ლოგიკური იყო "ზესტაფონის" გამარჯვება შაბათის მატჩშიც, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია და მისი ასისტენტები - სოსო ჭედია და მამუკა აბუსერიძე
...სტუმართა თავკაცს გია გეგუჩაძეს, წინა მატჩთან შედარებით, ძირითადი შემადგენლობა არ შეუცვლია; მისმა კოლეგამ მერაბ კოჭლაშვილმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით, თავის გუნდის ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება შეიტანა: მარცხენა გარემარბის პოზიციაზე გიორგი ჯანელიძე გაამწესა.
...თამაში თავიდანვე სწრაფ ტემპში დაიწყო და საწყის წუთებში მეტოქეებმა თითო-თითო დარტყმა "გაცვალეს": ირაკლი კლიმიაშვილისა და შოთა გრიგალაშვილს მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია, ისე როგორც ნიკა გელაშვილის თავური გამოდგა მცირეოდენ არაზუსტი. ორივე გუნდი მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვებას ცდილობდა და სტუმრების უპირატესობაც ნელ-ნელა იკვეთებოდა; ეს კი, პირველ რიგში, ნახევარმცველების დამსახურება იყო: ირაკლი ძარია ფორვარდების უკან მოქმედებდა, თორნიკე აფციაური და შოთა გრიგალაშვილი მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლანგებს იცვლიდნენ, ხოლო ბუბა დაუშვილი ცენტრალური მცველების წინ იყო გამწესებული და კვლავაც უაღრესად სასარგებლოდ თამაშობდა.
თუმცა, ამის მიუხედავად, პირველ ტაიმში სტუმრებს რეალური მომენტი არ შეუქმნიათ: პირველ ეპიზოდში აფციაურმა სამ მეტოქეს გვერდი ეფექტურად აუარა, მაგრამ დარტყმა არ გამოუვიდა; მეორეჯერ კი გელაშვილი მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით ცდილობდა გოლის გატანას, მაგრამ ბურთი მასპინძელთა კარს აცდა. ტაიმის ბოლოსკენ ტემპი საგრძნობლად დაეცა, ოღონდ, ვერც იმის ვიტყვით, რომ მასპინძლები მხოლოდ საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენო: როინ კვასხვაძემ ჯერ ირაკლი კლიმიაშვილის საჯარიმო დარტყმა მოიგერია, შემეეგ კი ბესიკ ჩიმაკაძეს არ დაანება გოლის გატანა.
სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა პირველ ტაიმში გოლი მაინც გაიტანა, მაგრამ დარტყმის მომენტში გვერდით მსაჯს ალამი აწეული ჰქონდა და მასპინძელთა მცირერიცხოვან ქომაგთა სამწუხაროდ, ეს გოლი არ ჩაითვალა. სხვათა შორის, "ვიტ ჯორჯიას" ანალოგიური რამ წინა ტურშიც დაემართა და მაშინაც იმავე ბესიკ ჩიმაკაძეს არ ჩაუთვალეს გოლი...
...მეორე ტაიმის დასაწყისში ჯაბა დვალმა და ჯაბა ლიპარტიამ მეტ-ნაკლებად სახიფათო დარტყმები შეასრულეს და ამის მერე, მატჩის ბოლომდე, ტერიტორიული უპირატესობა მთლიანად სტუმართა მხარეს გადავიდა. თანაც, მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდა საყრდენი ნახევარმცველის დავით მაისაშვილის გაძევება: მეტოქემ რიცხვობრივი უპირატესობა ჩინებულად გამოიყენა და შეხვედრის უკანასკნელმა ნახევარმა საათმა გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.
ჯერ ის ეფექტური კომბინაცია ვიხილეთ, აფციაურის პასით გელაშვილი "ერთი შეხებით" რომ ურტყამდა მასპინძელთა კარის მიმართულებით; შემდეგ კი გოლიც გავიდა: გრიგალაშვილის მიერ შესრულებულ "სტანდარტულს" "ვეტერინართა" საჯარიმოში მასპინძელთა მცველების მცირე უყურადღებოდა მოყვა, რითაც მშვენივრად ისარგებლა გელაშვილმა და თავისი ყოფილი კლუბის კარში ზუსტად დაარტყა. სტუმრები არც ამ გოლის შემდეგ დამშვიდებულან და ჯერ დვალს შეეძლო ანგარიშის გაზრდა, შემდეგ კი შეცვლაზე შემოსული თორნიკე გორგიაშვილის ეფექტური რეიდიც ვნახეთ.
თუმცა ასეთი სოლიდური უპირატესობა, როცა იქნებოდა, კიდევ ერთ გატანილ გოლში უნდა ასახულიყო და ასეც მოხდა: ჯაბა დვალმა თორნიკე გორგიაშვილის ჩინებული პასი მიიღო და გიორგი ძაძამიას შანსი არ დაუტოვა. მატჩის ბოლომდე იმავე დვალსა და გელაშვილს კიდევ შეექმნათ სახიფათო მომენტები, მაშინ როცა მასპინძლები მეორე ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაემუქრნენ "ზესტაფონის" კარს, მაგრამ ბესიკ ჩიმაკაძისა და როინ კვასხვაძის "დუელი" კვლავაც სტუმართა მეკარის გამარჯვებით დამთავრდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ "ზესტაფონის" მრავალრიცხოვანი ქომაგები კმაყოფილნი ტოვებდნენ "ფოლადის" სტადიონს - მათმა საყვარელმა გუნდმა ერთპიროვნული ლიდერობაც შეინარჩუნა და პირველი წრის გამარჯვებულიც გახდა!
ვიტ ჯორჯია 0
ზესტაფონი 2
02.10. რუსთავი. ფოლადი. 500 მაყურებელი
0:1 გელაშვილი (61), 0:2 დვალი (79. გორგიაშვილის პასით)
ვიტ ჯორჯია ზესტაფონი
4-2-3-1 4-1-3-2
ძაძამია რ. კვასხვაძე
ბეჭვაია ბენაშვილი
კასრაძე გ. ონიანი
ადამაძე ხიდეშელი
ღანიაშვილი ელიავა
გურეშიძე დაუშვილი
მაისაშვილი აფციაური
კლიმიაშვილი ძარია
ლიპარტია გრიგალაშვილი
ჯანელიძე გელაშვილი
ჩიმაკაძე დვალი
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. კოჭლაშვილი გ. გეგუჩაძე
ვიტ ჯორჯია
62. ჯანელიძე - ვასაძე
82. კლიმიაშვილი - კორიფაძე
82. ლიპარტია - ზაქრაძე
სათადარიგოები: რეჭია, ხურცილავა, გიორგი გურეშიძე, გოგიაშვილი
ზესტაფონი
55. დაუშვილი - გორგიაშვილი
59. აფციაური - ბაბუნაშვილი
77. ძარია - ფიფია
სათადარიგოები: მამალაძე, კობახიძე, გ. მიქაბერიძე, ცხადაია
გაფრთხილება: მაისაშვილი (34), ძარია (50), ხიდეშელი (52), მაისაშვილი (58), ბენაშვილი (67)
გაძევება: მაისაშვილი (58)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"