ისე, მართლაც არ ყოფილა სახუმარო საქმე ლამის ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალური მატჩების ჩატარება (თან, ჩვენ მოედნებზე); მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენი ფეხბურთელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ასეთ უმძიმეს გრაფიკს გაუძლეს და, როგორმე, ერთ დღესაც გაიჭირვებენ. თანაც, IX ტურით ხომ ჩემპიონატის პირველი წრეც მთავრდება და მეორის დაწყებამდე გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალება ბევრს ექნება.
ტორპედო-დინამო
...ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, უმაღლეს ლიგაში ამ გუნდების დაპირისპირება არნახულ აჟიოტაჟს იწვევდა - ბოლოს და ბოლოს, ერთმანეთს ხომ საქართველოს 2 საუკეთესო გუნდი ეჯიბრებოდა. ანალოგიური პრინციპულობა შეიძინა "ტორპედოსა" და "დინამოს" დაპირისპირებამ ეროვნულ ჩემპიონატშიც, თუმცა 1990 წლიდან 2007 წლამდე (ანუ, ვიდრე "ტორპედო" უმაღლეს ლიგას დაემშვიდობებოდა) ჩატარებულ ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა ჩვენი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მხარეს იყო; თავად განსაჯეთ: ამ პერიოდში ჩატარებულ 43 მატჩიდან "დინამომ" 22 მოიგო, 9 ფრედ ითამაშა და 12 წააგო. ასეთ სოლიდურ უპირატესობას "დინამომ" საწყის ჩემპიონატებში და შემდეგ უკვე 2003-07 წლებში მიაღწია; სამაგიეროდ, "ტორპედოს" ზეობის პერიოდში (XX საუკუნის დასასრული და XXI საუკუნის დასაწყისში) უკვე ქუთათურები ამარცხებდნენ თავიანთ პრინციპულ მეტოქეს.
...17 წლის განმავლობაში "ტორპედოსა" და "დინამოს" შორის არაერთი საინტერესო მატჩი ჩატარებულა; ისეთი შემთხვევებიც ყოფილა,
როცა ჩემპიონობის ბედი სწორედ ამ ორ გუნდს შორის წყდებოდა; აი, თუნდაც 2002 წელი გავიხსენოთ, როცა ფინიშის სწორზე მეტად საინტერესო სიტუაცია შეიქმნა: "ტორპედო"-"დინამოს" შორის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი ხდებოდა, ხოლო თუ ეს შეხვედრა ფრედ დამთავრდებოდა, მაშინ უკვე "ლოკომოტივი" დაეუფლებოდა ოქროს მედლებს. საბოლოოდ, გამარჯვება "ტორპედოს" დარჩა: მეტად დაძაბულ და ამასთან, "ცოტა" სკანდალურ მატჩში მინიმალური უპირატესობით რომ აჯობა "დინამოს" და ზედიზედ მესამედ დაეუფლა ოქროს მედლებს. იმ პერიოდში "ტორპედოს" რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდა, მანამდე კი ქუთაისელებმა ორი საჩემპიონო ტიტული დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოიპოვეს.
ალბათ, შეხსენებაც არავის სჭირდება, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ ქართული ფეხბურთის ამ ორ ლეგენდას არანაკლები სამწვრთნელო წარმატებები... "დინამოშიც" ჰქონდათ. აი, რაც შეეხება ფეხბურთელებს, საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში, ალბათ, რამდენიმე ათეული მოთამაშე მაინც წამოსულა ქუთაისიდან თბილისში; თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ხშირ შემთხვევაში, ერთობ უცნაურ მოვლენასთან გვქონდა-ხოლმე საქმე: "ტორპედოში" რომ ზღაპრულად გამოიყურებოდა, აი, ის ფეხბურთელი, რატომღაც "დინამოში" საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვეღარ ავლენდა. თუმცა, ისეთი მაგალითებიც არაერთი გვახსოვს, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელს ორივე გუნდში ასპარეზობისას ჩინებულად უასპარეზია.
ახლა კი იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალიც გვინდა შემოგთავაზოთ, სხვადასხვა დროს "ტორპედოშიც" რომ უასპარეზიათ და "დინამოშიც": ნიკა ჩხეიძე, ირაკლი ზოიძე, გივი დიდავა, მიხეილ აშვეთია, გიორგი შენგელია, გიორგი მეგრელაძე, მიხეილ ბობოხიძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ზვიად სტურუა, ირაკლი ვაშაკიძე, დავით გვარამაძე, სოსო გრიშიკაშვილი, რევაზ ქემოკლიძე, ლევან სილაგაძე, პაატა ჯინჭარაძე, შოთა ბაბუნაშვილი, ზაზა ზირაქიშვილი, დავით ჭიჭვეიშვილი, ლაშა ჭელიძე, გია კვარაცხელია, ვალტერ გუჩუა, გიორგი ნერგაძე; ამ სიას კიდევ 3 ფეხბურთელიც უნდა მივუმატოთ, დღევანდელ მატჩში რომ იასპარეზებენ: თენგიზ ჩიკვილაძე, დავით დიღმელაშვილი და ალექსანდრე კოშკაძე.
... უმაღლეს ლიგაში "ტორპედოსა" და "დინამოს" უკანასკნელი დაპირისპირება 2007 წლის 17 მარტს შედგა; თუმცა, ქუთაისელ ქომაგებს ის შეხვედრა, ალბათ, მწარედ ემახსოვრებათ: დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" პრინციპული მეტოქის კარში 5 უპასუხო გოლი გაიტანა! სხვათა შორის, ამ ორ გუნდს შორის ასეთი დიდი ანგარიში მანამდე არასდროს დაფიქსირებულა. სამიწლისწინანდელი იმ შემადგენლობებიდან "ტორპედოში" დღესდღეობით 4 ფეხბურთელიღა შემორჩა: მაქსიმე ქვილითაია, გიორგი გურული, თეიმურაზ ფარულავა და ლევან კირკიტაძე, ხოლო "დინამოში" ერთადერთი ლევან ხმალაძეა.
დაბოლოს, "ტორპედოსა" და "დინამოს" დღევანდელ სატურნირო მდგომარეობაზეც; წინა ტურში, როგორც იქნა, "ტორპედოს" უიღბლობა დამთავრდა და გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. თანაც, ახალი მწვრთნელის, გია გიგატაძის ხელმძღვანელობით, ვისაც უმაღლეს ლიგაში სადებიუტო შეხვედრა მთავარი მწვრთნელის რანგში მშობლიურ ქალაქში მაინცდამაინც "დინამოს" წინააღმდეგ უწევს. რაც შეეხება ჩვენ ყველაზე ტიტულოვან კლუბს, კახა კაჭარავას გუნდი, როგორც მარადიულ ფავორიტს შეეფერება, კვლავაც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და საკუთარი ამბიციის დამტკიცებას დღესაც შეეცდება.
კალენდრის მიხედვით, ეს მატჩი 3 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს გაიმართება.
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
გათამაშების ერთპიროვნულ ლიდერ "ზესტაფონს" ზედიზედ მესამე გასვლითი მატჩი უწევს; წინა 2 შეხვედრა გია გეგუჩაძის გუნდმა წარმატებით ჩაატარა, დღეს კი საკმაოდ რთული მატჩი უწევს გაახალგაზრდავებულ, სახეშეცვლილ, მაგრამ ამის მიუხედავად ძველებურად ამბიციურ "ვიტ ჯორჯიასთან". სხვათა შორის, "ზესტაფონის" 5-წლიანი არსებობის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე უხერხული მეტოქე სწორედ "ვიტ ჯორჯიაა": აქამდე ჩატარებული 17 შეხვედრიდან "ვეტერინარებმა" 9 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაამთავრეს და 5 წააგეს. თუმცა, XXII ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გუნდი ("ზესტაფონი" კი სწორედ ასეთად მიგვაჩნია), ალბათ, ყველა ღონეს იხმარს, რომ ეს უსიამოვნო სტატისტიკა თავისთვის სასარგებლოდ შეცვალოს. ყველაფერს თავი რომ გავანებოთ, ამ შეხვედრაში წარმატების შემთხვევაში "ზესტაფონი" ერთპიროვნული ლიდერობასაც შეინარჩუნებს და პირველი წრის გამარჯვებულიც გახდება.
...ბოლო 5 წლის განმავლობაში "ვიტ ჯორჯიასა" და "ზესტაფონს" შორის არაერთი საინტერესო პაექრობა ჩატარებულა; ისიც კარგად გვახსოვს, საიუბილეო, XX ჩემპიონატში რამაზ მუმლაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ვიტ ჯორჯიამ" სეზონში სამივე მატჩი ერთი და იგივე ანგარიშით (2:)1) რომ მოუგო "ზესტაფონს". აღარაფერს ვამბობთ წინა სეზონის, მართლაც, ერთ-ერთ მთავარ მოულოდნელობაზე: საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "ზესტაფონმა" პირველ მატჩში "ვიტ ჯორჯია" დიდი ანგარიშით (3:0) დაამარცხა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს საკმარისი არ ყოფილა; ყოველ შემთხვევაში, განმეორებითი მატჩის შედეგებს (4:0 - "ვეტერინართა" სასარგებლოდ) ბევრი ნამდვილად არ მოელოდა...
სიონი-ოლიმპი
აბა, ისე როგორ იქნებოდა, ტურში ერთი რეგიონის გუნდების დაპირისპირება რომ არ გვენახა? აი, ახლაც, პირველი წრის ბოლო ტურში ქვემოქართლური დერბი გველოდება, რომელიც, არ დავმალავთ და მართლაც დიდ ინტერესს იწვევს. ჯერ ერთი, ჩემპიონ გუნდში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები "ოლიმპისადმი" განსაკუთრებული ყურადღებისკენ გვიბიძგებს. ანუ, როგორი იქნება გუნდის შემადგენლობა, "სიონის" წინააღმდეგ, გუნდს ვინ უხელმძღვანელებს და ასე შემდეგ. რაც მთავარია, "ოლიმპის" ფეხბურთელებმა მალე მოახერხეს ფოთის კოშმარული შოკის დავიწყება და წინა ტურში ირაკლი მოდებაძის "ჰეთ-თრიქის" წყალობით გაიმარჯვეს.
თუმცა ხვალ ბევრად ძლიერ მეტოქესთან მოუწევთ საკუთარი სიძლიერისა და ამბიციების დამტკიცება: ამ სეზონში "სიონმა" უკვე არაერთხელ დაამტკიცა, რომ ამ გუნდთან იოლი გასეირნება არავის ელოდება. ცოტა არ იყოს, მოვლენების ისეთი განვითარებაც გვეეჭვება, წინა სეზონებში როგორც ხდებოდა; ანუ, "სიონი"-"ოლიმპის" მატჩებამდე... დიდი ხნით ადრე რომ იწყებოდა "არასასიამოვნო" საუბრები იმის თაობაზე, რომ ერთ-ერთ გუნდს მეორისათვის ქულები უნდა "ეჩუქებინა".
სხვათა შორის, წინა სეზონში "სიონი"-"ოლიმპის" მეორე წრის შეხვედრაში ბოლნისური კლუბის ანტირეკორდი დამყარდა: საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში "სიონმა" პირველად წააგო საშინაო მატჩი ექვსბურთიანი სხვაობით! თუმცა, კიდევ ვიმეორებთ, რომ ერთი წლისწინანდელი ამბებიდან ორივე გუნდში ბევრი რამე თუ ვინმე შეიცვალა; რაც მთავარია, არანაკლებ მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია ის ფაქტი, რომ ბოლნისში "სიონის" საშინაო მატჩებზე საგრძნობლად მოიმატა ქომაგთა რიცხვმა.
