ქართველ ფეხბურთელთა გადატვირთული კალენდარი და სხვა

AutoSharing Option
გამძლეობის ტესტი

ზედიზედ 3 ტურია, "ოლიმპი" და "დინამო" უდანაკარგოდ ასპარეზობენ და ასე "წყვილად" აგრძელებენ კიდეც ლიდერობას. ქვეყნის ჩემპიონი ცხრილის სათავეში მხოლოდ იმის გამოა, რომ კონკურენტთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ჯერჯერობით მხოლოდ 6 ტურია ჩატარებული და დასკვნების გაკეთება ნაადრევია, თუმცა მედლების კანდიდატები უკვე გამოიკვეთნენ...
ზემოთნახსენები "ოლიმპისა" და "დინამოს" გარდა ჩემპიონობისათვის "ზესტაფონიც" რომ იბრძოლებს, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. ამ 3 გუნდის საჩემპიონო ამბიციებზე სეზონის დაწყებამდეც ვვარაუდობდით, თუმცა ფავორიტთა შორის სხვასაც ვახსენებდით, მაგრამ ამ გუნდ-იმედგაცრუებაზე ქვემოთ ვისაუბრებთ. მანამდე კი განვლილი ტურის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვან
ფაქტორებზე გვინდა ყურადღების გამახვილება. უპირველესად კი, რაღა თქმა უნდა, გადატვირთული კალენდარი გვინდა ვახსენოთ - ყველა გუნდზე არა, მაგრამ რამდენიმესთვის მართლაც პრობლემატური გამოდგა სამ-ოთხ დღეში მატჩების ჩატარება.

ახლა კიდევ არა უშავს, პარასკევამდე ტური არ არის, სამაგიეროდ, გუნდებს "გამძლეობაზე ტესტის ჩაბარება" შემდეგ კვლავაც მოუწევთ: 8 დღეში სამ-სამი შეხვედრის გამართვა. ამით კი I წრე დამთავრდება და სანაკრებო პაუზასთან ერთად საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელთა უმრავლესობას ცოტა ამოსუნთქვის საშუალებაც ექნება.

თუმცა კიდევ ერთხელ გავუსწარით მოვლენებს და გასული ტურის ძირითადი თემა კინაღამ გამოგვრჩა. სამწუხაროდ, უკვე "მოდაში" შემოვიდა, ნებისმიერი გუნდის ნებისმიერი წარუმატებლობა თურმე... მსაჯების ბრალი ყოფილა. რა თქმა უნდა, არახალი ამბავია, როცა წაგებული გუნდის მწვრთნელი ყველა უბედურებაში არბიტრებს ადანაშაულებს; თუმცა ჩვენ ჩემპიონატში ჯერ მხოლოდ 6 ტურია ჩატარებული და ლამის არის, თითქმის ყოველდღე ერთი და იგივე გვესმის: "ჩვენ კარში პენალტი არ უნდა დანიშნულიყო", "მეტოქემ გოლი აშკარა თამაშგარედან გაგვიტანა, ჩვენ კი 100-პროცენტიანი გოლი გაგვიუქმესო", "ესა თუ ის ფეხბურთელი გაძევებას იმსახურებდა, მაგრამ მსაჯი ტრიბუნების აგრესიას მოერიდა და მხოლოდ გაფრთხილება მისცაო"... და ასე შემდეგ.

დაახლოებით ამდაგვარი სიტუაციები ახლდა განვლილ ტურსაც და სხვათა შორის, ასე მომრავლებულ სამსაჯო შეცდომებს ერთობ ორიგინალური ახსნა მოუძებნა "სამტრედიას" მთავარმა მწვრთნელმა გელა სანაიამ. არ დავმალავთ, ახალგაზრდა სპეციალისტის სიტყვები ("დინამოსთან" მატჩის მერე პრესკონფერენციაზე რომ განაცხადა) სამართლიან პრეტენზიადაც უნდა მივიჩნიოთ: "სხვათა შორის, ტელევიზიები საქართველოს ჩემპიონატის მიმოხილვას რომ აღარ გადასცემენ, მსაჯებმა გაილაღეს. პრობლემები შეგვიქმნეს "სპარტაკთან", "კოლხეთთან", დღეს; გთხოვთ, მსაჯობას ყურადღება მიაქციოთ. ეს, ან არაკომპეტენტურობის ბრალია ან... სხვა რამის. როცა იციან, რომ მატჩების მიმოხილვა ტელევიზიით გადაიცემა, მსაჯები უფრო მობილიზებულები არიან".

გელა სანაია ერთადერთი მწვრთნელი არ არის, ამ ჩემპიონატში სამსაჯო თემაზე უკმაყოფილება საჯაროდ რომ გამოხატა; კიდევ ვიმეორებთ: ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისია და ეს საკითხი ასეთი აქტუალურია; წარმოიდგინეთ, რა და როგორ იქნება ყველაფერი სეზონის ფინიშისკენ: ცხრილის სათავეშიც და ბოლოშიც სიტუაცია რომ გამძაფრდება და თითოეულ ქულას რომ მართლაც ოქროს ფასი დაედება...


