საქართველოს სტადიონებზე: უარი... პროგნოზებს!

AutoSharing Option
ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ ხუთიდან, სულ მცირე 3 შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს-თქო; გადატვირთულ კალენდარზეც გავამახვილეთ ყურადღება და კონკრეტული გუნდის ნანატრი გამარჯვების (ამ გუნდის ერთგული ქომაგების მსგავსად) გარდა, არ დავმალავთ, "სხვა" მოლოდინიც გვქონდა! სატურნირო ცხრილში მოსალოდნელ რამდენიმე გადაადგილებას ვგულისხმობდით, ჩვენ ჩემპიონატს უფრო მეტ ინტრიგას რომ მისცემდა...

სინამდვილეში კი, მართლაც, უცნაურზე-უცნაური ტური იყო: 2 მეტად ხმაურიანი სენსაციით, 1 არანაკლებ მოულოდნელი შედეგით, ზემოთნახსენები კონკრეტული გუნდის კვლავაც ვერმოგებითა და მხოლოდ და მხოლოდ 1 ლოგიკური შედეგით! იმის გარდა, რომ ახალი სეზონის ყველაზე შედეგიანი ტური იყო
(14 გოლი გავიდა), სატურნირო ცხრილში ერთდროულად... 9 გადაადგილება მოხდა და მხოლოდ 1 გუნდი დარჩა იმ ადგილზე, შაბათ-კვირამდეც რომ იმყოფებოდა; რაც მთავარია, ჩემპიონატს ახალი ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს და, ალბათ, იმაშიც უნდა შევთანხმდეთ, რომ "ზესტაფონის" საჩემპიონო ამბიციებზე მეტად ამ გუნდის უშუალო კონკურენტების სუსტი ასპარეზობაა გასაკვირვი თუ მოულოდნელი.

და ბოლოს, პროგნოზებზეც: როგორც ჩანს, ბუნდესლიგისა და პრემიერლიგის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატშიც წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს კონკრეტულ წყვილში ფავორიტსა და აუტსაიდერს. თანაც, ჩვენ თამაშებზე ცნობილი ბუქმეიქერული კანტორის Bწინ-ის კოეფიციენტების გამოქვეყნება, რაღა მაინცდამაინც ამ ტურიდან დავიწყეთ?!

ლოგიკა თუ სენსაცია?

როგორც იცით, ტური ორდღიანი იყო და ვიდრე "ზესტაფონის" გალიდერებასა და "დინამოს", ცოტა არ იყოს, მოულოდნელ მარცხზე ვისაუბრებდეთ, არანაკლებ დამაინტრიგებელ შეხვედრას კიდევ ერთხელ გვინდა დავუბრუნდეთ. იმ შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგაც სტუმართა გუნდის მრავალრიცხოვანი ქომაგები დამწუხრებულ-იმედგაცრუებულნი რომ ტოვებდნენ რუსთავის "ფოლადის" სტადიონს.

ისე, მართლაც უცნაურია, მაგრამ ფაქტია: ამ სეზონში "ტორპედო" შედეგებით ვერ დაიკვეხნის, თორემ გულშემატკივრების სიმრავლით საქმე მართლაც საამაყოდ აქვს. ახლაც, "ვიტ ჯორჯია"-"ტორპედოს" შეხვედრა სტუმართა გუნდის ისეთი აქტიური ქომაგობის ფონზე მიმდინარეობდა, ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სიტუაცია არის-ხოლმე ქუთაისელთა საშინაო მატჩებზე...

...ნავსი ვერც ახლა გატყდა: 7 ტურის შემდეგ "ტორპედო" კვლავაც ერთადერთ მოუგებელ გუნდად და, ამ გუნდის ქომაგთათვის რაც ყველაზე უფრო საწყენია, სატურნირო ცხრილის გამოკვეთილ აუტსაიდერად რჩება! ვფიქრობთ, უკვე ზედმეტია იმ ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე ყურადღების გამახვილება, ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე "ტორპედოსთან" დაკავშირებით რომ ვსაუბრობთ.

როგორ გგონიათ, ამ არცთუ უმნიშვნელო ასპექტს ასეთ მნიშვნელობას მხოლოდ ჩვენ ვანიჭებთ? ამ გუნდის ხელმძღვანელები, მთავარი მწვრთნელი, ფეხბურთელები, გულშემატკივრები, - ყველას საერთო აზრი აქვს, რომ საკმარისია 1 მატჩის მოგება და მერე, აღმავლობაც დაიწყებაო. თუმცა სწორედ "იმ 1 მატჩის" მოგების დრო აღარ დადგა: აშკარად სახეშეცვლილი შემადგენლობით მოასპარეზე "ტორპედოს" მონდომება ნამდვილად არ დაეწუნებოდა, მაგრამ მაინც წააგო! ამ მატჩისადმი მიძღვნილ რეპორტაჟშიც ვწერდით და კვლავაც გავიმეორებთ: მეტოქის კარის წინ მყოფი ფეხბურთელი 2-3 მეტრიდან გოლს რომ ვერ გაიტანს, პრობლემა მხოლოდ ფსიქოლოგიური წნეხი არ უნდა იყოს...

მოკლედ, "ტორპედოს" ფეხბურთელთა უმრავლესობის საშემსრულებლო ოსტატობის ნაკლებობაზე ვსაუბრობთ: სულ მცირე, ორ-სამ ეპიზოდში ერთობ ხელსაყრელი პოზიციიდან უჩვეულოდ არაზუსტად, ან ასევე უჩვეულოდ სუსტად რომ ურტყამდნენ; ჰო, ვინმემ, შესაძლოა, უიღბლობაც "შეგვახსენოს": თენგიზ ჩიკვილაძის "საფირმო" შორეული დარტყმა "ვიტ ჯორჯიას" კარის ძელს მოხვდა; მაგრამ, თავის მხრივ, დაახლოებით ასეთი მომენტი ხომ "ვეტერინარებსაც" ჰქონდათ, როცა შეცვლაზე შემოსულმა ახალგაზრდა ბექა ზაქრაძემ "მოჭრილი" დარტყმით ბურთი "ტორპედოს" კარის ხარიხას გაარტყა. ანუ, "ტორპედოს" მორიგი წარუმატებლობა მხოლოდ ფატალური უიღბლობის ბრალი არყოფილა; თანაც, მასპინძლებმაც აბსოლუტურად სწორი ტაქტიკა აირჩიეს და დღესაც იმ აზრზე ვრჩებით, რომ მერაბ კოჭლაშვილის გუნდის გამარჯვება ლოგიკური შედეგი უფრო იყო, ვიდრე - მოულოდნელობა.

აღარაფერს ვამბობთ ბესიკ ჩიმაკაძის მართლაც გოლ-შედევრზე: ჯაბა ლიპარტიას ეფექტური პასის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" ცენტრფორვარდმა ყველაფერი (ბურთის მკერდზე მიღება, ბურთიანად მეტოქის საჯარიმოში შესვლა, მეტად მახვილი კუთხიდან ძლიერად და ზუსტად დარტყმა) ისე შეასრულა, ევროპული დონის ბევრ ფორვარდს რომ შეშურდებოდა. სხვათა შორის, ამ გამარჯვებით "ვიტ ჯორჯია" მესამე ადგილზე გადავიდა - ესეც, ამ სეზონის ერთ-ერთი მთავარი, ოღონდ, "ტორპედოს" ასპარეზობისგან განსხვავებით, აშკარად სასიამოვნო მოულოდნელობა!


ვენდოთ თუ არა სტატისტიკას?

სტატისტიკას მართლაც ნურავინ მიენდობა: ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში თბილისის "დინამოსთვის" ყველაზე სასურველი მეტოქე ბოლნისის "სიონი" იყო. თავად განსაჯეთ: "დინამოსა" და "სიონს" შორის პარასკევამდე ჩატარებული 41 შეხვედრიდან ბოლნისელებს მხოლოდ და მხოლოდ... 3 მატჩი ჰქონდათ მოგებული! "სიონმა" თავისთვის მართლაც უხერხული მეტოქის დამარცხება 2004 წელს მოახერხა, როცა მთავარ მწვრთნელად თემურ მახარაძე მუშაობდა, ხოლო მისი ასისტენტი გიორგი ყიფშიძე გახლდათ; იმ წლის შემდეგ "სიონმა" კოკა მიკუჩაძის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მეორედ რომ დაამარცხა, გუნდს კახა ცხადაძე წვრთნიდა, ხოლო ასიტენტად კვლავაც გიორგი ყიფშიძე მუშაობდა...

შარშან "სიონმა" თბილისში მოუგო "დინამოს" და ქვემოქართლური გუნდის სამწვრთნელო შტაბში კვლავაც მახარაძე-ყიფშიძის "დუეტი" მოღვაწეობდა. და აი, 15-წლიანი დაპირისპირების განმავლობაში "სიონის" მეოთხე გამარჯვებაც ვნახეთ ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბთან და კვლავაც გიორგი ყიფშიძის უშუალო მონაწილეობით: ბოლნისურ გუნდს "დინამოსთან" მატჩში სწორედ "ყიფილო" ხელმძღვანელობდა. აქვე, "სიონის" მთავარი მწვრთნელის, ახალგაზრდა და დებიუტანტი სპეციალისტის გიორგი ყიფიანის უდიდესი დამსახურებაც უნდა აღვნიშნოთ: დისკვალიფიკაციის გამო სათადარიგოთა სკამზე ვერ იჯდა, თორემ "დინამოსთან" გუნდი ხომ მან მოამზადა.

ძლიერ მეტოქესთან ბოლნისური გუნდის გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, "სიონის" თითქმის ყველა ფეხბურთელის აქტიური და მონდომებული თამაში იყო (სხვათა შორის, ყოველივე ეს დამარცხებულთა თავკაცმა კახა კაჭარავამაც აღნიშნა მატჩის დასრულების შემდეგ). განსაკუთრებითც კი "სიონის" ნახევარმცველები, ლაშა ვაშაკიძე და ვლადიმერ უგრეხელიძე გვინდა გამოვარჩიოთ, 90 წუთის განმავლობაში მეტოქეს უამრავი თავსატეხი რომ შეუქმნეს.

მასპინძელთა წარმატებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის მინდია ბობღიაშვილსაც: ბოლნისელთა მეკარე მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს და ნამდვილად არ არის შემთხვევითი ის ფაქტი, რომ უმაღლეს ლიგაში ყველაზე ნაკლები გოლი სწორედ "სიონს" აქვს გაშვებული. შეგახსენებთ, რომ "სიონმა" ზედიზედ ორი გასვლითი შეხვედრიდან (ზუგდიდიდან და ქუთაისიდან) საჭირო ქულები წამოიღო, ახლა კი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს "დინამოსაც" მოუგო, - გუნდი აშკარად აღმავლობის გზაზეა და თუ ასე გააგრძელეს, ვინ იცის, მომავალში იქნებ უფრო მეტი ამბიციაც გაუჩნდეს...

...ჩემპიონატს კი ახალი ლიდერი ჰყავს: "ზესტაფონმა" მეხუთე ცდიდან მეხუთედ შეძლო ფინანსურად შეჭირვებული "სამტრედიის" დამარცხება. "იმერული დერბი" ქომაგთა დიდ ინტერსს რომ გამოიწვევდა, ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდებოდა და სეც მოხდა: 2000-მდე ქომაგი გახდა სტუმართა დამაჯერებელი გამარჯვების მოწმე. სხვათა შორის, ამ შეხვედრამდე "ზესტაფონი" ქულებს მხოლოდ საკუთარ მოედანზე ასპარეზობისას აგროვებდა და სტუმრად ორივე მატჩი წაგებული ჰქონდა. და აი, ნავსი გატყდა: ამ პირველი საგარეო გამარჯვებითა და... კონკურენტების წაფორხილების შედეგად გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერად მოგვევლინა! აქვე, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ყოველივე ეს კანონზომიერებად მიგვაჩნია...


