14 ივნისი. ბლუმფონტეინი. ფრი სტეიტი. 18:00
იაპონია-კამერუნი
სავარაუდო შემადგენლობები
იაპონია: კავაშიმა - კონო, ნაკაზავა, ტულიო, ნაგატომო - აბე, ენდო - ჰონდა, ჰასებე, ოკუბო - ოკაზაკი.
კამერუნი: სულეიმანუ - ბასონგი, მბია, ნკულუ, ასუ-ეკოტო - სონგი, მაკუნი, ენო - ემანა, ეტოო, ვებო.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)
შავი კონტინენტის წარმომადგენლებს ამ ჩემპიონატზე დიდ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ ჯერჯერობით, აფრიკის ვერც ერთმა ნაკრებმა ვერ გვაჩვენა ის ფეხბურთი, რომელსაც მწვერვალების დაპყრობა შეუძლია. აფრიკული ფეხბურთის გულშემატკივრებს კამერუნის იმედი აქვთ, მაგრამ თუ ბოლო ამხანაგურ შეხვედრებს გადავხედავთ, ოპტიმიზმის საფუძველი
ამხანაგურ მატჩებში ვერც იაპონელებმა იმარჯვეს და მიჯრით სამ პაექრობაში დამარცხდნენ: კოტ დივუართან (2:0), ინგლისთან (2:1) და სამხრეთ კორეასთან (2:0). განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ინგლისელებთან მატჩი გახლდათ - სამურაები დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ ორი გოლი გაიტანეს საკუთარ კარში და დასანანი მარცხი იწვნიეს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იაპონელებმა მომდევნო შეხვედრაშიც დალაშქრეს საკუთარი კარის ბადე და კოტ დივუარელებს საქმე გაუიოლეს. მოკლედ, იაპონელთა მეკარეს კამერუნის ფორვარდებზე მეტად, საკუთარი მცველების უნდა ეშინოდეს. ისე კი, სამურაები სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ. აქცენტს ფლანგიდან შეტევებზე აკეთებენ, რაც მათი ტაქტიკიდანაც ნათლად ჩანს. თუ მთავარმა მწვრთნელმა ახალი ველოსიპედის გამოგონება არ მოისურვა, იაპონია 4-2-3-1 სქემით იასპარეზებს. აქვე ვთქვათ, რომ აზიელებს სერიოზული დანაკლისი არ აქვთ - წელის ტრავმა აწუხებდა მაკოტო ჰასებეს, მაგრამ როგორც ექიმები იუწყებიან, მოიშუშა და სრულ მზადყოფნაშია.
ჯანზეა კამერუნელთა მთავარი იმედი სამუელ ეტოო. პოლ ლე გუენს ეს ძალიან ახარებს და იქადნება, რომ მისი სამწყსო შემტევ ფეხბურთს ითამაშებს. ტაქტიკაც შესაბამისი შეურჩევია: 4-3-3. არ იფიქროთ, განზოგადებულ 4-3-2-1-ზე გვქონდეს საუბარი ან რაიმე მსგავსზე, აქ სუფთა სამი თავდამსხმელი იგულისხმება. ერთი რომ ეტოო იქნება ცხადზე ცხადია, მეორე ემანა, მესამე კი ვებო. ამ უკანასკნელმა სერბებთან ამხანაგურ პაექრობაში გამოიჩინა თავი, გაუტანა რა ბალკანელებს ორი გოლი. შესაბამისად, ყველა ლოგიკით სასტარტო შემადგენლობაში უნდა იასპარეზოს. ლე გუენი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი საკუთარ თამაშს მოახვევს თავს მეტოქეს. სანამ კამერუნელთა თავკაცს გადავცემდეთ სიტყვას, აღვნიშნოთ, რომ აფრიკელებს მთავარი კიპერის, დაშავებული კარლოს კამენის გარეშე მოუწევთ ასპარეზობა - კარში კი სულეიმანუ ჩადგება. აქვე, ლე გუენის დაპირებული წინასამატჩო კომენტარი:
"გუნდის მომზადებით ძალიან კმაყოფილი ვარ და მჯერა, რომ ჩვენს ძალას პირველივე შეხვედრაში დავამტკიცებთ. დასამალი არ არის რომ შემტევ ფეხბურთს ვითამაშებთ, ეს ჩემი სტილია და მას არასდროს ვუღალატებ. ეტოო თავს კარგად გრძნობს და საბრძოლველად არის განწყობილი, ისევე როგორც მთელი გუნდი. რაც შეეხება მეტოქეს, ძალიან მობილურ და მოძრავ გუნდთან გვექნება საქმე. იაპონელები თითქოს არ იღლებიან და მთელი 90 წუთის განმავლობაში ერთნაირი ტემპით თამაშობენ. თუმცა, ისევე როგორც ნებისმიერ გუნდს, სუსტი მხარეები მათაც აქვთ და ვეცდებით, ეს კარგად გამოვიყენოთ".
ლაშა წიკლაური