ახლა კი მოახლოებულ ტურზე ვისაუბროთ, - ტრადიციულად, ერთი ცენტრალური მატჩი რომ გველოდება და საერთოდაც, სატურნირო ცხრილში გარკვეული ცვლილებებიც რომ უნდა "მოგვიტანოს"...
ოლიმპი-ბაია
ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად, რაღა თქმა უნდა, "ოლიმპი"-"ბაიას" შეხვედრა მივიჩნიეთ. სხვისი რა მოგახსენოთ და ჩვენ კი უშეღავათო ბრძოლის მოლოდინში ვართ: ქვეყნის ჩემპიონსა და ამჟამინდელ ლიდერს არანაკლებ ძლიერი მოწინააღმდეგე ეყოლება; თანაც, წინა და ახლანდელი სეზონის "ბაიას" შედარება არც შეიძლება: XXII ჩემპიონატში ზუგდიდურ გუნდს აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს და ამის გამოც, ხვალინდელ მატჩში გამოკვეთილი ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ მეტოქეს ვერ მივანიჭებთ. არადა, წინა სეზონი შემთხვევით ნამდვილად არ გვიხსენებია: "ოლიმპისათვის" თუ რომელიმე გუნდს ეთქმოდა სასურველი მეტოქე, "ბაია" იყო.
ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, წინა სეზონის 4 დაპირისპირებიდან რუსთაველებმა 3 მოიგეს და მხოლოდ 1 შეხვედრა ფრედ დაასრულეს. რაც მთავარია, ამ ოთხივე დაპირისპირებაში "ბაიას" კარში გოლი გაჰქონდა ანდერსონ აკინოს, - XXI ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირსა და საუკეთესო ფეხბურთელს. თუმცა, ამჟამად "ოლიმპში" აღარც აკინოა, აღარც მისი თანამემამულე ალექს ფრაგა და საერთოდაც, ჩემპიონი გუნდის შემადგენლობიდან მხოლოდ 3 (!) ფეხბურთელიღაა დარჩენილი: დენის დობროვოლსკი, თემურ ღონღაძე და გიორგი რეხვიაშვილი.
თუმცა "ოლიმპისათვის" ყოველ 6 თვეში მომხდარი საკადრო "რევოლუცია" არახალი ამბავია და ფეხბურთელების ასეთი მასიური "მიდი-მოდი" გუნდის შედეგებზე უარყოფითად არ მოქმედებს. ამის დასტურად ახალი სეზონიც გამოდგება: თემურ მახარაძის გუნდი კვლავაც ჩემპიონობის ერთ-ერთი კანდიდატია; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ოლიმპს" წინასგან განსხვავებით, ამ სეზონში წარმატების მიღწევა ბევრად გაუჭირდება. ამის ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი კი... კონკურენტების გაძლიერებაც არის და სიმრავლეც; მათ შორის "ბაიაც" უნდა ვახსენოთ: ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებითა და რამდენიმე პერსპექტიული ახალგაზრდით ურიგო შთაბეჭდილებას ნამდვილად რომ არ ტოვებს.
მოკლედ, მართლაც საინტერესო მატჩის მოლოდინში ვართ და არანაკლებ ინტრიგას გვიტოვებს ამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის გიორგი მეგრელაძის ასპარეზობაც. შეგახსენებთ, რომ "ბაიას" გამოცდილი ცენტრფორვარდი შარშან ზაფხულში... "ოლიმპიდან" საკუთარი სურვილით ნამდვილად არ წასულა...
დინამო-სამტრედია
"ოლიმპისგან" განსხვავებით შედარებით იოლი მატჩი ელის გათამაშების მეორე ლიდერს თბილისის "დინამოს"; ჯერ ერთი, შემადგენლობითაც და ფინანსებითაც "ბაია" "სამტრედიას" ბევრად აღემატება; ეგაც რომ არ იყოს, "დინამომ" წინა ტურიც საკუთარ მოედანზე ჩაატარა, მაშინ როცა, "სამტრედია" ჯერ ფოთს ესტუმრა, ახლა კი დედაქალაქისკენ გამოეშურება (თან, ყველაფერი 3-დღიანი ინტერვალით ხდება). ისედაც, ყველასათვის ნათელია, რომ "დინამოსა" და "სამტრედიას" ამ სეზონში აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები ექნებათ.
