ბადრი კვარაცხელია სპარტაკის მხსნელია?

AutoSharing Option
წინა ჩემპიონატში უკვე მესამე ტურის შემდეგ მოხდა პირველი სამწვრთნელო ცვლილება (სულ კი, გასულ სეზონში საკმაოდ ბევრი - 13 სამწვრთნელო გადაადგილება იყო). XXII ჩემპიონატი, ამ მხრივ, თავდაპირველად "მშვიდად" მიმდინარეობდა და უმაღლესი ლიგის გუნდების ათივე მთავარი მწვრთნელიც თავის პროფესიულ საქმიანობას მეტ-ნაკლები წარმატებით ასრულებდა. და აი, VII ტურის შემდეგ პირველი სამწვრთნელო ცვლილებაც ვიხილეთ: წარუმატებელი სტარტის მერე რამაზ მუმლაძემ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და მის ნაცვლად გია გიგატაძე დაინიშნა. ქუთათურთა კლუბის ხელმძღვანელებს ახალი მწვრთნელი "გარედან" არ მოუყვანიათ: გია გიგატაძე ხომ იმ "ტრიუმვირატში"
(იასონ ბზიკაძესთან და გია სუხიაშვილთან ერთად) შედიოდა, წინა სეზონში "ტორპედოს" I ლიგის გათამაშება ვინც მოაგებინა. XXII ჩემპიონატიდან კი "ტორპედოს" დუბლებს წვრთნიდა და საკმაოდ წარმატებითაც - ქუთაისელთა გუნდის უახლოესი რეზერვი დუბლშემადგენლობის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
გუშინ კი კიდევ ერთი სამწვრთნელო ცვლილების შესახებაც შევიტყვეთ: გოჩა ჩიქოვანის ნაცვლად, ცხინვალის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელად ამიერიდან ბადრი კვარაცხელია იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ჩიქოვანი "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელად წინა სეზონის მიწურულს, კონკრეტულად კი 15 აპრილს დაინიშნა, როცა ამ პოსტზე ვლადიმერ ხაჩიძე შეცვალა. ეს სამწვრთნელო ცვლილება კი ალბათ, იმითაც იყო განპირობებული, რომ "სპარტაკმა" საქართველოს თასის ნახევარფინალში "დინამოსთან" ორრაუნდიანი დაპირისპირება (0:0, 0:3) წააგო. ჩიქოვანის ხელმძღვანელობით "სპარტაკმა" წინა ჩემპონატში სეზონის უკანასკნელი 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც ორში გაიმარჯვა და ხუთში დამარცხდა. ოღონდ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ დროისათვის გუნდი, ფაქტობრივად, უმოტივაციოდ ასპარეზობდა: ვერც ლიდერთა სამეულში შევიდოდა და არც გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა, ის ორადორი გამარჯვება მაინც ფასეული იყო: "სპარტაკმა" ისეთ ძლიერ მეტოქეებს მოუგო, როგორებიც "დინამო" და "ოლიმპია".

ახალი სეზონისათვის გუნდი კვლავაც გოჩა ჩიქოვანმა მოამზადა; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, წინა ჩემპიონატთან შედარებით ამ ზაფხულს "სპარტაკში" სერიოზული საკადრო ცვლილებები რომ მოხდა; ოღონდ, შეუიარაღებული თვალითაც ჩანდა, რომ ასეთი შემადგენლობით გუნდის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნებოდა. ასეთი, "წინასწარ განწირულის" მოლოდინის მიუხედავად, "სპარტაკმა" XXII ჩემპიონატის სტარტი აშკარად ჩააგდო: 8 ტურის შემდეგ გუნდი ბოლოსწინა ადგილზეა. განსაკუთრებით სუსტად კი გუნდმა სექტემბერში იასპარეზა: ხუთ შეხვედრაში 4 მატჩი წააგო და მხოლოდ 1 ფრე ითამაშა (სტუმრად "ბაიასთან"). ასეთი არასახარბიელო შედეგებიდან გამომდინარე, ალბათ, მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო ამ ჩემპიონატის მეორე სამწვრთნელო ცვლილება. თანაც, "ტორპედოს" მსგავსად, არც "სპარტაკის" ხელმძღვანელებს დაუწყიათ ახალი მწვრთნელის "გარეთ" ძებნა: ბადრი კვარაცხელია ამ სეზონის დასაწყისიდან "სპარტაკის" დუბლების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. სხვათა შორის, "სპარტაკის" დუბლები ძირითადი გუნდისაგან განსხვავებით ბევრად წარმატებით ასპარეზობენ: ბადრი კვარაცხელიას აწ უკვე ყოფილი შეგირდები 8 ტურის შემდეგ IV ადგილზე იმყოფებიან.

...ბადრი კვარაცხელიამ საფეხბურთო კარიერა მშობლიურ წალენჯიხაში დაიწყო, სადაც წლების განმავლობაში ადგილობრივი "სქურის" უპირობო ლიდერი გახლდათ. უმაღლეს ლიგაშიც არაერთი სეზონი გაატარა: თბილისის "დინამოში", თელავის "კახეთში", რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "მერანი 91-ში". შემდეგ კი, 30 წელს კარგა ხანს გადაცილებული, აზერბაიჯანში გაემგზავრა და ერთ-ერთი პირველი ქართველი ლეგიონერიც იყო ამ ქვეყანაში. ეგ კი არა, წლების განმავლობაში კვარაცხელია განჯის "ქიაფაზისა" და ბაქოს "ნეფთჩის" ლიდერი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო. შორს წაგვიყვანს ქართველი ფეხბურთელის... აზერბაიჯანული მიღწევების (ინდივიდუალურის და გუნდურის) ჩამოთვლა: არაერთხელ დაასახელეს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად, არაერთხელ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი; მეტსაც ვიტყვით: აზერბაიჯანის ნაკრებშიც მიიწვიეს და რამდენიმე ოფიციალური შეხვედრაც ჩაატარა; აღარაფერს ვამბობთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგები ბოლო წლებამდე სწორედ კვარაცხელიას მიიჩნევდნენ აზერბაიჯანის ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერად!

ახლა კი კვარაცხელიას სამწვრთნელო გამოცდილებაზეც; ამ რამდენიმე წლის წინათ კახა ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა ბოლნისის "სიონში"; შემდეგ ეს "დუეტი" ბაქოს "სტანდარდში" გადავიდა, სადაც კვარაცხელიამ გარკვეული პერიოდი უკვე მთავარი მწვრთნელის რანგში იმუშავა. ამ სეზონში კი, როგორც უკვე გითხარით, "სპარტაკის" დუბლები ჩაიბარა და აი, დღეიდან უკვე ამ კლუბის ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელია. რა თქმა უნდა, სიტუაცია არასახარბიელოა, მაგრამ არც - კატასტროფული: ჩემპიონატის დასრულებამდე ხომ სამი წრეა დარჩენილი...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული