გასული სეზონის დასრულებისთანავე ორივე გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა: "მერანი" წამყვანმა ფეხბურთელებმა დატოვეს, გადახალისდა "ზესტაფონის" შემადგენლობაც.
მასპინძელთა რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა გერმანელმა ლეგიონერმა პატრიკ მილხრაუმმა.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ აღნიშნული შეხვედრა უმაღლეს ლიგაში სადებიუტო იყო მატჩის მთავარი არბიტრი გოგა კიკაჩეიშვილისთვისაც, რომელმაც ნორმალურად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.
რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, საწყისი წუთები თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა და მეტოქეებმა მომენტები
ცოტა ხანში ზესტაფონელებს შეეძლოთ ფონს გასვლა: სტუმართა საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რის შედეგადაც ბურთი დავით მუჯირს მიუვიდა. მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს.
აქვე იყო ეპიზოდი, როდესაც იმავე სამუშიას გადაცემის შემდეგ ოთარ კვერნაძე დარჩა მეკარესთან მარტო, თუმცა ჯონი შეროზიამ ითამაშა დამაჯერებლად და თავისიანები გადაარჩინა.
ამის შემდეგ მარტვილელთა ჯერიც დადგა: პირველ შემთხვევაში გიგა ამბროლაძემ დაარტყა სახიფათოდ, თუმცა მეკარემ იყოჩაღა, 26-ე წუთზე კი ანგარიში მაინც გაიხსნა: ლევან გეგეჭკორის ფლანგური ჩაწოდება საბა ლომიამ ჩინებული თავური დარტყმით გოლად აქცია - 0:1.
გოლის შემდეგ მუჯირმა და სამუშიამ სცადეს მდგომარეობის გამოსწორება, თუმცა ვერცერთმა გამოიყენა შანსი. აღსანიშნავია სტუმართა მეკარის კარგი თამაში.
შესვენების შემდეგ გია ჭიაბრიშვილმა მოედანზე ზაალ ელიავა შეუშვა, რომელმაც თავისი გუნდის იერიშებს სიმწვავე შეჰმატა: 69-ე წუთზე აქტიურმა ელიავამ საჯარიმოს მისადგომებთან გადაცემა გააკეთა. ახლად შემოსულმა აბაიომო ოვონიკოკომ მახვილგონივრულად გაატარა ბურთი. თითქოს ყოველივე კარგად იკითხებოდა, მაგრამ "მერანის" ახალგაზრდა მცველები უხეშად შეცდნენ და ფაქტობრივად, მეკარესთან პირისპის დარჩენილმა თორნიკე გორგიაშვილმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 1:1.
ზუსტად ერთ წუთში თავად ოვონიკოკოს მიეცა თავისიანების დაწინაურების შანსი, თუმცა მისი თავური სანტიმეტრებით ასცდა მოწინააღმდეგის კარს.
ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონებმა კიდევ უფრო გააძლიერეს ზეწოლა. ისინი მოედნის ცენტრის ბატონ-პატრონნი გახდნენ. "მერანის" ფეხბურთელებს თითქოს დაღლა დაეტყოთ, ამას დაემატა გამოუცდელობაც (რამდენიმე ფეხბურთელისთვის ეს მატჩი სადებიუტო იყო უმაღლეს ლიგაში).
შედეგმაც არ დაახანა: დროის მოკლე პერიოდში იმერლებმა ორჯერ იხეირეს: დავით მუჯირმა კარგად დაინახა მარჯვენა ფრთაზე მარტოდმარტო დარჩენილი თორნიკე აფციაური, რომელმაც უპირატესობა ორამდე გაზარდა.
დაახლოებით შვიდ წუთში ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებმა პატრიკ მილხრაუმმაც გაიტანა და გუნდს მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება დაუფიქსირა.
მატჩის შემდეგ
გია ჭიაბრიშვილი (ზესტაფონი):
"ძალიან კარგად ვართ ფიზიკურად მომზადებულები. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ მეორე ტაიმის მეორე ნახევარი, როდესაც გუნდმა საგრძნობლად მოუმატა თამაშს და სამი ბურთი გაიტანა.
ისე კი, გვარიანად ვინერვიულე. მარტვილის "მერანი", შეიძლება ითქვას, რომ შეკრული და შეთამაშებული გუნდია, ნებისმიერ მეტოქეს გაუჭირდება მასთან თამაში.
ვფიქრობ, რომ ისინი წელსაც გაგვაოცებენ. ჩვენი მიზანი კი კვლავაც ჩემპიონობაა და ამისათვის დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას".
არჩილ ჩხაბერიძე (მერანი):
"რთული თამაში გამოდგა. პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ, ბოლო ოცი წუთი კი ჩაგვივარდა. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიჭებს გამოცდილება აკლიათ.
ახალ გუნდს ვაშენებთ, აქცენტს ადგილობრივებზე ვაკეთებთ. ბიჭების გარჯით უკმაყოფილო არ ვარ, მათ ყველაფერი გააკეთეს სასურველი შედეგის მისაღწევად."
საქართველოს XXIV ჩემპიონატი. I ტური
11.08.ზესტაფონი. დ. აბაშიძე. 1800 მაყურებელი
ზესტაფონი-მერანი 3:1
გოლები: 0:1 ს.ლომია (26. გეგეჭკორის პასით), 1:1 გორგიაშვილი (69. ელიავას პასით), 2:1 აფციაური (75. მუჯირის პასით), 3:1 მილხრაუმი (82)
ზესტაფონი (4-5-1) მერანი (4-4-2)
რ. კვასხვაძე შეროზია
თორ. გრიგალაშვილი გეგეჭკორი
კაჭკაჭიშვილი იობაშვილი
თევ. გრიგალაშვილი ქარქუზაშვილი
მილხრაუმი მელიავა
ბაბუნაშვილი დიდავა
გორგიაშვილი ნ. ნოზაძე
აფციაური ფონიავა
სამუშია ამბროლაძე
დ. მუჯირი რეხვიაშვილი
კვერნაძე ს. ლომია
მწვრთნელი: მწვრთნელი:
გ.ჭიაბრიშვილი მ.ჟვანია
ზესტაფონი
46. გ. სამუშია-ელიავა
65. კვერნაძე-ოვონიკოკო
83. მუჯირი-რაჟამაშვილი
სათადარიგოები: მამალაძე, სარდალიშვილი, გუგუჩია, რობაქიძე
მერანი
64. რეხვიაშვილი-ბ. ჩხეტიანი
77. ნ. ნოზაძე-ბუკია
83. ამბროლაძე-დარჯანია
სათადარიგოები: ხარძეიშვილი, მონიავა, მჭედლიშვილი, კიკალიშვილი
გაფრთხილება: რეხვიაშვილი (55)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"