სპარტაკი-ბათუმი 1:3 - "ბენდელაზე" სისხლიც დაიღვარა

AutoSharing Option
ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგას დაუბრუნდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ბათუმელებმა ყველა კომპონენტში აჯობეს ცხინვალის "სპარტაკს" და დასახულ მიზანს უწიეს.

"ბენდელაზე" ხალხმრავლობა იყო. პატარა სტადიონი საკმარისი არ აღმოჩნდა, ყველა მსურველი ვერ დაიტია. "ბათუმს" ასეულობით გულშემატკივარი უჭერდა მხარს და არასასიამოვნო ინციდენტიც მოხდა. ჯერ კი უშუალოდ თამაშზე გეტყვით.

"ბათუმი" მოწინააღმდეგეზე მონდომებული ჩანდა. სტუმრები უფრო მობილიზებულები იყვნენ, მაღალი კონცენტრაცია მთელი მატჩის განმავლობაში შეინარჩუნეს.

ძალიან ნერვიული შეხვედრა იყო და "ბათუმი" ამისთვისაც მზად აღმოჩნდა - დაძაბულობას გაუძლო.

"სპარტაკმა" ბურთზე კონტროლის მოპოვება ვერ მოახერხა. "ბათუმი" კი
სწრაფ შეტევებზე აკეთებდა გათვლას, მეტოქის შეცდომებზეც ფხიზლად იყო დადარაჯებულ-ჩასაფრებული.

ერთხელაც სპარტაკელებმა ვერ ამოიტანეს ბურთი კარგად. უმეთვალყურეოდ დარჩენილმა გელა გოგიტიძემ ამ ყველაფრით კარგად ისარგებლა და საჯარიმოს ხაზიდან ზუსტად შეასრულა საგოლე დარტყმა.

მასპინძლები სიტუაციის გამოსწორებას შეეცადნენ. ლაშა ჩაფიძე რთული მდგომარეობიდან ცდილობდა თავით დარტყმას და აქედან სახეირო ვერაფერი გამოადნო. "სპარტაკში" არ აღმოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, ვინც გუნდის თამაშს დაალაგებდა, ლიდერობას იკისრებდა. ყოველივე ეს კი "ბათუმს" აძლევდა ხელს - გოლი უკვე გატანილი ჰქონდა და მეტოქეს მდევრის როლში ამყოფებდა.

შეუპოვარმა "ბათუმმა" უპირატესობა მიხეილ ჯორბენაძის ეფექტური გოლით გაზარდა: ბათუმელმა ოსტატურად გადაავლო ბურთი თავზე მცველს და მერე მეკარესაც არ დაუტოვა შანსი.

ეს უკვე სერიოზული განაცხადი იყო "ბათუმის" წარმატებაზე. ფრე არცერთ გუნდს აძლევდა ხელს. "სპარტაკის" ამოცანაც ძალიან გართულდა.

მასპინძლებს სამი გოლის გასატანი რესურსი არ ეტყობოდათ, მაგრამ ისიც საკითხავი იყო, როგორ გააგრძელებდა თამაშს "ბათუმი" - 34-ე წუთზე მატჩის არბიტრმა მალხაზ ბეუქლიშვილმა სტუმართა დამრიგებელ გია გურულს მოედანი დაატოვებინა.

"ბათუმი" ამ ფაქტმა ფსიქოლოგიურად ვერ გატეხა. "სპარტაკი" რაღაცას ცდილობდა, თუმცა სუმბურულად ირჯებოდა. სტუმრები კი მწარედ იჩხვლიტებოდნენ კონტრშეტევებზე.

მეორე ტაიმის დასაწყისში "სპარტაკს" თითქოს ფხა მოემატა. თემურ შარაშენიძემ კარგად დაუგდო ბურთი გიორგი ჭოხონელიძეს, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან "ბათუმის" მეკარე მიხეილ ალავიძეს ვერ აჯობა.

ამასობაში სიტუაცია დაიძაბა მოედანს მიღმა. ტრიბუნაზე ჩოჩქოლი ატყდა. მალე მოედანთან თავპირდასისხლიანებული ბათუმელი ქომაგი გამოჩნდა, ექიმის დახმარებას ითხოვდა. სტუმართა გუნდის გულშემატკივრებმა დაიჩივლეს, ეს არის თქვენი მასპინძლობა, სად არის ასეთ დროს პოლიციაო.

