ვიტ ჯორჯია-გურია 3:0 - გურულების ოცნება გადაიდო

AutoSharing Option
ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ლანჩხუთის "გურიას" უმაღლეს ლიგაში დაბრუნების რეალური შანსი ჰქონდა, "ვიტ ჯორჯია" კი პირველად იდგა გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე.

მაგრამ გუშინ "ვიტ ჯორჯიამ" დამაჯერებლად გაიმარჯვა და გურულებს აღზევების საშუალება არ მისცა.

მასპინძლებმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნეს: მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კორიფაძის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კარში ლაშა კასრაძემ თავით გააგზავნა.

სტადიონზე უამრავი ლანჩხუთელი გულშემატკივარი შეიკრიბა და მასპინძლებად თავს სტუმრები უფრო გრძნობდნენ. მათგან გამხნევებულმა გურულებმა მწვავედ შეუტიეს და ანგარიშის გათანაბრების რეალური შესაძლებლობებიც ჰქონდათ, მაგრამ შანსით ვერც გიგა კვერენჩხილაძემ ისარგებლა და ვერც თამაზ ჩარგეიშვილმა.

დაცვაში ჩამჯდარი "ვიტ ჯორჯია" სწრაფი კონტრშეტევების განხორციელებას ახერხებდა. ამან შედეგი მეორე ტაიმში გამოიღო. როდესაც "გურია" გადამწყვეტი შტურმისთვის ემზადებოდა, მარცხენა ფლანგზე გურამ გურეშიძემ სტუმართა მოთამაშეს ბურთი აართვა, ცენტრისკენ დაიძრა და კარში დააარტყა. მეკარე მიხეილ გოგუაძე ბურთს ვერ ხედავდა და 2:0...

"გურია" გატყდა და მალე მესამედაც გაუშვა: მორიგი კონტრშეტევა მასპინძელთა შორის ერთ-ერთმა საუკეთესო კორიფაძემ წამოიწყო და ბურთი კარისკენ ჩაკიდა. გიორგი ჯანელიძემ მეკარეს კარიდან ოდნავ გამოსვლა არ აპატია, ბურთი თავზე გადაუგდო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:0.

თუმცა მალე იმავე კორიფაძის გადაცემით ჯანელიძე კვლავ მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ძალზედ არაზუსტად დაარტყა.

მატჩის მიწურულს მასპინძელი ლაშა კასრაძე გურულთა ლეგიონერ არნო ჩუენსუს წაეკინკლავა. მართალია, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, მაგრამ არბიტრმა ორივეს ყვითელი ბარათი აუფრიალა, რაც ორივესთვის მეორე გამოდგა და მოედნის დატოვება მოუხდათ.

ცხადია, მომენტები ლანჩხუთელებმაც შექმნეს, მაგრამ 21 მაისს "ვიტ ჯორჯიას" დღე იყო - ვეტერინარებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნეს, "გურია" კი მომავალ სეზონშიც პირველ ლიგაში იასპარეზებს.

არადა, ასეთი გულშემატკივრის გუნდი მართლაც უკეთეს ბედს იმსახურებს.

საქართველოს ჩემპიონატი. პლეი აუტი. ბოლო ტური
21.05. მცხეთა. მცხეთა პარკი. 1200 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-გურია 3:0
1:0 კასრაძე (2. კორიფაძის პასით), 2:0 გურეშიძე (66), 3:0 ჯანელიძე (69. კორიფაძის პასით).

ვიტ ჯორჯია გურია
4-2-3-1 4-4-1-1
დაუშვილი გოგუაძე
ხურცილავა ზ. ჩხეტიანი
დავლაშელიძე ბაქრაძე
კასრაძე რ. ონიანი
ღანიაშვილი ჯანგიძე
ვასაძე მაისაშვილი
გურ. გურეშიძე მოსიაშვილი
კორიფაძე ჩარგეიშვილი
გ. ჯანელიძე ჩუენსუ
ჩიმაკაძე კვერენჩხილაძე
ზაქრაძე გ. თოდუა

მწვრთნელები:
მ. კოჭლაშვილი გ. იმნაძე

ვიტ ჯორჯია
59. ზაქრაძე - ლობჯანიძე
90. ჯანელიძე - ვაშაკიძე
90. კორიფაძე - ჯაყელი
სათადარიგოები: სვანაძე, ტიელიძე, ჯუღელი, კუხალეიშვილი

გურია
46. ჯანგიძე - სამსეიშვილი
46. მოსიაშვილი - ტ. კუკულაძე
სათადარიგოები: ბუბუტეიშვილი, ალავერდაშვილი, ლაღაძე, რ. კუკულაძე, კილაძე.

გაფრთხილება: ჯანელიძე (14), ჩუენსუ (32), მოსიაშვილი (35), ჩხეტიანი (40), კასრაძე (62).

გაძევება: კასრაძე (85), ჩუენსუ (85).

არბიტრი: ო. ხეცაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გურიას გულშემატკივრების ნამდვილი არმია ყავს დანგრეულ სტადიონზე 6000 მეტი ფანი იკრიბება ხოლმე. არა და არ იქნა სპონსორი ვერ მოიძია გუნდმა არადა ქართული ბიზნესის მაგნატებს სპორტში ინვესტირებას ურჩევნია მუთაქებში ტენო ფული
shota
22:04 22-05-2012
0

სიახლეები პოპულარული