"ზღაპრებისა" არ იყოს, კახა კაჭარავას გუნდიც დღითი-დღე ძლიერდება და უცხოეთიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს (დავით მუჯირი, გია კვარაცხელია, ირაკლი ლილუაშვილი, გიორგი ციმაკურიძე) იმატებს. სასიხარულოა, რომ მალე შეუერთდებიან გუნდს გამოჯანმრთელებული ფეხბურთელებიც - მათე ვაწაძე და ედნილსონი, ანუ, ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბში ისეთი კონკურენციაა მოსალოდნელი, ნებისმიერი მწვრთნელი რომ ინატრებდა. "სამტრედიაზე" კი აუგს ვერავინ იტყვის: ისედაც მწირი ფინანსური შესაძლებლობების მქონე გუნდი ყველა მატჩში მაქსიმუმისთვის იბრძვის.
ახალგაზრდა მწვრთნელმა გელა სანაიამაც საქმით დაამტკიცა, რომ მისი I ლიგაში "მოცდენა" საცოდაობა იქნებოდა: ისე როგორც წინა სეზოში "ლოკომოტივს", ამჟამინდელ "სამტრედიასაც" ეტყობა, რომ... მწვრთნელი ჰყავს! თუმცა, ვეჭვობთ, რომ ხვალინდელ ამ შეხვედრაში სტუმრებმა რაიმე სიურპრიზი შემოგვთავაზონ: "დინამოს" მწვრთნელ-ფეხბურთელებს საკმარისზე მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეთ თავისზე შედარებით სუსტ მეტოქესთან მატჩში.
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია
"სამტრედიას" მსგავსად, ამ სეზონში "სპარტაკის" მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება უნდა იყოს. გოჩა ჩიქოვანის გუნდი 5 ტურის შემდეგ ბოლოსწინა ადგილზე კი იმყოფება, მაგრამ "სპარტაკის" მდგომარეობას კატასტროფულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ბოლოს და ბოლოს, ნუ დაგვავიწყდება, იმ სამივე წაგებულ მატჩში "სპარტაკს" მეტოქეებად რომელი გუნდები ჰყავდა: "ოლიმპი", "ზესტაფონი", "დინამო". ანუ, იმის თქმა გვსურს, რომ გუნდს... "დაუგეგმავი" სამი ქულა ჯერ არ დაუკარგავს (თუ არ ჩავთვლით I ტურში საშინო ფრეს "სამტრედიასთან"), თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც ძნელია ხვალინდელ შეხვედრაში "სპარტაკის" უპირობო ფავორიტობაზე საუბარი: ერთიანად გაახალგაზრდავებული და სახეშეცვლილი "ვიტ ჯორჯია", ტურიდან ტურამდე ამტკიცებს, რომ ამ სეზონში გუნდს არაერთი სიურპრიზის შემოთავაზება შეუძლია.
არადა, თითქოსდა, სეზონის დაწყების წინ წამყვანი ფეხბურთელების წასვლა არ ეყოფოდათ, "ვიტ ჯორჯიას" ახლა უკვე ტრავმების ეპიდემია მოეძალა, მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, მერაბ კოჭლაშვილის გუნდი ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზებით ასპარეზობს და დროთა განმავლობაში, ეს ახალგაზრდული კოლექტივი უფრო მეტად ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოყალიბდება. სხვათა შორის, "სპარტაკი" და "ვიტ ჯორჯია" უმაღლეს ლიგაში, აქამდე 9-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და "ვეტერინართა" უპირატესობაც ისეთია, აშკარაზე მეტი რომ ჰქვია: 6 გამარჯვება, 3 ფრე და არც ერთი წაგება!
ზესტაფონი-კოლხეთი
"ზესტაფონს" სამი დღის წინ უმძიმესი "იმერული დერბი" ჰქონდა "ტორპედოსთან" და ბუბა დაუშვილის "დუბლის" წყალობით გაიმარჯვა. "ტორპედოსთან" ჩატარებულ იმ მატჩში ბევრს გაუკვირდა "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელის გია გეგუჩაძის გადაწყვეტილება, როცა გუნდის რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა.