თავგატეხილ გულშემატკივარს სტადიონზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს დახმარება, პოლიცია კი ინციდენტიდან რამდენიმე წუთში მოვიდა. ძალოვანების გამოჩენამ სიტუაცია დააშოშმინა. მოედანზე კი სიტუაცია დაიძაბა...

შეტევაში "სპარტაკის" გამოცდილი მცველი დავით ლომაია ჩაერთო და ნიკა ხუხიასთან ორთაბრძოლაში 11-მეტრიანი მოიპოვა. ჩაფიძემ სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. გაჩნდა იმის წინაპირობა, რომ "სპარტაკი" მთელი ძალებით გადავიდოდა შეტევაში.

ემოციური მუხტი უკვე მასპინძელთა მხარეს იყო, თუმცა ნაპერწკალი მალევე ჩაქრა. "ბათუმმა" ისევ სასურველ კალაპოტში გადაიტანა ყველაფერი. კარგად ჩართო თამაშში ფეხმალი ირაკლი ცნობილაძეც. მან ერთხელ სოლო-რეიდიც კი განახორციელა და "სპარტაკის" მეკარეს ბურთის კუთხურზე მოგერიება მოუწია.

გამოსარჩევია ჯორბენაძის "მაკრატელაც", რომელსაც ცოტათი სიზუსტე დააკლდა.

ბათუმელებმა კონტრშეტევაზე მაინც გაიტანეს: გიორგი კაჭკაჭიშვილმა თავით გაუჭრა პასი ცნობილაძეს, რომელმაც მერე ზვიად ლობჟანიძეს გადააწოდა ბურთი და 1:3.

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი აუტი. ბოლო ტური
21.05. თბილისი. ბენდელა. 1500 მაყურებელი
სპარტაკი-ბათუმი 1:3
0:1 გოგიტიძე (14), 0:2 ჯორბენაძე (20), 1:2 ჩაფიძე (63,პენალტით), 1:3 ლობჟანიძე (85, ცნობილაძის პასით)

სპარტაკი ბათუმი
4-2-3-1 4-4-2
ნადირაძე მ. ალავიძე
ჭაფოძე ფარტენაძე
ტეტუნაშვილი კაჭკაჭიშვილი
ლომაია ხუხია
ნ. მაისურაძე მაკარიანი
თ. შონია თევდორაძე
შარაშენიძე გოგიტიძე
თუხარელი ზ. ლობჟანიძე
სამხარაძე დიასამიძე
ჩაფიძე ბაციკაძე
მელქაძე ჯორბენაძე

მწვრთნელები
ვ. ხაჩიძე გ. გურული

სპარტაკი
31. თ. შონია - მ. ჯიშკარიანი
54. მელქაძე - ჭოხონელიძე
სათადარიგო: ძაგანია, გაბაშვილი, მერეჩკო, ლობჯანიძე

ბათუმი
46.დიასამიძე - ცნობილაძე
62. გოგიტიძე - ბერიძე
71. ბ. თევდორაძე - ა. მუჯირი
სათადარიგოები: ქორიძე, თოდაძე, ცანავა, ტაკიძე

გაფრთხილება: შარაშენიძე (66), ჩაფიძე (81), მ. ჯიშკარიანი (86), ჭაფოძე (90)

მსაჯი: მ. ბეუქლიშვილი

სხვა მატჩები
ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 (იხილეთ ვრცლად)
მერცხალი-სიონი 1:3
გაგრა-ჩიხურა 2:1

საბოლოო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1.ჩიხურა 14 8 2 4 25-15 26
2.ბათუმი 14 7 3 4 18-13 24
3.სიონი 14 6 6 2 23-13 24
4.ვიტ ჯორჯია 14 7 2 5 19-11 23
5.გურია 14 6 5 3 22-21 23
6.სპარტაკი 14 6 3 5 19-16 21
7.გაგრა 14 3 4 7 14-21 13
8.მერცხალი 14 0 1 13 3-33 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბათუმის დინამოს გაუმარჯოს!!!
roini
17:42 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული