...მასპინძლების არ იყოს, წინა ტურისგან აშკარად სახეშეცვლილი შემადგენლობით
...მატჩის საწყისი 10 წუთი მშვიდი თამაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი "მოდებაძე-შოუ" დაიწყო: მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე მოასპარეზე ფორვარდმა ორჯერ საშუალო მანძილიდან სცადა გოლის გატანა, მერე კი მის გამჭოლ გადაცემას "სამტრედიის" ფეხბურთელის ავტოგოლი კინაღამ მოჰყვა. და აი, მეოთხე ცდა შედეგიანი გამოდგა: მოდებაძემ, დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 1:0! სამიოდ წუთში კი სტუმართა მეკარემ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა: დავით ბოლქვაძემ მოხდენილი სპასით გარღვევაზე თემურ ღონღაძე გაიყვანა, რომელიც მეტოქის მეკარემ აკრობატული ილეთით შეაჩერა. პენალტი დაზარალებულმა შეასრულა: მართალია, დარტყმის წინ საკმაოზე მეტი პაუზაც გააკეთა, მაგრამ არბიტრს წესების დარღვევა არ დაუფიქსირებია და მოდებაძემ "დუბლიც" მიითვალა.
"სამტრედიას" ძალიან მალე მიეცა ერთი ბურთის გაქვითვის შანსი: არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა პენალტი ამჯერად მასპინძელთა კარში დანიშნა, მაგრამ ლაშა ქებაძის დარტყმული მშვენიერ ნახტომში ზურაბ ბათიაშვილმა მოიგერია. სხვათა შორის, "ოლიმპის" მეკარემ თავისი გუნდი იმ ეპიზოდშიც იხსნა, როცა შოთა ჩომახიძის მშვენიერი პასის შემდეგ პაატა ბაკარანძე მახვილი კუთხიდან ურტყამდა, მაგრამ ბათიაშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მხოლოდ ორჯერ დაარტყეს სტუმრებმა შეხვედრის პირველ ტაიმში მასპინძელთა კარში - გნებავთ, კარის მიმართულებით, მაშინ როცა "სამტრედიის" კართან მომენტი-მომენტს ცვლიდა. გოლის გატანა გიორგი ქავთარაძესაც შეეძლო და დავით ბოლქვაძესაც, თუმცა ხან მეკარე კახა ჯინჭარაძე ყოჩაღობდა, ხანაც "სამტრედიის" კარის ხარიხა თუ ძელი "ერეოდა საქმეში". "ოლიმპმა" მაინც შეძლო ერთი გოლის გატანა, თანაც, გოლსაც ხომ გააჩნია! შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ჭელიძემ ეფექტური დრიბლინგით ორი მეურვე ჩამოიცილა, ეფექტურადაც დაარტყა, მაგრამ ჯინჭარაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. თუმცა, ეს ეპიზოდი ამით არ დასრულებულა: გადმოვარდნილ ბურთს პირველი ირაკლი მოდებაძე დაუხვდა და საკმაოდ მახვილი კუთხიდან, უძლიერესი დარტყმით ეფექტურზე ეფექტური გოლი გაიტანა - ესეც ჩემპიონატის პირველი "ჰეთ-თრიქი"!
მეორე ტაიმზე კი სალაპარაკო ბევრი არც არაფერია; უბრალოდ, ცოტა არ იყოს, უცნაურად ჩანდა, თუ როგორ ანიავებდნენ ერთი მეორეზე უკეთეს მომენტებს მასპინძლები; ჯერ მარტო გიორგი ჭელიძეს, სულ მცირე, სამჯერ შეეძლო გოლის გატანა, ერთ ეპიზოდში ბოლქვაძე იყო ახლოს მიზანთან, მატჩის მიწურულს კი მოდებაძეს "პოკერის" შესრულებაც შეეძლო. აი, "სამტრედია" კი მხოლოდ ორჯერ, ისიც, ცოტა არ იყოს, "მორიდებით" გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ორივეჯერ სტუმართა ჭაბუკი ნახევარმცველის დავით კირკიტაძის აქტიურობის შედეგად. თუმცა, ორივეჯერ ზურაბ ბათიაშვილმა იყოჩაღა, განსაკუთრებით კი მეორე ეპიზოდში - როცა "სამტრედიის" გამოცდილ ფორვარდს მიხეილ კაკალაძეს ბურთის გატანა არ დაანება.
ამ წარმატებით "ოლიმპმა" "ხასიათიც" ცოტა გამოიკეთა და, რაც მთავარია, სატურნირო ცხრილშიც მეორე ადგილზე გადავიდა.
ოლიმპი 3
სამტრედია 0
29.09. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
1:0 მოდებაძე (17), 2:0 მოდებაძე (20-პენ), 3:0 მოდებაძე (27)
ოლიმპი სამტრედია
4-2-3-1 4-2-3-1
ბათიაშვილი ჯინჭარაძე
ღონღაძე სოსელია
ქკემოკლიძე ხუმარაშვილი
რეხვიაშვილი გოგია
ჯაფარიძე ჩხიკვაძე
ქავთარაძე ქებაძე
დობროვოლსკი ი. შალიკაშვილი
მოდებაძე დ. კირკიტაძე
დ. ბოლქვაძე ჩომახიძე
გეწაძე პავლიაშვილი
ბერიაშვილი ბაკარანძე
ოლიმპი
13. გეწაძე - გ. ჭელიძე
46. დობროვოლსკი - ყაზაიშვილი
60. ბერიაშვილი - ახალკაცი
სათადარიგოები: ბათიაშვილი, ა. კვახაძე, რაზმაძე, უგულავა
სამტრედია
46. ჩომახიძე - გუჩუა
46. ქებაძე - ბაკურაძე
46. პავლიაშვილი - კაკალაძე
სათადარიგოები: ძაგანია, ეცადეიშვილი, დვალიშვილი, ნინუა
გაფრთხილება: ჯინჭარაძე (20), სოსელია (45), ქავთარაძე (75), ხუმარაშვილი (90)
არბიტრი: ა. ნონიკაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"