სამტრედია-ბაია
ზედიზედ 3 წაგება "საკმარისი" გამოდგა, "სამტრედია" ცხრილის ბოლო საფეხურზე რომ აღმოჩენილიყო. მოკლედ, გუნდი ერთობ "დამძიმებული" განწყობით ასრულებს პირველ წრეს; თანაც, დღესაც ურთულესი მატჩი ელოდება: "ბაია" არასტაბილურად ასპარეზობს, თორემ ამ გუნდს ნებისმიერი ჩვენი გრანდის დამარცხება რომ შეუძლია, ამ სეზონში არაერთხელ დაამტკიცა. სხვათა შორის, "სამტრედიის" თამაშის შემხედვარე, ვერც იმას ვიტყვით, რომ წყალწაღებული აუტსაიდერიაო; ახალგაზრდა მწვრთნელის, გელა სანაიას განკარგულებაში რამდენიმე საინტერესო ახალგაზრდაც არის და ორი-სამი გამოცდილი ვეტერანიც (შოთა ჩომახიძე, ვალტერ გუჩუა, მიხეილ კაკალაძე, სპარტაკ გოგია).
თუმცა საქმე თუ გამოცდილ მოთამაშეებზე მიდგება, ამ მხრივ, "ბაია" მართლაც უკონკურენტოა: დავით ჭიჭვეიშვილს, ალექსანდრე გოგობერიშვილს, კახა ჩხეტიანს, როინ ონიანს, გიორგი მეგრელაძესა და ლადო ახალაიას ეროვნულ ჩემპიონატში სხვადასხვა გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამორჩეული სეზონი ჩაუტარებიათ; ახლა კი ერთად ასპარეზობენ და ახალგაზრდა პარტნიორებთან ერთად "ბაიას" სოლიდური ამბიციების შესრულებაში ეხმარებიან.
კოლხეთი-სპარტაკი
ფოთში სტუმრობა მართლაც არ არის სახუმარო საქმე და ყოველივე ეს ამ სეზონში უკვე რამდენიმე გუნდმა გამოსცადა. მართლაც სასიხარულოა, რომ უმაღლეს ლიგაში გარკვეული პაუზის შემდეგ დაბრუნებული "კოლხეთი" ასე დამაჯერებლად ასპარეზობს; თანაც, ბესიკ შეროზიას გუნდის თამაშში, რაც მთავარია, სანახაობრივი მხარე სჭარბობს და ეს ფაქტიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ოღონდ, "კოლხეთის" ასეთი წარმატებული თამაში, არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის "აკომპანიმენტით" მიმდინარეობს. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, "კოლხეთი" არც აქეთ-იქით არიგებს ქულებს და ამ გუნდის ხელმძღვანელების, მწვრთნელებისა თუ ფეხბურთელებისაგანაც არ გვესმის გამუდმებით საჯარო წუწუნი უსახსრობაზე...
"სპარტაკი" კი ფოთში ახალი თავკაცით ჩადის: ბადრი კვარაცხელიას რთული სადებიუტო მატჩი რომ ელოდება, თვითონაც კარგად იცის. თანაც, სტუმრებს დისკვალიფიკაციის გამო ერთდროულად 3 ფეხბურთელი არ ეყოლებათ: სოსო გრიშიკაშვილი, ვალერი ბოლქვაძე და მიხეილ კორსანტია. სხვათა შორის, არანაკლები დანაკლისი აქვთ მასპინძლებსაც: ასევე დისკვალიფიკაციის გამო "კოლხეთს" ორი გამოცდილი მცველი - მიხეილ მახვილაძე და ოლეგ გველესიანი დააკლდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"