შეკითხვები ასეთია:
1. "ზესტაფონის" ჩემპიონად გამოცხადებით მიიღო თუ არა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სამართლიანი გადაწყვეტილება?
2. რატომ გახდა სადავო ეს საკითხი?
3. უმაღლესი ლიგის როგორი სისტემითა და კლუბების რა რაოდენობით გამართვას ემხრობით?
ბუნებრივია, "ზესტაფონის" თავკაც გიორგი ჭიაბრიშვილისთვის პირველი შეკითხვა არ დაგვისვამს.
გიორგი ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი)
2. დებულება ისე იყო შედგენილი, რომ ჩემპიონის ვინაობა სადავო გახდა, მაგრამ კომპეტენტურმა სპეციალისტებმა სიმართლე მაინც გამოავლინეს.
გია გეგუჩაძე (ტორპედო)
1. ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია. არ მინდა, ვინმემ მიკერძოებაში ჩამომართვას, მაგრამ ფაქტია, რომ "ზესტაფონი" ღირსეული ჩემპიონია.
2. ალბათ, ყოველივე ეს იმან გამოიწვია, რომ დოკუმენტი არ იყო გამართულად ფორმულირებული.
3. უპირველეს ყოვლისა, გუნდების ორ ნაწილად დაყოფა არ უნდა ხდებოდეს. 12 გუნდი და ორი წრე 22 ტურია, რაც ძალიან ცოტაა; 12 გუნდი და 3 წრე 33 ტურია, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართლიანობის პრინციპი ირღვევა, რადგან კონკურენტთან ორ მატჩს სტუმრად ატარებ, ერთს კი შინ, ანაც პირიქით; ოთხი წრე და 44 ტური მეტისმეტია. ასე რომ, 16 გუნდი და ორი წრე იდეალური იქნებოდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უმაღლესლიგელები შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და გუნდები შუა სეზონში არ დაიშლებიან.
თემურ შალამბერიძე (დილა)
1. დებულება ზედმიწევნით არ წამიკითხავს და ამიტომ დაზუსტებით ვერ გეტყვით, რატომ მიიღო აღმასკომმა ამგვარი გადაწყვეტილება. მე ის ვიცი, რომ უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ლიდერადაც და შემდგომში ჩემპიონადაც "ზესტაფონი" იყო მოხსენიებული. ამ კლუბმა მართლაც საჩემპიონო სეზონი ჩაატარა.
2. ერთი პატარა ლაფსუსი და ამხელა აურზაური წარმოიქმნა. კანონი მცირედ უზუსტობასაც კი არ გპატიობს და ეს ლაფსუსი "ზესტაფონმა" სათავისოდ გამოიყენა.
3. უმაღლეს ლიგაში იმდენმა კლუბმა უნდა ითამაშოს, რამდენსაც ნორმალური ინფრასტრუქტურა და საარსებო პირობები ექნება.
ელგუჯა ქომეთიანი (ბაია)
1. არა მგონია, აღმასკომი შემცდარიყო. "ზესტაფონი" ღირსეული ჩემპიონია, მაგრამ თანაგრძნობას "მეტალურგიც" იმსახურებს. ამ კლუბის წევრებს ხომ ეგონათ, რომ ლიდერები იყვნენ და ამის მიხედვით იხელმძღვანელეს.
2. ფაქტია, რომ დებულების შედგენისას შეცდომა იყო დაშვებული.
3. 16 გუნდი და ორი წრე კარგი იქნებოდა, მაგრამ დღეისთვის ამის შესაძლებლობა არ გვაქვს. ალბათ, ამ ეტაპზე ოპტიმალური 12-გუნდიანი და სამწრიანი ჩემპიონატი იქნებოდა.
მალხაზ ჟვანია (მერანი)
1. ალბათ, აღმასკომმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
2. ფაქტია, რომ დებულების შედგენისას რაღაც ვერ გაითვალისწინეს და ამგვარი გაუგებრობაც იმიტომ მოხდა.
3. სჯობს, უმაღლეს ლიგაში 16-მა გუნდმა ორ წრედ ითამაშოს. ასე თავის გამოჩენის შესაძლებლობა მეტ ფეხბურთელსა და მწვრთნელს მიეცემა.
მწვრთნელთა უმრავლესობა 16 გუნდს ემხრობა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"