დუეტში მოძრაობა

ზედიზედ 3 ტურია "ოლიმპი" და "დინამო" წყვილ-წყვილად იმარჯვებენ დაცხრილის პირველ-მეორე საფეხურს არავის უთმობენ. ლიდერებს საშინაო მატჩები ჰქონდათ და მორიგი 3-3 ქულაც მიამატეს საკუთარ აქტივს. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემპიონს ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავდა: "ბაია" რუსთავში საკადრო პრობლემებით კი ჩავიდა, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ზუგდიდურ გუნდს სათადარიგოთა სკამის პრობლემა არა აქვს.

თუმცა "ოლიმპთან" მატჩში "ბაია" რატომღაც ზედმეტად მეტად პასიურად გამოიყურებოდა: სტუმრებს 90 წუთის განმავლობაში მეტოქის კართან არც ერთი სახიფათო მომენტი არ შეუქმნიათ! გუშინაც ვწერდით და კიდევ გავიმეორებთ, რომ "ბაიაში"
არ აღმოჩნდა ფეხბურთელი, გუნდის მთავარ გოლიადორს გიორგი მეგრელაძეს ზუსტი პასებით რომ მოამარაგებდა. თანაც, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი პერსონალურმა მეურვემაც დაჩრდილა - "ოლიმპის" ახალგაზრდა მცველმა გიორგი რეხვიაშვილმა, ისე როგორც წინა მატჩები, ეს შეხვედრაც მაღალ დონეზე ჩაატარა.

როგორც ყოველთვის, აქტიურობით გამოირჩეოდნენ რევაზ გეწაძე, თემურ ღონღაძე, უკვე საბოლოოდ შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩინებულად შეეწყო გუნდს ახალწვეული გიორგი ქავთარაძე; იმედი დავიტოვოთ, რომ "ოლიმპის" სხვა ახალწვეულებიც მალე შეძლებენ ოპტიმალური ფორმის აკრეფას და მაშინ, ნურავის გაუკვირდება, გუნდმა ზედიზედ მეორე საჩემპიონო ტიტულისათვის რომ იბრძოლოს.

აქვე, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც: "ოლიმპმა" თამაშის ბედი II ტაიმში გადაწყვიტა; ანუ, მას შემდეგ, როცა თემურ მახარაძემ ეფექტიანი შეცვლები გააკეთა: გიორგი ჭელიძემ ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაში გაამწვავა, ხოლო 17 წლის ვალერი ყაზაიშვილმა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა! ყაზაიშვილის ზუსტ დარტყმამდე კი მასპინძელთა I გოლი იყო, თემურ ღონღაძის წაქცევისათვის დანიშნულ პენალტს რომ მოჰყვა.

სტუმრები (განსაკუთრებით კი გუნდის კაპიტანი როინ ონიანი და მეკარე ვლადიმერ ზუხბაია) დიდხანს აპროტესტებდნენ არბიტრის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ - ამაოდ. არადა, შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მსაჯობით აშკარა უკმაყოფილებას "ბაიას" ... მეტოქე გუნდი გამოხატავდა. ანუ, ზუგდიდურ გუნდს მსაჯები აშკარად წყალობენო, ამას "ვეღარავინ" იტყვის; საერთოდაც, გუშინ რომ "დაჩაგრული" იყო, დღეს უკვე ამ "დაჩაგრულის" სასარგებლოდ ცდებიან მსაჯები და ასე შემდეგ.

ახლა კი მეორე ლიდერზეც ვთქვათ: "დინამო" ტურიდან-ტურამდე ძლიერდება და "სამტრედიასთან" შეხვედრაში ერთდროულად სამი ახალწვეულიც ვიხილეთ: გია კვარაცხელია, ირაკლი ლილუაშვილი და დავით მუჯირი. ეს უკანასკნელი შეცვლაზე შემოვიდა, ხოლო პირველი ორი ძირითადში იყო და ლილუაშვილმა სულაც ამ მატჩში ანგარიში გახსნა. სხვათა შორის ამ წყვილში ფავორიტად "დინამო" მიიჩნეოდა და საბოლოო შედეგიც ლოგიკური იყო. ოღონდ, ამ თვალსასეირო და უხვგოლიან შეხვედრას ერთობ უცნაური სიუჟეტი ჰქონდა: 30-ე წუთამდე სტუმრებმა 3 (!) სახიფათო მომენტი შექმნეს "დინამოს" კართან!

თუმცა მერე უკვე კლასმა და გამოცდილებამ იძალა და ახლა უკვე მასპინძელთა უპირატესობა გამოიხატა სამ გატანილ გოლში. ეგ კი არა, ალექსანდრე კოშკაძემ სტუმართა კარის ძელს ბურთი სამჯერ გაარტყა! "სამტრედიას" მწვრთნელ-ფეხბურთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ სახელოვან მეტოქესთან მაქსიმალური მონდომებით ითამაშეს და ორი ბურთის გაქვითვაც შეძლეს.

დაბოლოს, "დინამოს" კიდევ ერთ პოტენციურ ახალწვეულზე: გიორგი ციმაკურიძის ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბში ჩარიცხვის შანსები 50/50-ეა. სამწუხაროდ, კახა კაჭარავას ("სამტრედიასთან" მატჩში იუბილე რომ ჰქონდა) გუნდს დანაკლისიც აქვს: "სპარტაკთან" დაშავებული ბრაზილიელი რობერტინიო ვარჯიშს მხოლოდ 2-3 კვირის შემდეგ განაახლებს.


როტაცია და მოთმინება

ტურში ერთადერთი მატჩი დასრულდა სტუმართა გამარჯვებით და, ერთი შეხედვით, ამაში მოულოდნელი არაფერი უნდა ყოფილიყო. "ვიტ ჯორჯიას" მორიგ წარმატებაზე ვსაუბრობთ, - ისედაც სახეშეცვლილმა გუნდმა "სპარტაკთან" შეხვედრაში ტრავმის გამო 3 წამყვანი ფეხბურთელი (არდალიონ მიქაბერიძე, დავით ლომაია, გიორგი ვასაძე) მოისაკლისა, მაგრამ მერაბ კოჭლაშვილის ახალგაზრდულმა კრებულმა ამ გამარჯვებით სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო განიმტკიცა. თანაც, "ვეტერინარებმა" ამ ჩეპიონატში უკვე მერამდენედ შეძლეს ისეთი თამაშის შემოტრიალება, თავდაპირველად მდევრის როლში რომ იმყოფებოდნენ.

რა თქმა უნდა, მთელი გუნდი იმსახურებს საქებარ სიტყვებს, მაგრამ განსაკუთრებით, "ვიტ ჯორჯიას" 2 ლიდერი გვინდა აღვნიშნოთ: ირაკლი კლიმიაშვილი და ჯაბა ლიპარტია. "სპარტაკი"-"ვიტ ჯორჯიას" მატჩის მსგავსად, ძირითადი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა "ზესტაფონი"-"კოლხეთის" შეხვედრაშიც. სხვათა შორის, ზედიზედ მეორე მატჩია, "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე თავისი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ერთობ გონივრულ როტაციას მიმართავს.

სხვანაირად ვერც იქნება: გუნდებს ხომ ყოველ მესამე-მეოთხე დღეს უწევთ ოფიციალური მატჩების ჩატარება და ყველას თუ არა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელს გარკვეული "დოზით" დასვენება ნამდვილად ესაჭიროებოდა. რაც მთავარია, ეს როტაცია გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგზე დადებითად ისახება: "კოლხეთის" კარში გოლები კვლავაც შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა (რატი წინამძღვრიშვილი, ჯაბა დვალი) გაიტანეს.

დაბოლოს, არცთუ სასიამოვნო ფაქტზე; გასაგებია, რომ ერთგული ქომაგი თავის საყვარელი გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს; ისიც გასაგებია, რომ ცოტა არ იყოს, ძნელიც არის თვენახევრის განმავლობაში ელოდო ამბიციური გუნდის ნანატრ გამარჯვებას. მაგრამ, მაინც ვერაფრით გავამართლებთ ქუთაისის "ტორპედოს" ქომაგთა იმ ნაწილის ქმედებას, რომლებიც გუნდის მთავარ მწვრთნელს რამაზ მუმლაძეს მატჩის მსვლელობისას და შეხვედრის დასრულების შემდეგაც, სიტყვიერ შეურაცხყოფას რომ აყენებდნენ.

კიდევ ვიმეორებთ: არავისთვის იქნებოდა სასიამოვნო თავისი საყვარელი გუნდის ხილვა ცხრილის ბოლო საფეხურზე; მით უფრო, დიდ ფეხბურთს მონატრებული ქუთათური ქომაგებისათვის, მათგან უმეტესობა ყველაზე ცუდ სიზმარშიც რომ ვერ წარმოიდგენდა "ტორპედოს" ასეთ სტარტს: 6 ტურის მერე არც ერთი გამარჯვება და სატურნირო ცხრილის აუტსაიდერობა!..

აქვე, "სიონზეც" გვინდა ვთქვათ; საბედნიეროდ, ბოლნისელები ამჯერად მსაჯებს აღარ დაუჩაგრავთ, თანაც მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი დისკვალიფიცირებული გახლდათ და ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს თავისი გუნდის მატჩს. ამის მიუხედავად, "სიონმა" ზედიზედ მეორე გასვლითი მატჩი დაასრულა ფრედ და ზუგდიდიდან და ქუთაისიდან წამოღებული ქულები ამ გუნდს ნამდვილად აქტივში უნდა ჩავუთვალოთ. ბოლო შეხვედრაში "სიონს" გიორგი ყიფშიძე თავკაცობდა, ფეხბურთელთაგან კი განსაკუთრებით მონდომებულად გამოცდილნი, ლაშა ნოზაძე და გივი დიდავა გამოიყურებოდნენ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული