უმაღლესი ლიგის საწევრო 60 000 ყველამ გადაიხადა - მათ შორის, "ზესტაფონმაც"

AutoSharing Option
დამდეგი ეროვნული ჩემპიონატის სამონაწილეო თანხა, 60 000 ლარი უმაღლესი ლიგის თორმეტივე კლუბმა გადაიხადა - ასე მშვიდობიანად დასრულდა ეს ამბავი. არადა, რამდენიმე დღის წინ სიტუაცია ცოტა უცნაური გახლდათ.

გეხსომებათ, საქართველოს ორგზის ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ოფიციალური წერილით მიმართა ფეხბურთის ფედერაციას, ამ ეტაპზე სამონაწილეო თანხის გადახდა არ შეგვიძლია, ჩვენი პასივები აქტივებს აღემატებაო (იხილეთ ვრცლად).

ამ წერილს წინ უძღოდა უმაღლესი ლიგის კლუბების შეხვედრა, სადაც შეთანხმდნენ იმაზე, რომ საწევროს ყველა გადაიხდიდა. ამის შემდეგ "ზესტაფონის" პრეზიდენტის, ილია კოკაიას წერილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასადმი პასივ-აქტივების შესახებ მართლაც
მოულოდნელი იყო ყველასთვის.

რისთვის იყო გამიზნული ამ წერილის გაგზავნა ფედერაციაში? ჯერჯერობით რთული სათქმელია. საყურადღებოა ისიც, რომ ფედერაციამ კონფიდენციალურობა არ გამოიჩინა და ეს წერილი საკუთარ ვებგვერდზე გამოფინა. ეს გაბრაზებული მხარის რეაქცია იყო და სხვა არაფერი.

ამის გარდა, ფედერაციამ თადარიგიც დაიჭირა და პირველი ლიგის ბინადარს, ლანჩხუთის "გურიას" შეეხმიანა, თუ "ზესტაფონი" 60 000 ლარს არ გადაიხდის, შემცვლელი დაგვჭირდებაო.

ეს ამბავი რებუსს დაემსგავსა. შესაძლოა, ეს ყველაფერი უწინდელი ამბების გამოძახილი იყო, მაგრამ კონკრეტულად რომლის? ფაქტია, "ზესტაფონმა" მაინც გადაიხადა 60 000 ლარი. კოკაიას წერილში არ იყო თხოვნა ამ თანხის გადავადების შესახებ. ასე რომ ყოფილიყო, ეს ყველაფერი უცნაურ ფორმას არ მიიღებდა.

მაშ, რა მოხდა სინამდვილეში? ალბათ, განსაკუთრებული არაფერი; უბრალოდ, ვიღაცას ალიაქოთი მოენატრა.

ამასობაში უმაღლესი ლიგის კლუბების პრეზიდენტთა საბჭოს მეოთხე შეხვედრა გაიმართა ფეხბურთის ფედერაციაში. კლუბები და ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას პროფესიული ფეხბურთის ლიგის ხელახლა შესაქმნელად. შეხვედრაზე გარიგებული თამაშების თემაც წამოწეულა. ასეთი საუბრები მაშინაც იყო კლუბებს შორის, სანამ პროფლიგა არსებობდა, თუმცა ჯენტლმენური შეთანხმება იმ დროისთვის დაცული არ აღმოჩნდა.

საეჭვო თამაშების თემა წინა ჩემპიონატშიც აქტუალური გახდა, სეზონის მიწურულს კი იყო პირდაპირი ბრალდებებიც, მაგრამ ყველას ყველაფერი ხახვივით შერჩა.

ქართულ კლუბებს ისევ ის ხალხი მართავს, რომლებიც ამას წინა წლებში აკეთებდნენ და როგორ გგონიათ, მათი ზნე და მოქმედების ფორმები შეიცვლება?

როგორც უნდა იყოს, ახალ სეზონს ახალი იმედები მოაქვს.

ფედერაციის აქტივში კი ის უნდა ჩაიწეროს, რომ თუ არ ვცდები, ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, ჩემპიონატის დაწყებამდე ათი დღით ადრე საწევრო ყველა კლუბმა რომ გადაიხადა.

დასრულდა ესე ამბავი: 60 000 ყველამ გადაიხადა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

"ზესტაფონს" მიანიშნეს - უმაღლესი ლიგის საწევრო თანხა დროულად შემოიტანეო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული