სტაბილური და არასტაბილური გარემო საქართველოს ჩემპიონატში

AutoSharing Option
...ბარაქალა ჩვენს ფეხბურთელებს: 24 დღის განმავლობაში ექვს-ექვსი მატჩის ჩატარებას ეხუმრებით? თანაც, იმასაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როგორ საფარზე თამაშობ, - ჩვენს გავერანებულ მოედნებზე, ყოველ მესამე-მეოთხე დღეს ოფიციალურ შეხვედრას რომ ჩაატარებ, ესე იგი, მართლაც... შესაშური ფიზიკური კონდიციები ჰქონიათ; აქედან გამომდინარე, იმედია, არავინ შემოგვედავება იმაში, რომ ჩვენმა ფეხბურთელებმა "გამძლეობის" ტესტი", შეძლებისდაგვარად კი არა, ბევრად უფრო უკეთ "ჩააბარეს"!

 


... IX ტურის შეხვედრებით ჩემპონატის პირველი წრეც დამთავრდა და, სულ მცირე, 2 კვირის განმავლობაში სატურნირო ცხრილიც "ხელუხლებელი" იქნება. თუმცა, ისე როგორ უნდა ყოფილიყო, გასულ ტურს ცხრილში

კორექტივები არ შეეტანა? ჰო, ასეა - ზედიზედ 3 ტურია, ათიდან ცხრა გუნდი "ადგილმონაცვლეობს" და ზემოდან-ქვემოთ (ან, პირიქით) "ჩადიან და ამოდიან". სამაგიეროდ, ერთადერთი გუნდი შესაშური სტაბილურობით აგრძელებს ასპარეზობას და ზედიზედ 3 ტურია, სატურნირო ცხრილში მყარად უკავია "საკუთარი" ადგილი - "ზესტაფონი" ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი და შესაბამისად, პირველი წრის გამარჯვებულია!
თუმცა განვლილ ტურში სხვაც არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა: აშკარად ფორმაში შესულმა ზოგიერთმა ფეხბურთელმა კვლავაც ჩინებულად იასპარეზა, ზოგან ნავსი გატყდა, ერთი-ორი სენსაციაც გამოერია და, რაც მთავარია, სამწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" დაპირისპირება შედგა!..


იმერული ესკიზები

როგორც უმრავლეს შემთხვევებში, ტური ამჯერადაც ორ დღეზე იყო "გაწერილი" და ჩვენს მიმოხილვასაც, შაბათის მატჩებით დავიწყებთ. ტურის პირველი შეხვედრა რუსთავში ჩატარდა და ქვემო ქართლში 5 დღის განმავლობაში "ზესტაფონის" მეორე ვიზიტი კვლავაც წარმატებული გამოდგა! საერთოდაც, გია გეგუჩაძის გუნდის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება (აქედან, სამი - სტუმრად) და, ამავდროულად, კონკურენტების არასტაბილურად ასპარეზობამ, "ზესტაფონის" საჩემპიონო ამბიციები კიდევ უფრო გაზარდა.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით მხოლოდ პირველი წრეა გავლილი, მაგრამ ამ ეტაპზე "ზესტაფონი" რომ ყველაზე უკეთესად გამოიყურება, ვფიქრობთ, არავინ შეგვეკამათება. ერთპიროვნულმა ლიდერმა თავისი სიძლიერე "ვიტ ჯორჯიასთან" მატჩშიც დაადასტურა. არადა, "ზესტაფონს" ბოლო დროს მეტად უჭირდა "ვეტერინარებთან" პაექრობა - სტუმრად უკანასკნელად 4 წლის წინათ ჰყავდა დამარცხებული. და აი, ამხელა პაუზის მერე "ზესტაფონმა" თავის უხერხულ მეტოქესთან ლოგიკური გამარჯვება მოიპოვა და ერთგული ქომაგებიც გაახარა.

სხვათა შორის, ამ სეზონში "ფოლადის" სტადიონზე სტუმრად ჩამოსული რამდენიმე გუნდის გულშემატკივრები გვინახავს, მაგრამ ხალმხრავლობით, ორგანიზებულობით და საერთოდ, ჭეშმარიტი ქომაგობით "ზესტაფონის" ფანებს ჯერჯერობით კონკურენციას ვერავინ უწევს. ჰოდა, ასეთ გულშემატკივრებს "შესაბამისი" განწყობაც სჭირდებათ და გია გეგუჩაძის გუნდმაც ყოველივე ეს მშვენივრად მოახერხა. "ზესტაფონს" ერთობ დაბალანსებული შემადგენლობა ჰყავს და, ფაქტობრივად, ყველა რგოლში ერთი-მეორეზე უკეთესი ლიდერებითაც თავს იწონებს. აბა, კარში როინ კვასხვაძე რომ იდგება, დაცვის ცენტრში გიორგი ონიანი-გიორგი ხიდეშელის "დუეტი"; მობილურ შუახაზზე ხომ ზედმეტია საუბარი: ახალგაზრდა ბუბა დაუშვილის პროგრესიც აშკარაა და გამოცდილი თორნიკე აფციაურის საფეხბურთო "გემოვნებაც".

აი, თავდასხმა კი "ზესტაფონს", ალბათ, ყველა დანარჩენი გუნდებისგან განსხვავებით, მართლაც გამორჩეული ჰყავს: ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილს ნებისმიერი კონკრეტული მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლიათ. ისე, აუგს ვერც "ვეტერინარებზე" ვიტყვით: ვიდრე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩებოდნენ (ორი გაფრთხილებისათვის დავით მაისაშვილი გააძევეს), თითქმის თანაბრად ეთამაშებოდნენ ერთპიროვნულ ლიდერს. ამას გარდა, აშკარად "ფორმააკრეფილ" ახალგაზრდა ფორვარდს ბესიკ ჩიმაკაძეს ზედიზედ მეორე მატჩია მეტოქის კარში გოლი გააქვს და... ზედიზედ მეორედ არ უთვლიან...

..."ქართული ელ კლასიკო" სამწლიანი პაუზის მერე დაბრუნდა! თან, "დაბრუნებასაც" ხომ გააჩნია: "ტორპედოსა" და "დინამოს" მატჩს ქუთაისში 11000 გულშემატკივარი დაესწრო! აბა, გაიხსენეთ, როდის იყო ბოლოს ასეთი აუდიტორია საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე? სამწუხაროდ, მართლაც გულსატკენია, ძველი მეტოქეების დაპირისპირება ტელევიზიით რომ არ გადაიცემებოდა. თუმცა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ მხრივ გარკვეული ძვრები უკვე არის და სავარაუდოდ, მეორე წრიდან ტურის ცენტრალური მატჩების პირდაპირ ტრანსლაციებს კვლავაც ვიხილავთ.

..."ტორპედო"-"დინამოს" შეხვედრა, თვითმხილველთა თქმით, უაღრესად დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. თანაც, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და, რაც მთავარია, გულშემატკივრებმა ორივე გუნდის ფეხბურთელთა უაღრესად მონდომებული და მოტივირებული ასპარეზობა იხილეს. ასეთი პრინციპული მეტოქეების დაპირისპირებას მცირე ვნებათაღელვაც ახლდა (აბა, სხვანაირად ხომ ვერც იქნებოდა): ტრიბუნიდან ბოთლი ისროლეს, ორივე გუნდის ფანებს შორის მცირე შეხლა-შემოხლაც მოხდა, მაგრამ რაიმე სერიოზულ ექსცესებამდე საქმე აღარ მისულა.

საბოლოოდ კი, მატჩი ლოგიკური საყაიმო ანგარიშით დასრულდა და შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელებიც (კახა კაჭარავა, გია გიგატაძე) ამ აზრის იყვნენ. სხვათა შორის, გიგატაძის ხელმძღვანელობით "ტორპედომ" ბოლო ორ შეხვედრაში 4 ქულა მოაგროვა და, რაც მთავარია, ამ გუნდისთვის შეუფერებელ... ბოლო ადგილსაც დაცილდა. არც ის დღეა შორს, ეს გუნდი ერთგულ ქომაგებს პირველი საშინაო გამარჯვებით რომ გაახარებს...


როცა ღარიბები ხარობენ...

ჩემპიონატის დაწყებიდან არ წყდება საუბარი "სამტრედიის" ფინანსური პრობლემების შესახებ; სამწუხაროდ, ტური-ტურს "მისდევს", მაგრამ ამ მართლაც საინტერესო გუნდს სპონსორი ვერა და ვერ გამოუჩნდა; არადა, ასეთ პირობებში როგორი საქმეა გუნდს შედეგი მოთხოვო: ფეხბურთელს ელემენტარული პირობები თუ არ შეუქმენი, მეტოქის ტაქტიკა-სტრატეგია რაში უნდა აინტერესებდეს.
თუმცა ჩვენთან, ხშირ შემთხვევაში, წინა პლანზე მონდომება და მოტივაცია გამოდის; ანუ, ფინანსურად შეჭირვებულმა გუნდმა თავისზე ბევრად შეძლებულ (უფრო ზუსტად, უპრობლემო) მეტოქეს რომ აჯობოს, უკვე აღარ უნდა გაგვიკვირდეს. სწორედ ასე მოხდა "სამტრედია"-"ბაიას" შეხვედრაშიც: ზემოთნახსენები ყველა პირობის გათვალისწინებით სტუმრები რომ მიიჩნეოდნენ ამ წყვილის ფავორიტად; აღარაფერს ვამბობთ ადამიანურ რესურსზე: "ბაიას" რომ შემადგენლობა ჰყავს, უმაღლეს ლიგაში ერთი-ორი გუნდი თუ შეედრება. ყოველივე ამის მიუხედავად, ახალგაზრდა მწვრთნელის გელა სანაიას შეგირდებმა ერთგულ ქომაგებს მშვენიერი სიურპრიზი მიუძღვნეს და ერთი-მეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული "ბაია" დაამარცხეს.

აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა მწვრთნელმა ეფექტიანი შეცვლები გააკეთა: "ბაიას" კარში მეორე და მესამე გოლი შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა (პაატა ბაკარანძე, დავით კირკიტაძე) გაიტანეს. სხვათა შორის, 18 წლის დავით კირკიტაძისათვის უმაღლეს ლიგაში სადებიუო გოლი იყო...

... ფინანსურად არც "კოლხეთს" ულხინს; ეგ კი არა, ეს ფაქტი მხოლოდ ახლახან გახმოვანდა (სხვა გაჭირვებული გუნდის მდგომარეობისაგან განსხვავებით), მაგრამ "კოლხეთის" მწვრთნელ-ფეხუბრთელთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კლუბის ფინანსური შეჭირვება გუნდის შედეგზე არ ასახულა. შედეგი კი შემთხვევით მართლაც არ გვიხსენებია: პირველი წრის შემდეგ ბესიკ შეროზიას გუნდი საპატიო IV ადგილზე იმყოფება! თანაც, ბოლო ტურში "კოლხეთის" გამარჯვებას ვერც ის ფაქტი დააკნინებდა, მეტოქედ რომ ერთ-ერთი აუტსაიდერი ჰყავდა.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, "სპარტაკისათვის" თითოეულ მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ახალ მთავარ მწვრთნელს ბადრი კვარაცხელიას სერიოზული სამუშაოც მოუწევს გუნდის კრიზისული მდგომარეობის გამოსაყვანად. სხვათა შორის, ამ შეხვედრაში სტუმარ-მასპინძელმა დისკვალიფიკაციების გამო წამყვანი ფეხბურთელები მოისაკლისეს.

ეგ კი არა, "სპარტაკის" შემადგენლობაში ერთდროულად 5 დებიუტანტიც გამოჩნდა, მაგრამ სტუმრებმა ქულის წამოღება მაინც ვერ შეძლეს. სამწუხაროდ, ამ შეხვედრას უექსცესოდ არ ჩაუვლია: სტუმართა აზრით, მსაჯებმა მიკერძოებით იმსაჯეს და ყოველივე ამან მატჩის საბოლოო შედეგზეც იქონია გავლენა.


თაობათა ბრძოლა

ახალ ჩემპიონატში ერთი-ორი შემთხვევა თუ იყო, ტურს უსენსაციოდ რომ ჩაევლოს; ახლაც ვნახეთ კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგით დასრულებული მატჩი: ქვემოქართლურ "დერბიში" ბოლნისის "სიონმა" ქვეყნის ჩემპიონს რუსთავის "ოლიმპს" მოუგო! "ოლიმპის" არასტაბილურად ასპარეზობაში ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გუნდმა ბოლო სამი შეხვედრიდან 2 წააგო; გასაგებია, რომ ჯერჯერობით მხოლოდ პირველი წრეა ჩატარებული, მაგრამ ერთპიროვნულ ლიდერთან 5-ქულიანი ჩამორჩენაც, არა გვგონია, რუსთავული კლუბის ხელმძღვანელებს ძალზე სიამოვნებდეთ.

ერთი საინტერესო ფაქტიც: "სიონისა" და "ოლიმპის" ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში პირველად მოხდა, ბოლნისელებმა ქვემოქართლურ "დერბიში" საშინაო გამარჯვება რომ მოიპოვეს; უფრო მეტსაც ვიტყვით: წინა ჩატარებული 5 მატჩიდან ყველა შემთხვევაში გამარჯვებული... "ოლიმპი" ხდებოდა და აი, დებიუტანტი მწვრთნელის გიორგი ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სიონმა" ეს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვია. სხვათა შორის მწვრთნელების "დაუსწრებელ დუელზეც" უნდა ვთქვათ: გიორგი ყიფიანი (ისე როგორც გელა სანაია) უმაღლეს ლიგაში კოლეგებში ყველაზე ახალგაზრდაა, ხოლო "ოლიმპის" თავკაცი თემურ მახარაძე, პირიქით - ყველაზე უფროსი, თუმცა კოლეგებს შორის ასაკობრივი სხვაობა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო: ამ შეხვედრის თვითმხილველთა თქმით, "სიონმა" დამსახურებულად მოიგო და ყოველივე ეს გუნდის სამწვრთნელო შტაბთან ერთად, თითოეული ფეხბურთელის დამსახურებაც არის.

აი, "ოლიმპზე" კი, ცოტა არ იყოს, გვიჭირს გარკვეული დასკვნების გამოტანა. თუმცა, ის კი ფაქტია, რომ ქვეყნის ჩემპიონი და ამ სეზონის ერთ-ერთი ფავორიტი ბოლო სამ შეხვედრაში ორჯერ არ უნდა მარცხდებოდეს. "ოლიმპს" ვერც თემურ მახარაძის დაბრუნებამ უშველა - რუსთავული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა წინა ტური ხომ გამოტოვა. სხვათა შორის, წინა მატჩისგან განსხვავებით "ოლიმპის" ძირითადში რამდენიმე ცვლილებაც იყო: ძირითადში კვლავაც გამოჩნდნენ ალექსანდრე კვახაძე და ლუკა რაზმაძე, სამაგიეროდ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდა გიორგი ბერიაშვილი, ხოლო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი რევაზ გეწაძე ტრავმირებულია. თუმცა, "ოლიმპის" ბოლოდროინდელ ასპარეზობაში "ნათელი წერტილიც" მოიძებნება: ბოლო სამ შეხვედრაში უკვე მეხუთუ გოლი გაიტანა უკრაინიდან დაბრუნებულმა ირაკლი მოდებაძემ, გუშინ 26 წელი რომ შეუსრულდა...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეჰჰჰ ტორპედო დინამო ს ნაირი თამაშ იმედია კიდე ბევრი იქნება და დასწრება მიახლოებული მაინც.. რა თამაშI არ აჩვენენ.?! თამაშს ვინ ჩივის რა ატმოსფერო იყო და რა ბალელშIკობა რა სოილამაზე ევროპაშI მეგონა თავი
miriana
21:55 05-10-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული