მერანი-დილა 1:2 - გადამწყვეტი სამი წუთი

AutoSharing Option
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ "მერანისა" და "დილას" დაპირისპირება საინტერესო და, ამავე დროს, უაღრესად დაძაბული გამოდგა. ევროსაგზურისათვის მებრძოლ გორელებს ძალიან გაუჭირდათ ამ მატჩის სასურველი შედეგით დასრულება.

საკადრო პრობლემები ორივე გუნდს ჰქონდა: მასპინძლებს უკანასკნელ პერიოდში ჩინებულად ათამაშებული პაპუნა ფონიავა აკლდათ, ხოლო გორელთაგან შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ წამყვანი ფეხბურთელები: მათე ვაწაძე და გიგა ბეჭვაია.

საწყისი წუთები თეიმურაზ შალამბერიძის შეგირდების აქტიურობით წარიმართა, ისინი უტევდნენ და შესაბამისად, დასამახსოვრებელი მომენტებიც მრავლად შექმნეს: გამოსაყოფია სანდრო გურულისა და ლაშა სალუქვაძის ეპიზოდები; მომდევნო შეტევისას კი შოთა კაშიას
დარტყმა შორი მანძილიდან, რომელიც მეკარემ მოიგერია.

ამ ჩავარდნის შემდეგ მერანელებიც გამოცოცხლდნენ: ანზორ სუხიაშვილის ძლიერად დარტყმული სკენდერმა კუთხურზე მოიგერია. იქვე იობაშვილმა სცადა გატანა, თუმცა არ გაუმართლა.

მარტვილელებმა თამაშში კორექტივები აშკარად შეიტანეს და ცხადი იყო, რომ გოლი მწიფდებოდა. თუმცა მანამდე იყო მასპინძელთა მარცხენა მცველის, ანზორ სუხიაშვილის მიერ დაახლოებით 50-მეტრიანი პასი, რომელმაც ერთი-ერთზე გაიყვანა ელგუჯა გრიგალაშვილი, მაგრამ ამ უკანასკნელს ბოლო წამს ბურთზე ფეხი ცუდად მოუხვდა და წაიქცა.

მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა შეტევები განაგრძეს და 30-ე წუთზე იხეირეს კიდეც: უბერებელი გივი დიდავას მიერ წამოწყებული იერიში მარჯვენა ფრთაზე მუნინი ტაპემ განაგრძო, რომელმაც შესანიშნავად დაინახა გიგა ამბროლაძე. მანაც ხელსაყრელი პოზიციიდან არ დააღალატა თავისიანები - 1:0.

თამაში თანაბარ ბრძოლაში გაგრძელდა. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსი ვერ გამოიყენეს: გიორგი კახელიშვილის მიერ სახიფათოდ ჩამოწოდებულ ბურთს კაპიტანმა ლაშა სალუქვაძემ შეაგება თავი. მასპინძლები ხარიხამ იხსნა. ცოტა ხანში ხოჯავამაც სცადა ბედი, თუმცა ჯონი შეროზიამ ითამაშა საიმედოდ.

თუკი შესვენებამდე "მერანი" არ ჰგავდა წასაგებად განწირულს, მეორე ნახევარში სტუმართა სასარგებლოდ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდებოდა. მერანელები, რომლებიც მთელი სეზონის მანძილზე დროის ამ მანაკვეთში თამაშობდნენ ძლიერად, უკანასკნელ პერიოდში, ფაქტობრივად, ხეირიანს ვერაფერს ქმნიან.

ასე მოხდა ამჯერადაც. სამაგიეროდ, "დილამ" მოინდომა და ყველაფერი გამოუვიდა. ქართლელების აქტიურობამ შედეგი 62-ე წუთზე გამოიღო: მარჯვენა ფრთაზე კარგად ითამაშა გიორგი კახელიშვილმა, რომელმაც საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა. ბურთი შემთხვევით ვალერი იობაშვილს მოხვდა და კარის ბადეში აღმოჩნდა.

