალს მოვიგებთ, ავტომატურად უეფაზეც გავდივართ, თუმცა გარანტირებული არაფერია და მესამე ადგილიდანაც უნდა ვეცადოთ გასვლას. თუმცა, ვიმეორებ, თუ ფინალს მოვიგებთ, უკეთესი იქნება.
- თუ ევროსაგზურს მოიპოვებთ, მზადაა "დილა", ღირსეულად გამოვიდეს ევროსარბიელზე?
- ვფიქრობ, რომ რამდენიმე ფეხბურთელის დამატება სჭირდება გუნდს. ჩვენი ჩემპიონატი მაინც არ არის ისეთი მაღალი დონის და აქ გუნდები გპატიობენ შეცდომებს. ევროსარბიელზე გაცილებით მაღალი კლასის გუნდებთან გიწევს თამაში და იქ არავინ დაგინდობს. მაღალი დონის რამდენიმე მოთამაშე გააძლიერებდა "დილას".
- ლეგიონერები გყავს მხედველობაში?
- თუნდაც ლეგიონერი იყოს, მაგრამ საქართველოშიც არიან კარგი ფეხბურთელები.
- საქართველოს ჩემპიონატს რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდი. დონე მომატებული დაგხვდა?
- 8 წლის წინათ, როდესაც აქ ვთამაშობდი, უფრო მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობდნენ ჩვენს ჩემპიონატში. ერთი პერიოდი ჩავარდნა იყო. ახლა უკეთესობისკენ არის ძვრები, თუმცა ჯერ კიდევ შორსა ვართ სასურველ დონემდე.
ინფრასტრუქტურა, ბაზები - აქედან იწყება ყველაფერი. საკუთარი სავარჯიშო და სათამაშო მოედანი თუ გექნება, უკვე სხვა მიდგომაა.
- გულშემატკივარს აინტერესებს, ამ სეზონის დასრულების შემდეგ დარჩები თუ არა "დილაში"?
- ჯერ ამ თემაზე არ გვილაპარაკია. კონტრაქტი დამიმთავრდება და შემდეგ გადავწყვეტ დარჩენა-არდარჩენის საკითხს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"