უცნაური შაბათი

პარასკევს დაწყებული მოულოდნელობები... შაბათსაც გაგრძელდა; ყოველ შემთხვევაში, "კოლხეთი"-"ოლიმპისა" და "ბაია"-"სპარტაკის" მატჩები ისეთი შედეგებით დასრულდა, რბილად რომ ვთქვათ, არაპროგნოზირებადზე მეტი იყო. აბა, "ოლიმპის" ასეთ ფიასკოს ვინ მოელოდა? ცნობისათვის: კლუბის 4 წლიანი არსებობის განმავლობაში სარეკორდო წაგება წინა სეზონში იყო, როცა ბოლო ტურში, უკვე ჩემპიონის რანგში მყოფმა უმოტივაციო "ოლიმპმა" ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზა "სპარტაკთან" და 1:4 წააგო. და აი, უფრო დიდი სხვაობით წაგებაც, რაც "ოლიმპს" ერთპიროვნული ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა (ეგ კი არა, დამატებითი მაჩვენებლებით თემურ მახარაძის გუნდი ... მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა). სხვათა შორის, ვერც ისეთ შეხვედრას ვიხსენებთ, თემურ მახარაძის გაწვრთნილ გუნდებს უკანასკნელ დროს როდის წაუგიათ ოთხბურთიანი სხვაობით...

...დამარცხებულ გუნდზე ვსაუბრობთ და ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატში ხანგრძლივი პაუზის მერე დაბრუნებულმა ირაკლი მოდებაძემ პირველი გოლი გაიტანა, ხოლო რომან ახალკაცმა "ოლიმპის" შემადგენლობაში პირველად იასპარეზა.

თუმცა, ყველაფერი ეს მართლაც "მეორეხარისხოვან მოვლენად" უნდა შეფასდეს... მასპინძელთა დამაჯერებელ ასპარეზობასთან შედარებით! ვერაფერს ვიტყვით: ბესიკ შეროზიამ მართლაც ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა, სადაც გამოცდილ ფეხბურთელებთან (მიხეილ მახვილაძე, ალექსანდრე ინწკირველი, ოლეგ გველესიანი) ერთად ერთი-მეორეზე პერსპექტიული ახალგაზრდებიც ჩინებულად ირჯებიან. "ოლიმპის" კარში "დუბლის" ავტორი დავით ციცხვაია 21 წლის გახლავთ, ამ შეხვედრაში ასევე თავგამოჩენილი ლაშა გვალია და ლევან გულუა 18-19 წლის ბიჭები არიან, მათზე შედარებით გამოცდილ გიორგი სილაგავამაც, როგორც იტყვიან, თავის გუნდს მიაგნო.

"კოლხეთის" კიდევ ერთი ლიდერიც არ "დაგვავიწყდეს": 21 წლის დათა სიჭინავა წინა სეზონშიც შთამბეჭდავად თამაშობდა და სასიხარულოა, რომ უმაღლეს ლიგაშიც სრულად ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს. სიჭინავამ ძლიერ მეტოქესთან პაექრობაში ორი საგოლე პასი მიითვალა და საერთოდაც, ამ შეხვედრის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი გახლდათ.

..."ოლიმპის" წაგებისა არ იყოს, "ბაიას" საშინაო ფრეც მოულოდნელობად უნდა შევაფასოთ. გასაგებია, რომ სხვადასხვა მიზეზის გამო მასპინძლებს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა, მაგრამ ადრეც არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ ელგუჯა ქომეთიანის გუნდს სათადარიგოთა სკამის პრობლემა ნამდვილად არა აქვს. თუმცა, ჩემპიონატის წინ ერთ-ერთ ფავორიტად შერაცხულმა "ბაიამ" ბოლო სამ შეხვედრაში მხოლოდ 2 ქულა მოაგროვა! თუმცა, ნურც "სპარტაკის" ფეხბურთელებს დავუკარგავთ გარჯას: სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს ბევრად ძლიერი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ "ბაიას" და ესოდენ საჭირო და ფასეული ქულაც წამოიღეს ზუგდიდიდან.

P.ს. როგორც ცნობილი გახდა, "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა რამაზ მუმლაძემ თანამდებობა დატოვა, მის ნაცვლად "ტორპედოს" გია გიგატაძე გაუძღვება.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი იქნებოდა რომ ყოველ ტურზე, სტატიასთან ერთად ახალი ცხრილიც დადოთ ეროვნული ჩემპიონატის. მე ძალიან მაინტერესებს და არ ვიცი სად ვნახო...
torgva10
17:23 27-09-2010
0

სიახლეები პოპულარული