გაშვებული გოლიდან ზუსტად სამ წუთში "დილამ" მორიგი კონტრშეტევა განახორციელა. გათამაშებული მრავალსვლიანი კომბინაცია რევაზ ბარაბაძემ დაასრულა ზუსტი დარტყმით და 1:2.

სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ შეხვედრის არბიტრს აშკარად გაექცა სადავეები ხელიდან, მთელ რიგ ეპიზოდებში არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს ღებულობდა, რამაც რასაკვირველია, ფეხბურთელებზეც იქონია გავლენა. შედეგად, მე-80 წუთზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა მოედანზეც და ტრიბუნაზეც, რასაც გოჩა ხოჯავას გაძევება და მანწკავას გაფრთხილება მოჰყვა.

მატჩის დასკვნით ნაწილში "მერანის" აფეთქებას ველოდით, თუმცა მათ მხოლოდ ტერიტორიული უპირატესობის მოპოვება მოახერხეს.

გამოსარჩევი მანწკავას დარტყმა იყო, მცირე მანძილით რომ ასცდა მოწინააღმდეგის კარს. აქვე საფინალო სასტვენის ხმაც გაისმა...

მატჩის შემდეგ
არჩილ ჩხაბერიძე (მერანი): "მოგეხსენებათ, ორივე გუნდი შემტევი სტილის ფეხბურთს თამაშობს და, აქედან გამომდინარე, მაყურებელიც ვერ მოიწყენდა. მატჩში მრავლად იყო გაჩერებები, რამაც იქონია ფეხბურთელებზე გავლენა. ამას დაემატა მომენტების გამოუყენებლობა, რის გამოც დავისაჯეთ. ვულოცავ "დილას" ამ გამარჯვებას".

თეიმურაზ შალამბერიძე (დილა): "მერანი" მებრძოლი გუნდია და ეს დღესაც დამტკიცდა. ერთიც, ეს ფეხბურთელები უკეთეს მოედანზე თამაშს იმსახურებენ. რაც შეეხება თამაშს, მაღალ ტემპში წარიმართა. გადამწყვეტი ჩვენთვის მეორე ტაიმი აღმოჩნდა. ვისარგებლეთ მეტოქის პასიურობით და საბედნიეროდ, საბოლოო გამარჯვებაც მოვიპოვეთ".

12.05. მარტვილი. ცენტრალური. 1800 მაყურებელი
მერანი-დილა 1:2
1:0 ამბროლაძე (30. ტაპეს პასით), 1:1 იობაშვილი (62.საკუთარ კარში), 1:2 ბარაბაძე (65. არზიანის პასით)

მერანი (4-3-3) დილა (4-4-2)
შეროზია სკენდერი
გეგეჭკორი ალადაშვილი
იობაშვილი სალუქვაძე
გ. ჟვანია ინწკირველი
სუხიაშვილი მეგრელიშვილი
დიდავა კახელიშვილი
მანწკავა კაშია
ე. გრიგალაშვილი არზიანი
ამბროლაძე ს. გურული
ტორონჯაძე ხოჯავა
ტაპე ბარაბაძე
მწვრთნელი: მწვრთნელი:
მ. ჟვანია თ. შალამბერიძე

მერანი
66.ტორონჯაძე - წოწორია
88.გეგეჭკორი - ტორაძე
სათადარიგოები: შენგელია, კაკუშაძე, კიკალიშვილი, მელიავა, ვართაგავა

დილა
76.ბარაბაძე - თოთაძე
76.არზიანი - ახალკაცი
89.კახელიშვილი - ჯიქია
სათადარიგოები: შეყილაძე, ქარქუზაშვილი, ნ. ნოზაძე, კანდელაკი

გაფრთხილება: არზიანი (11), დიდავა (56), მანწკავა (80)

გაძევება: ხოჯავა (80)

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული