დაბოლოს, არცთუ უმნიშვნელო დეტალზე: VII ტურის ყველა მატჩი ერთი და იგივე დროს (16 საათზე) დაიწყება; ასეთი რამ კი, XXII ჩემპიონატში მართლაც იშვიათობაა; ისეთივე იშვიათობა, როგორც... მეტ-ნაკლებად შევსებული ტრიბუნები...
ვიტ-ჯორჯია-ტორპედო
ეს გუნდები უმაღლეს ლიგაში სამწლიანი პაუზის შემდეგ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს, ოღონდ, აშკარად სხვადასხვა განწყობით! "ვიტ ჯორჯიას" დამაჯერებელ და ამასთან, ბევრისთვის მოულოდნელად წარმატებულ სტარტზე, უკვე არაერთხელ ვისაუბრეთ. თანაც, მერაბ კოჭლაშვილის გუნდს, თითქოსდა, ის არ ეყოფოდა, სეზონის დაწყებამდე შვიდმა (!) წამყვანმა ფეხბურთელმა რომ დატოვა, _ უშუალოდ, ჩემპიონატის მსვლელობის დროს ტრავმის გამო ძირითადი შემადგენლობის 3 მოთამაშეც (დავით ლომაია, არდალიონ მიქაბერიძე, გიორგი ვასაძე) გამოაკლდა; ამ ყველაფრის მიუხედავად, "ვეტერინარები" ქულას ქულაზე აგროვებენ და სატურნირო ცხრილის იმ "მიდამოებში" იმყოფებიან, ბოლო წლებში რომ მიგვაჩვიეს. ისიც სასიხარულოა, რომ გუნდის ლიდერობას ჩინებულად ითავსებენ ჯაბა ლიპარტია და ირაკლი კლიმიაშვილი: "ვიტ ჯორჯიას" შემადგენლობაში ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელებს როგორც შეეფერება, ეს "დუეტი" სწორედ ისე თამაშობს და ნებისმიერ მატჩში მეტოქეს უამრავ პრობლემასაც უქმნის. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიამ" საკუთარ მოედანზე (პირობითად თუ ვუწოდებთ რუსთავის "ფოლადის" სტადიონს "ვეტერინართა" საშინაო ასპარეზს) 2 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით მაქსიმალური შედეგი აქვს. აი, "ტორპედომ" კი სტუმრად ჩატარებული სამივე შეხვედრა წააგო. თუმცა, მხოლოდ გასვლით შეხვედრებში წარუმატებლობაში რომ ყოფილიყო საქმე, ამას კიდევ რა უჭირდა: ჩემპიონატის დაწყებიდან თვე-ნახევარია გასული და ერთადერთი მოუგებელი გუნდი... "ტორპედოა"! ჰო, ამას მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა: უმაღლეს ლიგაში "ხმაურით", დიდი ამბიციებითა და სოლიდური პატრონით დაბრუნებული "ტორპედოსგან", რატომღაც, ყველა... საჩემპიონო რბოლაში ჩართვას ელოდა. აი, ალბათ, სწორედ აქ დაუშვეს დიდი შეცდომა კლუბის ხელმძღვანელებმა: გასაგებია, რომ გუნდში საკმაოდ კვალიფიციური და წარმატებული მწვრთნელი მიიყვანეს, სტადიონი და საწვრთნელი ბაზა გაარემონტეს, სხვადასხვა გუნდებიდან ფეხბურთელებიც დაიმატეს, მაგრამ, დროის ფაქტორთან ერთად, სხვა "რაღაცებიც" ვერ გაითვალისწინეს. "დროის ფაქტორში" კი, რაღა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელების ერთმანეთთან შეთამაშებას ვგულისხმობთ; თანაც, ვთქვათ გულახდილად: "ტორპედოს" მრავალრიცხოვან ახალწვეულთაგან "საჩემპიონო გუნდის" ფეხბურთელად ყველას ნამდვილად ვერ დავასახელებდით; მოკლედ, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს კლუბის ხელმძღვანელთათვის და გუნდის ერთგული ქომაგებისათვის ამ სიტყვების მოსმენა, ფაქტია, რომ სეზონისწინა ამბიციები... აშკარად რეალობას მოკლებული იყო. ამას გარდა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორსაც ნუ დავივიწყებთ, რაზეც ამ რამდენიმე დღის წინათ "ლელოს" ჟურნალისტი დავით კოხრეიძე წერდა და გვინდა ყველაფერში დავეთანხმოთ. "ტორპედოს" ერთგულ ქომაგებში რატომღაც ისეთი აზრი ჩამოყალიბდა რომ აი, დავბრუნდით უმაღლეს ლიგაში და ჩვენი გუნდის შემჩერებელიც არავინ იქნებაო. არადა, "ტორპედოსთვის" მართლაც "ოქროს პერიოდის" (1999-2002 წლები) შემდეგ გუნდის შედეგი რომ სეზონიდან სეზონამდე უარესდებოდა, აღარავის ახსოვს; ჰოდა, ჩვენ "შევახსენებთ": უმაღლეს ლიგაში ასპარეზობისას ბოლო სეზონში (2006-07) "ტორპედო" ერთი "ჩვეულებრივზე-ჩვეულებრივი" გუნდი იყო და ფინანსურად ხომ უჭირდა, ლამის ყოველ ორ თვეში მწვრთნელებს იცვლიდა და მეორე წრეში ორად-ორი მატჩი მოიგო (ისიც, გამოკვეთილ აუტსაიდერებთან). თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, ყოველივე ეს ნაკლებად აინტერესებთ ქართული ფეხბურთის მართლაც გამორჩეული გუნდის არანაკლებ გამორჩეულ ქომაგებს; რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს, საკუთარი გუნდი თამაშს რომ ვერ იგებს, მაგრამ ყველაფრის... მთავარი მწვრთნელისთვის გადაბრალებაც არასწორად მიგვაჩნია. აღარაფერს ვამბობთ იმ მართლაც უსიამოვნო ფაქტზე, თუ როგორი ობსტრუქცია მოუწყვეს რამაზ მუმლაძეს "სიონთან" ვერმოგებული მატჩის დროსაც და იმის შემდეგაც...
ჰო, თუ ვინმეა უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ, რაღა თქმა უნდა, რამაზ მუმლაძე, _ უმაღლეს ლიგაში ერთწლიანი პაუზის მერე დაბრუნებული სპეციალისტი მეტად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კიდევ კარგი, კლუბის ხელმძღვანელობისგან "ნდობის მანდატი" აქვს, მაგრამ ალბათ, თვითონაც კარგად იცის, რომ "ტორპედომ" გამარჯვებები თუ არ დაიწყო, მაშინ...
...ბედის ირონაა თუ, რაც გნებავთ, ის დაარქვით: რამაზ მუმლაძე ახალ გუნდთან ერთად სეზონში პირველ გამარჯვებას "ვიტ ჯორჯიასთან" გეგმავს. გუნდთან, სადაც ოთხი წელიწადი იმუშავა და "ვიტ ჯორჯიას" ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელის სახელიც მოიხვეჭა; შეგახსენებთ, რომ მუმლაძის ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" ერთხელ საქართველოს ჩემპიონი გახდა, ორჯერ კი ვერცხლის მედლები მოიპოვა; აღარაფერს ვამბოთ იმ ფაქტზე, რომ სწორედ რამაზ მუმლაძეა ის ერთადერთი მწვრთნელი, "ვიტ ჯორჯიას" არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდხანს, "გადაბმულად" 4 წელიწადი ვინც მუშაობდა!
მთავარი მწვრთნელის გარდა, "ტორპედოში" 3 ისეთი ახალწვეულია, ფეხბურთელებად სწორედ... "ვიტ ჯორჯიაში" რომ ჩამოყალიბდნენ: დავით დიღმელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი და ვახტანგ კვარაცხელია.
დაბოლოს, "ტორპედოსა" და "ვიტ ჯორჯიას" ურთიერთდაპირისპირებათა სტატისტიკაზეც; 1998-2007 წლებში გუნდებმა ერთმანეთში 25 შეხვედრა ჩაატარეს და უპირატესობა (თან, სოლიდური) "ტორპედოს" მხარეს არის: 10 მოგება, 11 ფრე და 4 წაგება (ბურთების სხვაობა 28-19).
ყველა დაპირისპირება
1997/98
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:2
(გ. მეგრელაძე, შ. ხუჯაძე)
1998/99
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:2
(გ. ჭანკოტაძე; ი. ვაშაკიძე, ზ. იონანიძე)
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1:0
(ლ. ნოზაძე)
1999/2000
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:1
(ვ. კოტორაშვილი; ზ. იონანიძე)
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:0
2000/01
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1:1
(ზ. იონანიძე; ვ. გოჩაშვილი)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:0
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 3:0
(ლ. მელქაძე-3)
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1:1
(გ. დიდავა; ვ. გოჩაშვილი)
2001/02
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1:1
(ზ. ქუთათელაძე; გ. ადამია)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:3
(ა. პოროშინი-2, შ. ბაბუნაშვილი)
2002/03
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1:0
(ზ. იონანიძე)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3
(ა. ინწკირველი; მ. ასათიანი-2, გ. დიდავა)
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:0
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1
(ზ. იონანიძე)
2003/04
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:0
(რ. გოცირიძე)
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:1
(ა. პოროშინი, ზ. ქუთათელაძე; რ. გოცირიძე)
2004/05
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 1:1
(დ. გამეზარდაშვილი; ე. მერებაშვილი)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:3
(ლ. ნოზაძე; გ. ნერგაძე-2, გ. მეგრელაძე)
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:1
(გ. მეგრელაძე, დ. გამეზარდაშვილი; ო. მარცვალაძე)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:2
(ზ. სახოკია; დ. ბოლქვაძე, ა. კოშკაძე)
2005/06
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 2:2
(ა. ფოფხაძე, კ. შალამბერიძე; გ. დათუნაიშვილი, დ. დიღმელაშვილი)
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 1:0
(დ. იმედაშვილი)
2006/07
ტორპედო-ვიტ ჯორჯია 0:0
ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:0
სიონი-დინამო
ეს წყვილიც არანაკლებ ინტერესს იწვევს: სეზონის დაწყების წინ ბევრისგან აუტსაიდერობისათვის განწირული "სიონი" ტურიდან ტურამდე აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და ყოველივე ეს სატურნირო ცხრილშიც აისახა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ "სიონისგან", ალბათ, ბევრი არ ელოდა ორი ურთულესი გასვლითი შეხვედრებიდან (ზუგდიდიდან და ქუთაისიდან) ქულების წამოღებას. ეგ კი არა, "ბაიასთან" სტუმრად შეხვედრაში ბოლნისელები არბიტრის შეცდომებისგან დაზარალდნენ, თორემ, სულაც გამარჯვებას მოიპოვებდნენ. სწორედ ამ მატჩის შემდეგ არის დისკვალიფიცირებული მასპინძელთა ახალგაზრდა თავკაცი გიორგი ყიფიანი და "სიონს" დღეს მოედანზე გიორგი ყიფშიძე გამოიყვანს. ისე, ამ უკანასკნელს, "დინამოს" წინააღმდეგ ჩატარებული მატჩების რაოდენობით კონკურენტი, ალბათ, არც ეყოლება: ჯერ როგორც ფეხბურთელის, მერე კი უკვე მწვრთნელის რანგში...
ადრეც არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ "სიონის" ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "დინამო" იყო _ მხოლოდ და მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევებია, ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს ბოლნისიდან 3 ქულა რომ ვერ მოჰქონდა. თუმცა, ისიც ხშირად ყოფილა (განსაკუთრებით, ბოლო წლებში), როცა "სიონისა" და "დინამოს" ბოლნისურ დაპირისპირებებს, მასშტაბური თუ არა, "ლოკალური" სკანდალები მაინც რომ ახლდა ხოლმე; ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად ყველაფერი ჭეშმარიტად სპორტული პრინციპების დაცვით ჩაივლის; ოღონდ, "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ, ალბათ, ჩვენზე უკეთ იცის, თუ როგორი ძნელია ბოლნისში გამარჯვების მოპოვება; მით უფრო, რომ "დინამოს" რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი აკლია. ყოველივე ამის მიუხედავად, ამ წყვილში ფავორიტად მაინც "დინამო" მიგვაჩნია _ საჩემპიონო რბოლაში ჩართულ გუნდს ხომ მეტოქეზე უკეთესი შემადგენლობა ჰყავს, გამოცდილი ახალწვეულების (დავით მუჯირი, გია კვარაცხელია, ირაკლი ლილუაშვილი) დამატებით კიდევ უფრო რომ გაძლიერდა.
სამტრედია-ზესტაფონი
არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გულშემატკივრების მართლაც სამართლიან აღშფოთებას იწვევდა ის ფაქტი, როცა უმაღლესი ლიგის გუნდების ნახევარზე მეტი... თბილისს წარმოადგენდა. ამჯერად სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია და დღეს მორიგი "იმერული დერბი" გველოდება: "სამტრედია"-"ზესტაფონი"! შეგახსენებთ, რომ მასპინძლებმა ერთი ასეთი "გამოცდა" წარმატებით ჩააბარეს: V ტურში "ტორპედოს" მოუგეს; მაგრამ, ყველა დაგვეთანხმება, რომ ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას გუნდს დღეს ასეთივე შედეგის გამეორება ძალიან გაუჭირდება; გაუჭირდება, რაღა თქმა უნდა, მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე: სხვისი რა მოგახსენოთ და ჩვენ ამ წყვილში ფავორიტად მაინც "ზესტაფონი" მიგვაჩნია. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სტუმართა გუნდის მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს ჩვენ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს. თანაც, უშუალო კონკურენტებისგან განსხვავებით "ზესტაფონს" გრძელი სათადარიგოთა სკამიც გააჩნია და ამ "ფუფუნებით" გეგუჩაძეს შემადგენლობის უმტკივნეულო როტაციის საშუალებაც ეძლევა. თუმცა, "ზესტაფონის" ასპარეზობაში გარკვეული მინუსებიც შეგვიძლია დავინახოთ: ამ ჩემპიონატში გუნდმა სტუმრად 2 შეხვედრა ჩაატარა და ორივეში დამარცხდა! აქვე, ბარემ წინა სეზონის სტატისტიკაც გავიხსენოთ, რომლის მიხედვითაც ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რატომ მივიჩნევთ ამ წყვილის ფავორიტად "ზესტაფონს": ოთხივე დაპირისპირებაში გია გეგუჩაძის გუნდმა გაიმარჯვა...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"