"ზესტაფონს" მიანიშნეს - უმაღლესი ლიგის საწევრო თანხა დროულად შემოიტანეო

AutoSharing Option
30 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტთა საბჭოს მეოთხე შეხვედრას უმასპინძლა. მას თორმეტივე კლუბის ხელმძღვანელი დაესწრო, რაც მის მნიშვნელობაზე მიუთითებდა.

სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე განვლილ შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებები შეჯამდა და რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც განიხილეს.

სფფ-ის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას თქმით, აღმასკომმა დაამტკიცა 2012/13 წლების ჩემპიონატის დებულება, სადისციპლინო და ეთიკის კოდექსი და კლუბებს აცნობა, რომ უმაღლესი ლიგის საწევრო კლუბების უმრავლესობამ გადაიხადა.

საინტერესო მინიშნება იყო ცნობაში, რომ ყველა კლუბი ვალდებულია, დაემორჩილოს დებულების იმ მოთხოვნას, სადაც გადასახადის დროულ შეტანას ავალდებულებს, ანუ "ზესტაფონს"
მიანიშნეს, თანხა დროულად შემოიტანეო. ასეთი იყო ამ ცნობის ქვეტექსტი.

კლუბები და სფფ შეთანხმდნენ, რომ პროფესიული ფეხბურთის ლიგის აღდგენაზე იმუშავებენ. მანამდე მომზადდება პროექტი, რომელიც მომავალი სეზონიდან უმაღლესი ლიგის ჩემპიონატის ჩატარების დეტალურ გეგმასა და ყველა იმ მნიშვნელოვან გარემოებას ითვალისწინებს, რაც ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩასატარებლად არის აუცილებელი.

მიმდინარე სეზონიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მოედნების ხარისხს - მატჩების მხოლოდ ისეთ მოედნებზე ჩატარება, სადაც მინდვრის საფარი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს.

ილაპარაკეს გარიგებული მატჩების პრევენციისა და მის აღმოსაფხვრელ სამუშაოებზეც. ახალ სადისციპლინო კოდექსში უმკაცრესი სანქციებია გარიგებულ მატჩებში მონაწილეობისათვის, ასევე, ნებისმიერ მცდელობაზე.

მეხუთე შეხვედრა 2012 წლის 6 აგვისტოს ისევ სფფ-ის ოფისში გაიმართება. კლუბები სფფ-ის შესაბამისი კომისიის ანგარიშს გაეცნობიან უმაღლესი ლიგის სტადიონების მოედნების მდგომარეობის შესახებ და სათანადო გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

დაბოლოს: უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტთა საბჭომ საბჭოს კოორდინატორის თანამდებობაზე სფფ-ის პრეზიდენტის მრჩეველი აკაკი ლოდიას კანდიდატურა დაამტკიცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ზესტაფონი" ეროვნულ ჩემპიონატში შესაძლოა "გურიამ" ჩაანაცვლოს
სერგო ფუტკარაძე: "ზესტაფონის" ყოფნა-არყოფნის თემა გაზვიადებულია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული