ასეა თუ ისე, გია გეგუჩაძის გუნდმა ზედიზედ მეორე პრინციპული დაპირისპირება მოიგო და, რაც მთავარია, "ტორპედოს" თამაშის ხარისხიც (განსაკუთრებით, მეორე ტაიმში) აღნიშვნის ღირსია.
მეორე ტაიმი შემთხვევით არ გვიხსენებია: მატჩის ბოლო 30 წუთი მოედანზე, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა! უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მეორე გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები მარცხს შეეგუენ, სტუმრები კი, პირიქით -
არადა, პირველ ტაიმში რუსთაველებს ჰქონდათ გოლის გატანის შანსი (თანაც - ორჯერ), აქტიურობაც არ დაეწუნებოდათ, მაგრამ...
...მატჩის საწყისი წუთები სტუმართა ტერიტორიული უპირატესობით აღინიშნა, თუმცა "მეტალურგის" პირველივე შეტევა ერთობ სახიფათო გამოდგა: ირაკლი მაისურაძის წამოწყებული კომბინაცია დიმიტრი ტატანაშვილმა გააგრძელა; აი, გიორგი თექთურმანიძის საბოლოო დარტყმა კი არაზუსტი აღმოჩნდა.
ბევრად უფრო ხელსაყრელი მომენტი შეექმნა "მეტალურგის" ნახევარმცველ გიორგი ქავთარაძეს, რომელიც გიორგი თექთურმანიძის მართლაც ჩინებული პასის მერე სტუმართა მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ რატომღაც მახვილ კუთხეს დაუმიზნა ბურთი.
ტაიმის ბოლომდე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა: მასპინძელთა შორის გარემარბები (თექთურმანიძე, მაისურაძე) აქტიურობდნენ; აი, "ტორპედომ" კი "მეტალურგის" კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა და იმ ეპიზოდშიც ივან ჰოსმანს ბურთის ხელში აღება არ გასჭირვებია.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ სტუმართა მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძეს ყველაფერი კარგად ჰქონდა გათვლილი და შესვენების შემდეგ აბსოლუტურად განსხვავებული გუნდიც ვიხილეთ.
ჯერ იყო, ნიკა საბანაძემ ურთულესი მდგომარეობიდან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მცირეოდენ არაზუსტად; აი, მომდევნო ეპიზოდი კი მასპინძელთათვის უსიამოვნოდ დამთავრდა: მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური გიორგი ბერიაშვილის წინააღმდეგ "მეტალურგის" მცველებმა თამაშის წესი საკუთარ საჯარიმოში დაარღვიეს და არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი უყოყმანოდ დანიშნა. 11-მეტრიანი კი უნაკლოდ გიორგი კუხიანიძემ (ამ შეხვედრის კიდევ ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ) შეასრულა.
ამ გოლის მერე სტუმრების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა და "მეტალურგის" კართან მომენტი მომენტს ცვლიდა. გრიგოლ დოლიძის ეშმაკური დარტყმა მასპინძელთა მეკარემ მოიგერია, საბანაძის აქტიურობით მოპოვებული კუთხურის მერე კი "მეტალურგის" მცველებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოდან ვერაფრით გამოიტანეს და ყველაფერი საბოლოოდ ზაზა ჭელიძის ზუსტი დარტყმით დამთავრდა.
მართალია, მეორე გოლამდე "მეტალურგმა" ორი მწვავე კონტრშეტევა განახორციელა (რევაზ გეწაძის "მოჭრილი" დარტყმა ომარ მიგინეიშვილმა მოიგერია, დიმიტრი ტატანაშვილის დარტყმა კი მცირეოდენ არაზუსტი აღმოჩნდა), მაგრამ მოედანზე არსებული "სურათი" არ შეცვლილა.
მასპინძელთა თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა შეცვლებით სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ შედეგი ვერც ამან გამოიღო; უფრო პირიქით მოხდა: სტუმრები მოედანზე დომინირებას აგრძელებდნენ და გიორგი კუხიანიძის ჩინებული შორეული პასის მერე გიორგი ბერიაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა მეკარესთან პირისპირ გასვლა.
შემდეგ კი ვალერი ბოლქვაძის ჯერიც დადგა: ნიჭიერმა ნახევარმცველმა ( ამ მატჩში ცენტრფორვარდად რომ ვიხილეთ!) ჯერ ეფექტური დარტყმით სცადა საშუალო მანძილიდან ბურთის მეკარისათვის თავზე გადაგდება, მაგრამ მასპინძლები ხარიხამ გადაარჩინა;
თუმცა ბოლქვაძეს აქტიურობა მაინც დაუფასდა: "მეტალურგის" უკანახაზელთა მორიგი შეცდომით ჩინებულად ისარგებლა და ივან ჰოსმანს შანსი არ დაუტოვა!
საქართველოს პრემიერლიგა. IV ტური
02. 09. რუსთავი. ფოლადი. 1000 მაყურებელი
მეტალურგი-ტორპედო 0:4
გოლები: 0:1 კუხიანიძე (49, პენალტით), 0:2 ზ. ჭელიძე (62), 0:3 ბერიაშვილი (68, პასით), 0:4 ვ. ბოლქვაძე (86).
მეტალურგი (4-1-3-1) ტორპედო (4-1-3-2)
ჰოსმანი მიგინეიშვილი
გავაშელიშვილი რიგვავა
მახვილაძე კვახაძე
ინწკირველი ზ. ჭელიძე
სუხიაშვილი გ. გურული
რაზმაძე გ. დათუნაიშვილი
განუგრავა დოლიძე
თექთურმანიძე კუხიანიძე
ქავთარაძე ე. გრიგალაშვილი
ი. მაისურაძე საბანაძე
ტატანაშვილი ბერიაშვილი
მწვრთნელები:
კ. ჟორჟიკაშვილი გ. გეგუჩაძე
მეტალურგი
46. გეწაძე - ქავთარაძე
55. გ. მიქაბერიძე - ინწკირველი
71. დ. ჯანელიძე - მაისურაძე
სათადარიგოები: ბათიაშვილი, დობროვოლსკი, ჯაფარიძე, სიხარულიძე
ტორპედო
62. ფირცხალავა - გრიგალაშვილი
64. გიგაური - დოლიძე
72. ვ. ბოლქვაძე - ბერიაშვილი
სათადარიგოები: ქვილითაია, ტაბატაძე, ტუღუში, ფანცულაია
გაფრთხილება:
რაზმაძე (13), გრიგალაშვილი (27), თექთურმანიძე (32), კვახაძე (69), საბანაძე (83)
არბიტრი: გ. ვადაჭკორია
ტურის სხვა მატჩები
სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1 - ვეტერინარული პრესინგი
ზესტაფონი-დინამო(ბთ) 0:0 - მოჯადოებული კარები
მერანი-ჩიხურა 1:0 - კარგად ნაცნობი მარტვილური სურათი
დინამო-კოლხეთი 5:0 - სწრაფი გოლი და გასეირნება
03.09. განმუხური. 16:00
ზუგდიდი-დილა
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | დინამო (თბ) | 4 | 4 | 0 | 0 | 12-2 | 12 |
2. | ტორპედო | 4 | 3 | 0 | 1 | 8-3 | 9 |
3. | ჩიხურა | 4 | 3 | 0 | 1 | 6-3 | 9 |
4. | მერანი | 4 | 2 | 0 | 2 | 3-4 | 6 |
5. | მეტალურგი | 4 | 2 | 0 | 2 | 2-5 | 6 |
6. | სიონი | 4 | 1 | 3 | 0 | 6-5 | 6 |
7. | ზუგდიდი | 3 | 1 | 1 | 1 | 3-2 | 4 |
8. | ზესტაფონი | 4 | 1 | 1 | 2 | 3-3 | 4 |
9. | ვიტ ჯორჯია | 4 | 1 | 1 | 2 | 2-3 | 4 |
10. | დინამო (ბთ) | 4 | 0 | 2 | 2 | 2-7 | 2 |
11. | კოლხეთი | 4 | 0 | 2 | 2 | 1-8 | 2 |
12. | დილა | 3 | 0 | 0 | 3 | 4-7 | 0 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"