თუმცა არანორმალურად მჭიდრო კალენდრიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დამტკიცდა ("ზესტაფონის" მაგალითზე), მეტ-ნაკლებად ამბიციურ გუნდს გრძელი სათადარიგოთა სკამი რომ უნდა ჰქონდეს. აი, ამ მხრივ კი, "ზესტაფონის" ერთგულ ქომაგებს საქმე სანერვიულოდ არ ექნებათ - გუნდში 23-25 არა, მაგრამ 17-18 მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალის ფეხბურთელი ნამდვილად არის. ამით კონკურენციაც იზრდება და ტრავმირებულ თუ დისკვალიფიცირებულ ფეხბურთელთა უმტკივნეულოდ შეცვლაც ხერხდება; აღარაფერს ვამბობთ იმ მეტად მნიშვნელოვან ფაქტორზე, როცა მეტოქემ არც კი იცის, თუ რომელი ფეხბურთელ(ებ)ისგან ელოდოს საფრთხეს...
"ზესტაფონმა" 3 საშინაო მატჩი ჩაატარა და სამივეში გაიმარჯვა, "კოლხეთმა" სტუმრად 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივეჯერ ფრე გაახერხა; ამ მაჩვენებლების გარდა ყურადღება იმასაც უნდა მივაქციოთ, რომ "ზესტაფონს" ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი, "კოლხეთი" კი უმაღლეს ლიგაში დაცვაში საიმედო თამაშით გამოირჩევა.
უმაღლეს ლიგაში "ზესტაფონი" და "კოლხეთი" ერთმანეთს ექვსჯერ შეხვედრიან და ხვალინდელ მატჩამდე აბსოლუტური თანაფარდობაა: მეტოქეებმა 3-3 შეხვედრა მოიგეს. "ზესტაფონს" მხოლოდ და მხოლოდ ბურთების სხვაობაში (ისიც, მინიმალური) აქვს უპირატესობა: 8-7.
ტორპედო-სიონი
ერთი შეხედვით, რა დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ჩემპიონატის სტარტზე სატურნირო ცხრილის X და VII ადგილზე მყოფი გუნდების შეხვედრას; თუმცა "ტორპედო"-"სიონის" დაპირისპირება "რიგითი" მატჩი რომ არ იქნება, ამაში ბევრი დაგვეთანხმება. დავანებოთ თავი იმ ფაქტს, რომ თავის დროზე "ტორპედოც" და "სიონიც" საქართველოს ჩემპიონები ყოფილან; აღარც იმ მტკივნეულ თემას შევეხებით, ქუთათურებს ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე რომ აწუხებთ: უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული და სერიოზულად (ყველანაირ ასპექტში) გაძლიერებული "ტორპედო" გამარჯვებას ვერაფრით ახერხებს; უბრალოდ, მართლაც საინტერესოა, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ "ტორპედოსა" და "სიონის" ფეხბურთელები... წინა ტურის "შოკიდან" გამოსვლას!
შეგახსენებთ, "ტორპედოს" წამები დააკლდა ზესტაფონიდან ქულის წამოსაღებად (თანაც, I ტაიმი სულაც თავის სასარგებლოდ დაამთავრა), ხოლო "სიონი" ზუგდიდში 2 ბურთის სხვაობით ამარცხებდა "ბაიას" და ბოლნისელებმაც მხოლოდ მატჩის მიწურულს გაუშვეს ხელიდან გამარჯვება. ოღონდ, იმ ორ შეხვედრას შორის ერთი, თან არცთუ უმნიშვნელო განსხვავებაც იყო: "ტორპედოს" მტკივნეული მარცხში არბიტრებს ვერავინ დაადანაშაულებდა, აი, ბოლნისელები კი დღემდე მიიჩნევენ, რომ ზუგდიდში არაობიექტური და აშკარად ტენდენციური მსაჯობის მსხვერპლნი გახდნენ. ასეა თუ ისე, ქუთაისიც I გამარჯვების მოლოდინშია და "სიონიც" რომ ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის, იმავე "ბაიასთან" მატჩშიც დაამტკიცა...