დღეს ჩემპიონიც იწყებს...

AutoSharing Option

14 ივნისი. კეიპ ტაუნი. გრინ პოინტი. 22:30
იტალია-პარაგვაი
სავარაუდო შემადგენლობები
იტალია: ბუფონი - ძამბროტა, კანავარო, კიელინი, კრიშიტო - დე როსი, მონტოლივო, მარკიზიო - იაკვინტა, დი ნატალე - ჯილარდინო.
პარაგვაი: ვილიარი - ბონეტი, ვერონი, და სილვა, მორელი - ვერა, სანტანა, რივეროსი, ა. ტორესი - სანტა კრუზი, ბარიოსი.
არბიტრი: ბენიტო არჩუნდია (მექსიკა)

2010 წლის მუნდიალზე, თავის პირველ შეხვედრას მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები დღეს გამართავენ. მარჩელო ლიპის გუნდი ჯგუფური ეტაპის მთავარ კონკურენტს, პარაგვაის ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება. დიახ, ერთმანეთის პირისპირ ჯგუფის ორი ფავორიტი წარსდგება და
მოპოვებული სამი ქულა, მერვედფინალში გასვლისთვის წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი იქნება. შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში ასევე ახალი ზელანდიის და სლოვაკეთის ნაკრებები ასპარეზობენ.

იტალიაში ერთი ამბავია - აპენინელები მათი ნაკრების სტარტს ელოდებიან და ცდილობენ ოპტიმისტური განწყობა შეიქმნან. ბევრი აკრიტიკეს "აძურა", მარჩელო ლიპიც კი არ დაინდეს, მაგრამ დადგა დრო, როდესაც მთელი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს და ეროვნულ გუნდს უქომაგოს - გაერთიანდა კიდეც. "ჩვენი ნაკრები აფრიკის ცის ქვეშ", "თქვენ ეს შეგიძლიათ", "ჩვენ ეს ერთხელ უკვე შევძელით" - დაახლოებით ასეთი სათაურებით გამოდის იტალიური სპორტული გაზეთები, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი. შესაძლოა, ბევრი ვერ მიხვდა, რა შეძლეს ერთხელ უკვე იტალიელებმა და აქვე განგიმარტავთ, რომ საუბარი შორეული 1934 და 1938 წლების მუნდიალებზეა. იტალიელებმა ხომ ერთხელ უკვე მართლაც შეძლეს მსოფლიოს ჩემპიონის ტირულის დაცვა.

ლიპის დანაკლისი აქვს და ამის შესახებ ბოლო ათი დღეა ინტენსიურად ვწერთ. საუბარია ანდრეა პირლოზე, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა და ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაში თუ შეძლებს მოედანზე გასვლას. პირლო რიკარდო მონტოლივომ უნდა შეცვალოს, რომელიც ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება. ლიპი 4-3-2-1 ტაქტიკას აირჩევს და მოედნის ცენტრში ხსენებულ მონტოლივოსთან ერთად, სავარაუდოდ დანიელე დე როსის და კლაუდიო მარკიზიოს გაამწესებს. შეტევაში შემდეგი სამეული გაირჯება: ვინჩენცო იაკვინტა, ანტონიო დი ნატალე და ალბერტო ჯილარდინო. ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ დაცვის მარჯვენა ფრთას კრისტიან მაჯო გაამაგრებს, თუმცა უმეტესობა მაინც გამოცდილ ჯანლუკა ძამბროტას ანიჭებს უპირატესობას. მარცხნივ დომენიკო კრიშიტო უნდა ვიხილოთ და ეს მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი მექსიკის წინააღმდეგ პირწმინდად ჩააგდო. ცენტრში ფაბიო კანავარო და ჯორჯო კიელინი იმოქმედებენ. ლიპი ამბობს, რიხით დავიწყებთო და ვნახოთ, რამდენად გამართლდება მისი პროგნოზი. ისე, იტალიის რიხით დაწყებული არ გაიშვას...

პარაგვაი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს მოისაკლისებს. ვარჯიშისას დაშავდა "ბენფიკას" შემტევი ოსკარ კარდოზო, რის გამოც პირველი მატჩის გამოტოვება მოუწევს. არადა, კარდოზო სამხრეთ ამერიკელთათვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. თუმცა, შეტევაში პარაგვაელები მის გარეშეც მრისხანედ გამოიყურებიან - იტალიელებს როკე სანტა კრუსისა და ლუკას ბარიოსისგან შემდგარი ტანდემი შეუტევს. სანტა კრუსის შესახებ ვის არ გსმენიათ და აი ბარიოსი კი შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს - სწორედ მათ მივაწვდით ინფორმაციას და აღვნიშნავთ, რომ გასული სეზონი დორტმუნდის "ბორუსიას" შემადგენლობაში ბრწყინვალედ ჩაატარა. სადებიუტო სეზონში 19 გოლი გაიტანა და გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. წარმოშობით არგენტინელია და რადგან დიეგო მარადონამ "ალბისელესტეში" მოხვედრის ყველანაირი შანსი გადაუწურა, პარაგვაელთა შეთავაზებას დათანხმდა. საქმე იმაშია, ერთი ხანობა სწორედ პარაგვაიში ცხოვრობდა და იქ შემთხვევითი კაცი არ გახლავთ.
სამხრეთ ამერიკელთა თავკაცი გერარდო მარტინო იმედოვნებს, რომ მისი ფეხბურთელები მთელი 90 წუთის განმავლობაში სრული მობილიზებით იასპარეზებენ:
"პირველივე შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს ვხვდებით, რაც ძალიან დიდი წნეხის ქვეშ გვაქცევს. ბევრი თვლის, რომ იტალია გაცილებით უფრო სუსტია, ვიდრე 2006 წელს, მაგრამ პირადად მე, ასე არ ვფიქრობ. "აძურაში" ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზია, ასეთ გუნდთან თამაში კი ყოველთვის ურთულესია. ჩვენი შეტევის იმედი ნამდვილად მაქვს, მაგრამ თუ დაცვა არ გავამაგრეთ, ყველაფერს ფასი დაეკარგება".

იტალიურ პრესაში აქტუალური პერსონაა ჩეზარე მალდინი, რომელიც თავის დროზე ორივე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა. აი, რას ამბობს უფროსი მალდინი:
"ადრეც არაერთხელ ვთქვი და კიდევ განვეორდები, რომ პარაგვაელთა წინააღმდეგ თამაში ძალიან რთული იქნება. გარდა იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელთათვის დამახასიათებელი ტექნიკა აქვთ, დისციპლინითაც გამოირჩევიან. ამ მხრივ, ისინი ყველაზე წინ დგანან თავის კონტინენტზე. "აძურას" ცენტრალურ მცველებს მართებთ ყურადღებით ყოფნა, მათ წინააღმდეგ ძალიან სწრაფი, ხისტი და მოძრავი თავდამსხმელები ითამაშებენ".
ვნახოთ, "ფრი სტეიტ სტადიუმზე" წესით მართლაც საინტერესო პაექრობა უნდა გაჩაღდეს.
ლაშა წიკლაური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული